კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 11, 2012
მიღების თარიღი მაისი 04, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (21.02.2012 N7/113-12) მიმართა შპს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებამ“ საკაბელო ქსელის და ტელესამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიების გაცემის თაობაზე.
შპს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ ითხოვს:
ა) ტელესამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზიას, რომლის სახეობა იქნება სპეციალიზებული (შემეცნებითი) მაუწყებლობა, ხოლო მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 18 საათი;
ბ) საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზიას, რომლის სახეობა იქნება სპეციალიზებული (შემეცნებითი) მაუწყებლობა, გეოგრაფიული ზონა - საქართველო, ხოლო მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 18 საათი;
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადება და ასევე თანდართული დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ, განცხადებაში დასაზუსტებელი იყო ლიცენზიის სახე და სახეობა, ამავე დროს არ იყო კომისიაში წარმოდგენილი სალიცენზიო მოსაკრებლის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთები და შესაბამისობის დეკლარაცია, კომისიამ შპს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებას“ განცხადებაზე 2012 წლის 19 მარტს და 2012 წლის 2 აპრილს დაადგინა ხარვეზები, რომლებიც შპს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ მიერ აღმოფხვრილ იქნა.
ზემოაღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ, საკაბელო ქსელის და ტელესამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო სპეციალიზებული (შემეცნებითი) მაუწყებლობის ლიცენზიების მიღების თაობაზე შპს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია შეესაბამებოდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კერძოდ, შპს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია:
1. ლიცენზიის მაძიებლის განცხადებები, რომლებიც აკმაყოფილებენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლის მე–2 პუნქტის მოთხოვნებს;
2. სალიცენზიო მოსაკრებლის (2000.00 ლარი) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი თითოეული ლიცენზიისთვის (ჯამში - 4000 ლარი);
3. სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
4. შესაბამისობის დეკლარაცია.
ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მაძიებლის, შპს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში მითითებულია პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა - ლიცენზიის გაცემიდან 12 თვე.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის N1/1/468 გადაწყვეტილების შესაბამისად არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის სიტყვების “ლიცენზიის მფლობელი” ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადგენს საკაბელო ქსელის საშუალებით მაუწყებლის ლიცენზირების ვალდებულებას და ასევე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვები „საკაბელო ქსელის“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო მაუწყებლობის განხორციელება აღარ ექვემდებარება ლიცენზირებას და შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ არ უნდა დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებისთვის“ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო სპეციალიზებული (შემეცნებითი) ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე. ამასთან, შპს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებას“ უნდა განემარტოს, რომ
1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, თუ კონკრეტული საქმიანობა ან ქმედება, რომელზედაც გაიცემოდა ლიცენზია, ამ კანონით აღარ რეგულირდება, არავის აღარ აქვს უფლება მოითხოვოს ამ საქმიანობის ან ქმედების განხორციელებისათვის ლიცენზია.
2. მას უფლება აქვს მიმართოს სახელმწიფო ხაზინას და მოითხოვოს მის მიერ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის აღების მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტში სალიცენზიო მოსაკრებლის სახით გადახდილი 2000 ლარის უკან დაბრუნება.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38–ე მუხლის შესაბამისად, კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს. კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის, ხოლო საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობა ხორციელდება ტელე ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების ან სამაუწყებლო გადამცემების მეშვეობით, სიხშირული სპექტრის გამოყენებით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, კომისია მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიებს გასცემს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს შპს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებისთვის“ ტელესამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო სპეციალიზებული (შემეცნებითი) მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დამაბრკოლებელი გარემოებები, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებისთვის“ ტელესამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო სპეციალიზებული (შემეცნებითი) ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 11 აპრილის N4/1/468 გადაწყვეტილების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371-ე, 38-ე და 41–ე მუხლებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებისთვის“ ტელესამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო სპეციალიზებული (შემეცნებითი) ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2012 წლის 4 ივნისს 16.00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილებების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებისთვის“ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო სპეციალიზებული (შემეცნებითი) მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით;
4. განემარტოს შპს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებას“, რომ:
ა) საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო მაუწყებლობა აღარ ექვემდებარება ლიცენზირებას და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, არავის აღარ აქვს უფლება მოითხოვოს ამ საქმიანობის ან ქმედების განხორციელებისათვის ლიცენზია.
ბ) მას უფლება აქვს მიმართოს სახელმწიფო ხაზინას და მოითხოვოს მის მიერ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის აღების მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტში სალიცენზიო მოსაკრებლის სახით გადახდილი 2000 ლარის უკან დაბრუნება.
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებისთვის“ გაგზავნა (მ.ნინუა);
6. გადაწყვეტილების პირველი და მე-2 პუნქტი ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
7. გადაწყვეტილება (პირველი და მე-2 პუნქტების გარდა) შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
