შპს “პსპ-აფთიაქისთვის“ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 11, 2012
მიღების თარიღი მაისი 03, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (27.04.2012 N10/493-12) და შპს „პსპ-აფთიაქის“ შემოწმების საფუძველზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000180, შედგენილი 2012 წლის 26 აპრილს ქ.თბილისში, სადაც აღნიშნულია, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ ქ.თბილისში განხორციელდა მახათას მთაზე, შპს „ჰორიზონტის“ ანძაზე განთავსებული შპს „პსპ-აფთიაქის“ საჰაერო ინტერნეტ გადამცემის ფუნქციონირების შემოწმება, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ შპს „პსპ-აფთიაქი“ ულიცენზიოდ ან/და მინიჭების გარეშე იყენებს 5300 მჰც რადიოსიხშირეს.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე, კომისიამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „პსპ-აფთიაქისთვის“ ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2012 წლის 26 აპრილს, რომელიც კომისიას წარედგინა 2012 წლის 27 აპრილს; ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით ადმინისტრაციული წარმოება კომისიაში დაიწყო 2012 წლის 30 აპრილს, ხოლო, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2012 წლის 3 მაისის 16:00 საათი, რის შესახებაც შეტყობინებით (30.04.2012 N03/1028-12) ეცნობა შპს „პსპ-აფთიაქს“. მხარეს განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
შპს „პსპ აფთიაქს“ გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N000180 და ოქმზე თანდართული მტკიცებულებები); მხარეს ასევე განემარტა, რომ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2012 წლის 3 მაისის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „პსპ-აფთიაქის“ იურიდიული სამსახურის უფროსი მამუკა ბრეგვაძე, ქსელის ადმინისტრატორი მირიან მირგატიანი და კავშირგაბმულობის სპეციალისტი ვილიამ რევაზოვი, რომლებმაც კომისიის სხდომაზე აღნიშნეს, რომ სიხშირის გამოყენების ფაქტს მართლაც ჰქონდა ადგილი, თუმცა აღნიშნული გამოწვეული იყო კომპანიის საჰაერო ინტერნეტ გადამცემი სადგურის დაზიანებით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N000180 (26.04.2012) და თანდართული მტკიცებულებები;
2. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათები (27.04.2012 N10/493-12 და 30.04.2012 N10/499-12);
3. კომისიის მიერ შპს „პსპ-აფთიაქისთვის“ 2012 წლის 30 აპრილს გაგზავნილი შეტყობინება (N03/1028-12);
6. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
7. ამონაწერი კომისიის ავტორიზებული პირების უწყებრივი რეესტრიდან;
8. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტში დასაქმებული პირების ახსნა-განმარტებები;
9. შპს „პსპ-აფთიაქის“ მიერ 2012 წლის 27 აპრილს კომისიაში წარმოდგენილი წერილი N6/2200-12;
10. შპს „პსპ-აფთიაქის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებები;
კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000180 ოქმისა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არსებული მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ ქ.თბილისში განხორციელდა მახათას მთაზე, შპს „ჰორიზონტის“ ანძაზე განთავსებული შპს „პსპ-აფთიაქის“ საჰაერო ინტერნეტ გადამცემის ფუნქციონირების შემოწმება, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ შპს „პსპ აფთიაქი“ ულიცენზიოდ ან/და მინიჭების გარეშე იყენებს 5300 მჰც რადიოსიხშირეს. აღნიშნული დაფიქსირებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში N000180 (რომელსაც კომისიის მხრიდან ხელს აწერენ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი ინჟინერი - ნ.კონდოლელი, უფროსი ინჟინერი - გ.ქართველიშვილი და ტექნიკოსი - კ.მამისეიშვილი, ოქმი წარედგინა და ჩაბარდა შპს „პსპ-აფთიაქის“ კავშირგაბმულობის სპეციალისტს ვილიამ რევაზოვს) და აღნიშნულ ოქმზე თანდართულ სპექტროგრამაში, სადაც დაფიქსირებულია შპს „პსპ-აფთიაქის“ აპარატურის მუშაობა 5300 მჰც სიხშირეზე.
2. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ასევე წარმოდგენილია კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (30.04.2012 N10/499-12), სადაც აღნიშნულია, რომ შპს „პსპ-აფთიაქი“ მინიჭების გარეშე იყენებს რადიოსიხშირულ სპექტრს 5300 მჰც ინტერნეტ პროტოკოლის გამოყენებით წერტილი-მრავალწერტილი ტექნოლოგიით მონაცემთა გადაცემისთვის;
3. 2012 წლის 27 აპრილს კომისიას განცხადებით (N6/2200-12) მომართა შპს „პსპ აფთიაქმა“ სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიას ქ.თბილისში, მახათას მთაზე, შპს „ჰორიზონტის“ კუთვნილ ანძაზე განთავსებული აქვს საჰაერო ინტერნეტ გადამცემი სადგური, რომელიც მუშაობს 5800 მჰც სიხშირეზე, აღნიშნული არის თავისუფალი სიხშირე და არ ექვემდებარება ლიცენზირებას. 2012 წლის აპრილში გადამცემი სადგური დაზიანდა, რის შედეგადაც სადგურის მუშობა გადავიდა 5300 მჰც სიხშირეზე. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 5300 მგც სიხშირეზე მუშაობა გამოწვეული იყო მხოლოდ სადგურის მწყობრიდან გამოსვლით და კომპანიას არ ჰქონდა განზრახვა გამოეყენებინა ლიცენზირებას დაქვემდებარებული სიხშირე ულიცენზიოდ.
4. საქმის განხილვის სტადიაზე დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ ჰქონია პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს გათვალისწინებულს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე და 35-ე მუხლებით.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად კომისია აღნიშნავს შემდეგს:
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
2. „ელექტრონული კომუნიკაცების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით.
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
6. კომისია აღნიშნავს, რომ ვერ გაიზიარებს შპს „პსპ-აფთიაქის“ არგუმენტაციას, რომ კომპანიის მიერ 5300 მჰც სიხშირეებით სარგებლობა გამოწვეული იყო საჰაერო ინტერნეტ გადამცემი სადგურის დაზიანებით, ვინაიდან გადამცემი სადგურის დაზიანების ფაქტი ვერ იქნება მიჩნეული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებად, მითუმეტეს, რომ აღნიშნული დაზიანების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულებები ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დამრღვევი პირის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
გამომდინარე იქიდან, რომ შპს „პსპ-აფთიაქის“ მიერ 5300 მჰც რადიოსიხშირით სარგებლობა ხორციელდება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის ან/და ნებართვის გარეშე, რაც დადასტურებულია კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმებითა და შემოწმების შედეგად შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით N000180 და ოქმზე თანდართული მტკიცებულებებით, ასევე შპს „პსპ-აფთიაქის“ წარმომადგენლების მიერ კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებებით, შპს „პსპ-აფთიაქის“ მიერ განხორციელებული ქმედება წარმოადგენს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევას და შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას; კერძოდ, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ლიცენზიის ან/და ნებართვის გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობას, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „პსპ-აფთიაქის“ მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით; ამავე დროს, კომპანიას დაუყოვნებლივ უნდა აეკრძალოს შესაბამისი ლიცენზიის ან/და ნებართვის გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-მუხლის, 290-ე მუხლის, 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-13, მე-14, 15-ე, მე-16, 18-ე პუნქტების, 38-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. დაეკისროს ჯარიმა შპს „პსპ-აფთიაქს“ 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის;
2. უზრუნველყოს შპს ”პსპ-აფთიაქმა” წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა, წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900;
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;
- სახაზინო კოდი - 300773251;
3. უზრუნველყოს შპს ”პსპ-აფთიაქმა” ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
4. შპს „პსპ-აფთიაქმა“ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ლიცენზიის ან/და ნებართვის გარეშე 5300 მჰც რადიოსიხშირით სარგებლობა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ.ნინუა) აღნიშნული გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში გაგზავნა შპს ”პსპ-აფთიაქისთვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) 10 დღის ვადაში;
7. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „პსპ აფთიაქისთვის“ ჩაბარების დღიდან;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესარულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ი. მოსეშვილი
