შპს „ნორმასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 24, 2012
მიღების თარიღი მაისი 18, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 25 აპრილს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის (გ.რატიშვილი) სამსახურებრივი ბარათი №10/482-12 და ამავე სამსახურში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა (გ. რატიშვილი, ი.მახარაძე) მიერ 2012 წლის 24 აპრილს ქ.თბილისში, მისამართზე: ვაზისუბანი, მე-3 მიკრო რაიონი, მე-2 კვარტალი, მე-15 კორპუსი (შპს „ნორმას“ სათაო ოფისი) შპს „ნორმას“ მიმართ შედგენილი შემოწმების აქტი №59.
სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ შპს „ნორმა“ თავის საკაბელო ქსელში გადასცემს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: „GMG ფეხბურთი“, „Наше Любимое Кино“, „Нтв + Наш Футбол“, „AsoSat TV“, “აფხაზეთი ტვ“, „ენკი–ბენკი“, „ПИК“, „GMG კინო“, „Феникс+ Кино“, „Детский Мир“, “I Stereo”, “Интер+”, „GMG სპორტი“, „Music Box Tbilisi”, “საზოგადოებრივი მაუწყებელი”, „რუსთავი 2“, „Нтв+ Кино Плюс“, „მზე“, „ერთსულოვნება“, „აჭარა“, „მაესტრო“, „იმედი“, „Euronews”, “RTVi”, “Viasat History”, “Дождь”, “Шансон ТВ”, “Ocean TV”, “ZEE TV”, “რეალტივი”, „24 Техно“, “Детский”, “Еврокино”, „საქართველო“, „Наука 2.0“, „GMG კინო 2“, „ТНТ“, „TV 1000“, “GMG სპორტი 2”, “TV 1000 Action”, “Охота и Рыбалка”, “Travel” და “ Зоопарк“. ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხებიდან, შპს „ნორმას“ კომისიაში არ წარმოუდგენია საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი სამაუწყებლო არხების მართლზომიერად რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „Наше Любимое Кино“, „AsoSat TV“, “აფხაზეთი ტვ“, „ენკი–ბენკი“, „ПИК“, „Детский Мир“, “RTVi”, “Дождь”, “Шансон ТВ”, “Ocean TV”, “რეალტივი”, „Наука 2.0“, “Охота и Рыбалка”.
სამსახურებრივ ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ კომისიის 2012 წლის 18 აპრილის წერილით №03/942–12 შპს „ნორმას“ განესაზღვრა 5 სამუშაო დღე კომისიაში სამაუწყებლო არხ „ТНТ“–ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოსადგენად. ზემოაღნიშნული წერილი შპს „ნორმას“ ჩაბარდა 2012 წლის 20 აპრილს; შპს „ნორმას“ სამაუწყებლო არხ „ТНТ“–ს მართლზომიერად რეტრანლირების დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის ვადა არ იყო გასული 2012 წლის 24 აპრილს, შემოწმების ჩატარების დროისთვის და შესაბამისად, შემოწმების ჩატარებისას სამაუწყებლო არხის „ТНТ“ მართლზომიერად რეტრანსლირების საკითხი შესწავლილი არ ყოფილა.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათისა და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 7 მაისს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ნორმას“ სანქცირების თაობაზე; საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 18 მაისს 16:00 საათზე; აღნიშნულის თაობაზე შპს ,,ნორმას“ ეცნობა შეტყობინებით (07.05.2012 N03/1102-12) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად; მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2012 წლის 18 მაისის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „ნორმას“ დირექტორი თამარ ნიკოლეიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ შემოწმების აქტში აღნიშნულ რიგ სამაუწყებლო არხებთან დაკავშირებით მათ ჰქონდათ გაფორმებული ხელშეკრულებები, მაგრამ მათი წარმოდგენა ვერ მოხერხდა კომისიაში თავის დროზე და შესაბამისად, მათ მიერ ხელშეკრულებები წარმოდგენილ იქნა შემოწმების ჩატარების შემდეგ. რაც შეეხება სამაუწყებლო არხების „AsoSat TV“, „ПИК“, “Дождь”,“Ocean TV”, „Наука 2.0“ რეტრანსლირების საკითხს, შპს „ნორმას“ დირექტორმა აღნიშნა, რომ
ა) შპს „ნორმა“ კომისიის მიერ შემოწმების ჩატარების მომენტისთვის ახორციელებდა სამაუწყებლო არხის „Asosat TV” სატესტო რეჟიმში რეტრანსლირებას არხთან, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე და ვინაიდან ამ ეტაპისთვის სამაუწყებლო არხთან ვერ მოესწრო ხელშეკრულების გაფორმება, შპს „ნორმამ“ შეწყვიტა სამაუწყებლო არხის „Asosat TV” რეტრანსლირება.
ბ) სამაუწყებლო არხ „ПИК“-ის რეტრანსლირების თაობაზე შპს „ნორმასა“ და შპს „ტელეკომპანია პიკთან“ გაფორმებულ შეთანხმებაში, რომელიც კომისიაში წარმოდგენილ იქნა 2012 წლის 3 მაისს დაშვებულ იქნა ტექნიკური ხასიათის უზუსტობა, კერძოდ, ხელშეკრულების მე–4 პუნქტში სადაც აღნიშნულია ხელშეკრუელბის მოქმედების ვადა, ნაცვლად 2012 წლის 31 დეკემბრისა, მითითებულია 2011 წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნული ტექნიკური უზუსტობა გამოსწორდება უახლოეს დღეებში და ეცნობება კომისიას.
გ) სამაუწყებლო არხების “Дождь” და „Ocean TV”-ის რეტრანსლირება შემოწმების ჩატარების დროს ხორციელდებოდა არხებთან სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე და ვინაიდან ამ ეტაპისთვის სამაუწყებლო არხებთან ვერ მოესწრო შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება, შპს „ნორმამ“ შეწყვიტა სამაუწყებლო არხების “Дождь” და „Ocean TV” რეტრანსლირება;
დ) რაც შეეხება სამაუწყებლო არხის „Наука 2.0“-ს რეტრანსლირებას, აღნიშნული არხის რეტრანსლირების თაობაზე კომპანიას გაფორმებული აქვს ხელშეკრულება და წარმოდგენილი იქნება კომისიაში უახლოეს დღეებში.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 24 აპრილის №59 შემოწმების აქტი, რომელიც შედგენილია ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის 2012 წლის 25 აპრილის N10/482-12, და 2012 წლის 8 მაისის N10/541-12 სამსახურებრივი ბარათები, ასევე 2012 წლის 27 აპრილით დათარიღებული სამსახურებრივი ბარათი;
3. შპს „ნორმას“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილები 01.05.2012, N6/2261-12, 03.05.2012, N6/2294-12, 03.05.2012, N6/2296-12, 18.05.2012 N6/2542-12;
4. შპს „ნორმას“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებები სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების თაობაზე;
5. კომისიის მიერ შპს „ნორმასთვის“ გაგზავნილი წერილი 08.05.2012. N04/1113-12;
6. კომისიის მიერ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისთვის გაგზავნილი წერილი 14.03.2011, N04/481-11;
7. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
8. ამონაწერი კომისიის ავტორიზებული პირების რეესტრიდან;
9. კომისიის სხდომაზე შპს „ნორმას“ წარმომადგენლის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებები;
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი შემოწმების აქტის საფუძველზე კომისიის მიერ სრულად იქნა შესწავლილი შპს „ნორმას“ მიერ საკუთარი საკაბელო ქსელით გადაცემული ყველა იმ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირების უფლებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რაც აღნიშნულია შემოწმების N59 აქტში და შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების მასალების შესწავლის შედეგად კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „ნორმა“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 2006 წლის 11 მაისი), რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე: ა) ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელით ან/და (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ბ) მაუწყებლობის ტრანზიტი; ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, შპს „ნორმა“ მაუწყებლობის ტრანზიტისას უნდა ახორციელებდეს მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემას და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას, საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით;
2. კომისიამ 2011 წლის 14 მარტს წერილობით (N04/481-11) მიმართა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოსთხოვა სატრანზიტო მომსახურების პაკეტში არსებული სამაუწყებლო არხების ჩამონათვალი და აღნიშნული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები.
ამავე წერილით, კომისიამ განუმარტა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, რომ მომხმარებლებისთვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაცია კომისიაში უნდა წარმოადგინონ მათ მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში წარმოდგენილ იქნას აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/კომპანიის ნებართვის წერილი (Permission Letter) რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს:
ა) ნებართვა ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ;
კომისიის აღნიშნული წერილი ჩაბარდა შპს „ნორმას“ რასაც ადასტურებს შპს „საქართველოს ფოსტიდან“ მიღებული საფოსტო ქვითარი N574;
3. 2012 წლის 24 ნოემბერს, შპს „ნორმას“ სათაო ოფისში, მისამართზე: ვაზისუბანი, მე-3 მიკრო რაიონი, მე-2 კვარტალი, მე-15 კორპუსი, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის გ. რატიშვილის მიერ, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლის ი.მახარაძის მონაწილეობით განხორციელდა შპს „ნორმას“ მიერ, მის საკაბელო ქსელში განთავსებული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №59. შემოწმების აქტს ხელს აწერენ: კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლები: გ. რატიშვილი და ი.მახარაძე, ასევე მოწმეები: ნუგზარ მაჭარაშვილი (პირადი N01024001883) და არტემი ვირაბომი (პირადი N01011064592); აქტი წარედგინა შპს „ნორმას“ დირექტორ თამარ ნიკოლეიშვილს, რომელიც ასევე აწერს ხელს შემოწმების აქტს.
