წვდომის მენიუ

შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ

ნომერი: 366 / 12

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 12, 2012

მიღების თარიღი მაისი 18, 2012

                საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2012 წლის 4 იანვარს №12/002-1 წერილით მიმართა შპს „მაგთიკომმა“  და მოითხოვა კომისიის 2011 წლის 25 იანვრის №26/9 გადაწყვეტილებით დადგენილი ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების)  ზედა ზღვრული ტარიფის 10 თეთრამდე გაზრდა.

                აღნიშნული საკითხის შესწავლის მიზნით კომისიის მიერ 2012 წლის 13 იანვარის №08/70-12 წერილით შპს „მაგთიკომისაგან“  გამოთხოვილი იქნა ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) ტარიფის  გაანგარიშება ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების შესახებ” კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილების შესაბამისად.

                კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიაში არ იქნა წარმოდგენილი ზემოაღნიშნული წერილით გამოთხოვილი ინფორმაცია, კომისიამ განმეორებით მიმართა შპს „მაგთიკომს“  2012 წლის 10 თებერვლის  №08/335-12  წერილით და მოითხოვა  აღნიშნული გაანგარიშების წარმოდგენა.

შპს „მაგთიკომმა“  2012 წლის 16 თებერვლის  №12/032-3 წერილით კომისიაში წარმოადგინა მონაცემები ხარჯების, აქტივების და ტრაფიკის შესახებ 2010-2011 წლების მიხედვით და ძირითადი საკომუნიკაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) ტარიფის გაანგარიშების მოდელი.

კომისიის მიერ შეწავლილი იქნა ზემოაღნიშნული  დანახარჯების განაწილების მოდელი და მისი შესაბამისობა კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესებთან” და კომისიის 2012 წლის 19 მარტის №08/686-12  წერილით ეცნობა შპს „მაგთიკომს“, რომ დანახარჯების გაანგარიშების მოდელი არ შეესაბამებოდა კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიურ წესებს”.  შესაბამისად, კომისიამ მოსთხოვა შპს „მაგთიკომს“ ინფორმაციის სრულყოფილი სახით წარმოდგენა. კერძოდ, შპს „მაგთიკომს“ გაანგარიშება უნდა წარმოედგინა 2011 წლის ფაქტიური მონაცემების გათვალისწინებით და  ხარჯების განაწილების მოდელში  დეტალურად უნდა ყოფილიყო ჩამოთვლილი შემდეგი სახის ინფორმაცია: ყველა ის გრძელვადიანი აქტივი (ძირითადი საშუალებები), რომელიც მონაწილეობას ღებულობდა კონკრეტული მომსახურების სახეზე ხარჯების განაწილების გაანგარიშებაში, აგრეთვე მითითებული უნდა ყოფილიყო აქტივის სიცოცხლის ხანგრძლივობის პერიოდი და შეძენის თარიღი.  ცალკე კატეგორიად უნდა გამოეყოთ ისეთი ძირითადი საშუალებები, რომლებიც არ მონაწილეობენ წარმოების პროცესში.  ასევე, ცალკე და დეტალურად უნდა აღეწერათ მოკლევადიანი აქტივების, კერძოდ - მარაგების, მოკლევადიანი მოთხოვნების, ფასიანი ქაღალდების და ფულის, მომსახურების სახეებზე განაწილება. დეტალურად უნდა ყოფილიყო ჩამოთვლილი და აღწერილი საოპერაციო დანახარჯები, მისი კონკრეტული მომსახურების სახეზე კუთვნილობა. ინფორმაციის წარმოდგენისას დაცული უნდა ყოფილიყო დანახარჯების განაწილების ეტაპები, ასევე საოპერაციო დანახარჯების კატეგორიებად დაჯგუფების მოთხოვნები; განმარტებული უნდა ყოფილიყო კონკრეტული საოპერაციო დანახარჯების და აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებული ხარჯების, მომსახურების ამა თუ იმ სახესთან სპეციფიური მიზეზობრივი კავშირი; ისეთი საერთო ხარჯები ან აქტივები, რომელთა მიკუთვნებაც კონკრეტული მომსახურების სახეზე ვერ მოხერხდებოდა  ანუ არ არსებობდა ლოგიკური კავშირი დახარჯულ რესურსებსა და გაწეულ მომსახურებას შორის, უნდა გამოყოფილიყო ცალკე, როგორც გაუნაწილებელი საერთო ხარჯები.

აგრეთვე,  კომპანიისაგან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია და შემდეგი დოკუმენტაციის ასლები:

ა)2010 და 2011 წლების ბალანსი (აუდიტის დამოწმებული);

ბ)2010 და 2011 წლების მოგების გადასახადის წლიური დეკლარაცია დანართებით;

გ)2010 და 2011 წლების მოგება–ზარალის ფორმა;

დ)2011 წლის განმავლობაში მოქმედი საშტატო განრიგი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია თანამშრომელთა რაოდენობა, თანამდებობები და ხელფასები;

ე)2010 და 2011 წლების საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები.

ვ)მონაცემები განხორციელებული ინვესტიციების  შესახებ, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების გაწევის დაწყების თარიღიდან დღემდე -  წლების მიხედვით.

შპს „მაგთიკომმა“  2012 წლის 30 მარტის  №12/062-5  წერილით წარმოუდგინა კომისიას დანახარჯების განაწილების მოდელი და  ინფორმაცია  ძირითადი საშუალებების შესახებ, 2010-2011 წლების ბალანსი და მოგება–ზარალის უწყისები (აუდიტის მიერ დამოწმებული და არააუდირებული), 2010-2011 წლების მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციები, 2010–2011 წლების მიხედვით განაცემებისა და დასაკავებელი გადასახადის შესახებ, კომპანიის თანამშრომელთა ჩამონათვალი თანამდებობების და ხელფასების მითითებით, ასევე ინფორმაცია განხორციელებული ინვესტიციების შესახებ (2005-2011წწ.).

კომისიაში წარმოდგენილი 2012 წლის 30 მარტის №12/062-5 წერილით, შპს „მაგთიკომმა“ მოითხოვა კომპანიის მიერ  წარმოდგენილი  ზემოაღნიშნული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.

კომისიამ 2012 წლის 2 აპრილის  №08/825-12  წერილით მიმართა შპს „მაგთიკომს“ და მოსთხოვა შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენა 2012 წლის 30 მარტის №12/062-5 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან, კონკრეტულად რომელი მონაცემების კომერციულ საიდუმლოებად ცნობას ეხებოდა მოთხოვნა, შესაბამისი დასაბუთების მითითებით, რათა კომისიას ჰქონოდა შესაძლებლობა  აღნიშნული საკითხი განეხილა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27²-ე   მუხლის შესაბამისად.

2012 წლის 12 აპრილს შპს „მაგთიკომმა“ კომისიას წარმოუდგინა №12/070-8  წერილი, რომელშიც მოთხოვნილია 2012 წლის 30 მარტის №12/062-5 წერილით წარმოდგენილი სრული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა; წერილში აღნიშნულია, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ 2012 წლის 30 მარტის  №12/062-5 წერილით წარმოდგენილი ინფორმაცია შეიცავს კომპანიის კომერციულ საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას, კერძოდ წარმოდგენილია ინფორმაცია  კომპანიის  ძირითადი საშუალებების, აუდიტის დამოწმებული ბალანსის, მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის, მოგება–ზარალის, თანამშრომელთა რაოდენობის, თანამდებობების და ხელფასის, საშემოსავლო გადასახადის ოდენობის, გახორციელებული ინვესტიციების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2012 წლის 4 მაისს კომისიის  სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „მაგთიკომის“  წარმომადგენლები: ზურაბ გალუმაშვილი – გენერალური დირექტორის მოადგილე და დავით ძიძიგური – იურისტი. კომისიის სხდომაზე შპს „მაგთიკომის“  წარმომადგენლებმა მოითხოვეს საკითხის განხილვის გადადება ინფორმაციის დაზუსტების და შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენის მიზნით. კომისიამ იმსჯელა აღნიშნულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე მუხლის მე–2 ნაწილის ა) პუნქტის საფუძველზე დააკმაყოფილა შპს „მაგთიკომის“ შუამდგომლობა და კომისიის 2012 წლის 4 მაისის №332/17 გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკითხის განხილვა გადაიდო ორი კვირით, 2012 წლის 18 მაისისათვის.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 18 მაისს სხდომაზე არ გამოცხადდა  შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელი, ამავე დროს, შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი არ იქნა დაზუსტებული მოთხოვნა და შესაბამისი არგუმენტაცია ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27²-ე მუხლის პირველი ნაწილის, ასევე ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად,  გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

შპს „მაგთიკომის“ 2012 წლის 12 აპრილის  №12/070-8  წერილში არ არის მოცემული დასაბუთება მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ. წერილში მითითებულია მხოლოდ ის გარემოება, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი მონაცემების გამჟღავნება ზიანს მიაყენებს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომი“ცნობილია მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი  ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად, კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილებით და ამავე გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს ინფორმაციის გამჭვივრვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  31-ე მუხლის შესაბამისად. ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“  ქვეპუნქტი ითვალისწინებს  მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის ვალდებულებას უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჭვირვალეობა და საჯაროდ გამოქვეყნოს მისი საქმიანობის ამსახველი ფინანსური საანგარიშგებო დოკუმენტაცია.

გარდა ამისა, კომისია აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირისათვის ზღვრული ტარიფის დადგენა, აგრეთვე ზღვრული ტარიფის ცვლილება მიმდინარეობს საჯარო ადმიანისტრაციული წარმოების წესით და შესაბამისი დასაბუთება უნდა აისახოს კომისიის გადაწყვეტილებაში. აგრეთვე, დასაბუთებაში გამოყენებული უნდა იქნას მონაცემები კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციიდან. შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ხდება წარმოდგენილი ინფორმაციის გასაჯაროება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს  შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის დასაბუთებული საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27²-ე მუხლის, ასევე ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.         არ დაკმაყოფილდეს  შპს „მაგთიკომის“ მიერ 2012 წლის 30 მარტის  №12/062-5 და 2012 წლის 12 აპრილის №12/070-8  წერილებით წარმოდგენილი მოთხოვნა 2012 წლის 30 მარტის №12/062-5 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ, მოთხოვნის დაუსაბუთებლობის გამო;

2. შპს „მაგთიკომის“  2012 წლის 16 თებერვალის №12/032-3, 2012 წლის  30 მარტის  №12/062-5 წერილებით წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობილ იქნეს ღიად ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში;

3. ეცნობოს განმცხადებელს წარმოდგენილ ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ დაუყოვნებლივ;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) 15 დღის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                ი. ჩიქოვანი 

კომისიის წევრი                                                              ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                              კ. კვიტაშვილი

კომისიის წევრი                                                              ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები