წვდომის მენიუ

შპს ,,მობიტელისთვის“ შპს ,,მაიფონთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 343 / 16

გამოქვეყნების თარიღი მაისი 18, 2012

მიღების თარიღი მაისი 08, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია  (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (12.04.2012 N6/1833-12) მომართა შპს ,,მობიტელმა“ და   ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მოითხოვა შპს ,,მაიფონთან“ გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე კომისიის თანხმობა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ კომპანიას შპს „მობიტელის“ მიმართ ერიცხებათ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფინანსური დავალიანება.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მობიტელის“ განცხადების საფუძველზე კომისიაში დაიწყო  მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „მობიტელისთვის“ შპს ,,მაიფონთან“ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების შეჩერებაზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით; საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 1 მაისს 16:00 საათზე, რის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ინტერნეტ ვებ-გვერდზე და წერილობითი შეტყობინებით ეცნობათ შპს ,,მობიტელს” (24.04.2012 N03/987-12) და შპს „მაიფონს“ (24.04.2012 N03/986-12), შპს „მაიფონს“ ასევე შესაბამისი ახსნა-განმარტების წარმოდგენის მიზნით  გადაეგზავნათ შპს ,,მობიტელის” განცხადებისა და თანდართულ დოკუმენტაციის ასლები და ეთხოვა შესაბამისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა 2012 წლის 30 აპრილამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 1 მაისის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „მაიფონის“ წარმომადგენელი და საკითხის განხილვა გადაიდო 2012 წლის 8 მაისის 16:00 საათისთვის, რის თაობაზედაც შპს „მაიფონს“ გაეგზავნა განმეორებითი შეტყობინება (02.05.2012 N03/1069-12) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2012 წლის 8 მაისის სხდომზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „მობიტელის“ წარმომადგენელი ი.ესართია. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადებულა შპს „მაიფონის“ წარმომადგენელი.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. კომისიამ, იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილიყო შპს „მაიფონის“, როგორც დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, 2012 წლის 1 მაისის სხდომაზე გადადო საკითხის განხილვა და 2012 წლის 2 მაისს განმეორებითი შეტყობინება (N03/1069-12) გაუგზავნა შპს „მაიფონს“  და იგი მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად; შპს „სმარტექსიდან“ მიღებული შეტყობინების შესაბამისად (N1572), შპს „მაიფონს“ ჩაბარდა აღნიშნული შეტყობინება 2012 წლის 3 მაისს (შეტყობინებაზე ხელს აწერს შპს „მაიფონის“ მენეჯერი ნინო კობახიძე); გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნები დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხო შპს „მაიფონის“ დაუსწრებლად. 

კომისიის სხდომაზე კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1. შპს „მობიტელის“ განცხადება (12.04.2012 N6/1833-12);

2. შპს „მობიტელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ურთიერთჩართვის ხელშეკრულება გაფორმებული შპს „მაიფონთან“;

3. შპს „მობიტელის“ მიერ შპს „მაიფონისთვის“ გაგზავნილი წერილი N640/11  24.10.2011;

4. კომისიის სხდომაზე შპს „მობიტელის“ წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი შპს „მაიფონის“ დავალიანების დადასტურების დოკუმენტი ხელმოწერილი შპს „მაიფონის“ დირექტორის მიერ.

5. კომისიის სხდომაზე შპს „მობიტელის“ წარმომადგენლის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებები;

6. ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

7. ამონაწერები კომისიის ავტორიზებული პირების უწყებრივი რეესტრიდან.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად კომისიამ გამოარკვია შემდეგი გარემოებები:

1. შპს ,,მობიტელსა” და შპს ,,მაიფონს” შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული ურთიერთობები  წესრიგდება მხარეებს შორის  2010 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით N966/10, რომელიც შპს „მობიტელის“ განმარტებით დღეის მდგომარეობით მოქმედ ხელშეკრულებას წარმოადგენს; 

2. კომისიაში შპს ,,მობიტელის” მიერ წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „მაიფონი“ არ ასრულებს შპს „მობიტელსა“ და შპს „მაიფონს“ შორის 2010 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებს და კომპანიას შპს „მობიტელის“ მიმართ  2012 წლის აპრილის თვის მდგომარეობით გააჩნია ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 18,085.48 (თვრამეტი ათას ოთხმოცდახუთი ლარი და ორმოცდარვა თეთრი). განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2011 წლის 24 ოქტომბერს შპს „მობიტელმა“ წერილით N640/11 მიმართა შპს „მაიფონს“ და იმ პერიოდისთვის ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 9889.08 (ცხრა ათას რვაას ოთხმოცდარვა ლარი და რვა თეთრი) ლარის დასაფარად მისცა 1 კვირის ვადა, მაგრამ შპს „მაიფონის“ მიერ აღნიშნული დავალიანება დაფარვა არ განხორციელდა.

3. შპს „მობიტელის“ წარმომადგენელმა კომისიის სხდომაზე დააზუსტა მოთხოვნა, კერძოდ  წარმოადგინა დავალიანების დადასტურების დოკუმენტი, რომელიც ხელმოწერილია შპს „მაიფონის“ დირექტორის ქეთევან ქოჩლაძის მიერ და რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „მაიფონს“ შპს „მობიტელის“ მიმართ 2012 წლის 31 მარტის მდგომარეობით გააჩნია ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 19,890.16 (ცხრამეტი ათას რვაას ოთხმოცდაათი ლარი და თექვსმეტი თეთრი) ლარი.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „მაიფონს“ 2012 წლის 31 მარტის მდგომარეობით შპს „მობიტელის“ მიმართ გააჩნია ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 19,890.16 (ცხრამეტი ათას რვაას ოთხმოცდაათი ლარი და თექვსმეტი თეთრი) ლარის ოდენობით, კომისიას მიაჩნია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, შპს „მაიფონს“ უნდა მიეცეს ვადა 10 კალენდარული დღის ოდენობით, შპს „მობიტელთან“ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფინანსური დავალიანების დაფარვის მიზნით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კომპანიის მიერ კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ განხორციელდება დავალაინების დაფარვა,  შპს ,,მობიტელს” უნდა მიეცეს თანხმობა შშპს „მაიფონთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის   შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „მაიფონს“, შპს „მობიტელის“ მიმართ ურთიერთჩარვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 19,890.16 (ცხრამეტი ათას რვაას ოთხმოცდაათი ლარი და თექვსმეტი თეთრი) ლარის დასაფარად მიეცეს ვადა 10 კალენდარული  დღის ოდენობით;

2. შპს ,,მაიფონის” მიერ  წინამდებარე გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნული, ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებების  სრულად არ დაფარვის ან დავალიანების გაზრდის  შემთხვევაში,  შპს ,,მობიტელს” მიეცეს თანხმობა შპს ,,მაიფონთან” მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე დავალიანების სრულად დაფარვამდე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ.ნინუა) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,მაიფონისა“ და შპს ,,მობიტელისთვის” გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,მაიფონისა“ და შპს ,,მობიტელისთვის”  ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;

6.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                      ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                      კ.კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                  ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები