შპს ტელეკომპანია „დიას“ კერძო მაუწყებლობის №B31 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №832/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 24, 2012
მიღების თარიღი მაისი 18, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ტელეკომპანია „დიამ“ (№7/282-12, 25.04.2012), კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B31 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, შპს ტელეკომპანია „დია“ ითხოვს კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების იმგვარ ცვლილებას, რომ კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა კერძო მაუწყებლობის №B31 ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით გაავრცელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №832/6 გადაწყვეტილების საფუძველზე შპს ტელეკომპანია „დია“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B31 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 31 დეკემბრამდე;
მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა მე-11 სატელევიზიო არხზე 10 ვტ-ის სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. ხაშური და მიმდებარე ტერიტორია;
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს. კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის, ხოლო რაც შეეხება მაუწყებლობის განხორციელების ტექნიკურ პარამეტრებს, საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობა ხორციელდება ტელე- ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების ან სამაუწყებლო გადამცემების მეშვეობით, სიხშირული სპექტრის გამოყენებით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისად, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელეკომპანია „დიას“ კერძო მაუწყებლობის №B31 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა, ვინაიდან, შპს ტელეკომპანია „დიას“ მოთხოვნის საფუძველზე, ლიცენზიის მოდიფიცირების შემდეგ, ლიცენზიის მფლობელი უზრუნველყოფს უკვე არსებული ლიცენზიის ფარგლებში გაწეული სამაუწყებლო საქმიანობის მომხმარებლისათვის მიწოდებას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც, სიხშირული სპექტრის გამოყენებით ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილების გარეშე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევა: კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ტელეკომპანია „დიას“ კერძო მაუწყებლობის №B31 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №832/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2012 წლის 15 ივნისს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარმოდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ტელეკომპანია „დიასთვის“ გაგზავნა (მ. ნინუა);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