შემოწმების აქტში დაფიქსირებულია შპს „ნორმას“ დირექტორის ახსნა-განმარტება, სადაც აღნიშნულია, რომ შპს „ნორმას“ აქვს შესაბამისი ხელშეკრულებები მის სამაუწყებლო პაკეტში განთავსებული სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების თაობაზე, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო ვერ მოხერხდა მათი კომისიაში წარმოდგენა.
4. შემოწმების აქტში და კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ შპს „ნორმა“ თავის საკაბელო ქსელში გადასცემს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: „GMG ფეხბურთი“, „Наше Любимое Кино“, „Нтв + Наш Футбол“, „AsoSat TV“, “აფხაზეთი ტვ“, „ენკი–ბენკი“, „ПИК“, „GMG კინო“, „Феникс+ Кино“, „Детский Мир“, “I Stereo”, “Интер+”, „GMG სპორტი“, „Music Box Tbilisi”, “საზოგადოებრივი მაუწყებელი”, „რუსთავი 2“, „Нтв+ Кино Плюс“, „მზე“, „ერთსულოვნება“, „აჭარა“, „მაესტრო“, „იმედი“, „Euronews”, “RTVi”, “Viasat History”, “Дождь”, “Шансон ТВ”, “Ocean TV”, “ZEE TV”, “რეალტივი”, „24 Техно“, “Детский”, “Еврокино”, „საქართველო“, „Наука 2.0“, „GMG კინო 2“, „ТНТ“, „TV 1000“, “GMG სპორტი 2”, “TV 1000 Action”, “Охота и Рыбалка”, “Travel” და “ Зоопарк“. ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხებიდან, შპს „ნორმას“ კომისიაში არ წარმოუდგენია საქართველოს ტერიტორიაზე, შემდეგი სამაუწყებლო არხების მართლზომიერად რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „Наше Любимое Кино“, „AsoSat TV“, “აფხაზეთი ტვ“, „ენკი–ბენკი“, „ПИК“, „Детский Мир“, “RTVi”, “Дождь”, “Шансон ТВ”, “Ocean TV”, “რეალტივი”, „Наука 2.0“, “Охота и Рыбалка”.
5. შემოწმების ჩატარების სისწორე დასტურდება 2012 წლის 24 აპრილის №59 შემოწმების აქტით და აქტზე თანდართული აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით (CD);
6. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათები (08.05.2012, N10/541-12 და 2012 წლის 27 აპრილით დათარიღებული სამსახურებრივი ბარათი) სადაც აღნიშნულია რომ:
ა) 2012 წლის 25 აპრილს შპს „ნორმამ“ კომისიაში დამატებით წარმოადგინა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „აფხაზეთის ხმა“ (უვადო), „ენკი ბენკი“ (სანებართვო წერილი), “Охота и Рыбалка”, “RTVi“, „Наше Любимое Кино“, „Детский Мир“, “Шансон ТВ” (ხელშეკრულება გაფორმებული შპს „სი-ენ-ეი ჯორჯიასთან“, მოქმედების ვადა 01.04.2012–30.09.2012), „რეალტივი“ (ხელშეკრულება გაფორმებული „საქართველო საკაბელო ტელევიზიების კავშირთან“ მოქმედების ვადა 01.04.2012–31.12.2012).
ბ) 2012 წლის 1 მაისს შპს „ნორმამ“ კომისიაში წარმოადგინა 2012 წლის 25 აპრილით დათარიღებული სანებართვო წერილი შპს „ბორბალისგან“ რიგი სამაუწყებლო არხების, მათ შორის შემოწმების N59 აქტში დაფიქსირებულ სამაუწყებლო არხ “Ocean TV”-ს რეტრანსლირებასთან დაკავშირებით. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ნორმას“ მიერ არ იქნა კომისიაში წარმოდგენილი შპს „ბორბალის“, როგორც შუამავალი /დისტრიბუტორი/ კომპანიის უფლებამოსილების დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტაცია, 2012 წლის 8 მაისის კომისიამ წერილით (№04/1113–12) მოსთხოვა შპს „ნორმას“ წარმოედგინა:
· ავტორიზებულ პირსა და შუამავალ / დისტრიბუტორ / წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;
· შუამავალობის / დისტრიბუციის / წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
აღნიშნული დოკუმენტაცია შპს „ნორმას“ კომისიაში არ წარმოუდგენია.
გ) 2012 წლის 3 მაისს შპს „ნორმამ“ წარმოადგინა შპს „ტელეკომპანია პიკთან“ გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხ „ПИК“-ის რეტრანსლირების თაობაზე. აღნიშნულ ხელშეკრულებაზე მითითებულია მხოლოდ 2012 წელი, ხოლო ხელშეკრულების მე–4 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულება მოქმედებს 2011 წლის 31 დეკემბრამდე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ნორმას“ მიერ 2012 წლის 24 აპრილის შემოწმების აქტის შედგენის შემდეგ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად დასტურდება, რომ:
1. შპს „ნორმას“ უფლება ჰქონდა განეხორციელებინა საქართველოს ტერიტორიაზე, დამატებით შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირება: „Наше Любимое Кино“, “აფხაზეთი ტვ“, „ენკი–ბენკი“, „Детский Мир“, “RTVi”, “Шансон ТВ”, “რეალტივი”,“Охота и Рыбалка”.
2. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ შპს „ნორმას“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი შეთანხმებაში, რომელიც გაფორმებულია შპს „ნორმასა“ და შპს „ტელეკომპანია პიკს“ შორის, და რომელიშიც მითითებულია რომ აღნიშნული შეთანხმება გაფორმდა 2012 წელს, ხოლო შეთანხმების მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2011 წლის 31 დეკემბრამდე, კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული უზუსტობა წარმოადგენს ტექნიკურ ხარვეზს და შესაბამისად, შპს „ნორმას“ არ უნდა აეკრძლოს სამაუწყებლო არხ „ПИК“-ის რეტრანსლირება.
3. შპს „ნორმას“ მიერ კომისიაში არ არის წარმოდგენილი სამაუწყებლო არხის „Наука 2.0“-ის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად რეტრანსლირების დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტაცია.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
2. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
3. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
4. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამავე კანონის 58-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისათვის;
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;
8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: „AsoSat TV“, “Дождь”, “Ocean TV”, „Наука 2.0“ შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე უცველელი სახით გადაცემით შპს „ნორმას“ მიერ დაირღვა ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, ხოლო სამაუწყებლო არხების: „ПИК“, „Наше Любимое Кино“, “აფხაზეთი ტვ“, „ენკი–ბენკი“, „Детский Мир“, “RTVi”, “Шансон ТВ”, “რეალტივი”, “Охота и Рыбалка” რეტრანსლირების მართლზომიერების თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულებების დაგვიანებით წარმოდგენით დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები;
გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ნორმას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქცია, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ შპს „ნორმას“ უნდა მიეცეს გაფრთხილება ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევსი გამო.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან უტყუარად არ დასტურდება, რომ შპს „ნორმა“ აღარ ახორციელებს სამაუწყებლო არხების „AsoSat TV“, “Дождь”,“Ocean TV”, „Наука 2.0“ რეტრანსლირებას (აღნიშნულის თაობაზე კომისიის სხდომაზე აღნიშნა შპს „ნორმას“ დირექტორმა, მაგრამ კომისიას არ აქვს მონიტორინგის შედეგები ზემოაღნიშნული არხების რეტრანსლირების შეწყვეტასთან დაკავშირებით და არც თავად დაინტერესებულ პირს წარმოუდგენია რაიმე უტყუარი მტკიცებულებები აღნიშნულის თაობაზე), კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ნორმას“ წინამდებარე გადაწყვეტილების შესაბამისად უნდა აეკრძლოს საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების „AsoSat TV“, “Дождь”, “Ocean TV”, „Наука 2.0“ შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე რეტრანსლირება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 98-ე, 99-ე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-5, მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტების, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და “ბ” ქვეპუნქტების, 43-ე, 44-ე მუხლების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს გაფრთხილება შპს ,,ნორმას“ საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: „AsoSat TV“, “Дождь”,“Ocean TV”, „Наука 2.0“ შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე უცველელი სახით გადაცემით ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო, ხოლო სამაუწყებლო არხების: „ПИК“, „Наше Любимое Кино“,“აფხაზეთი ტვ“, „ენკი–ბენკი“, „Детский Мир“, “RTVi”,“Шансон ТВ”,“რეალტივი”,“Охота и Рыбалка” რეტრანსლირების მართლზომიერების თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულებების კომისიაში დაგვიანებით წარმოდგენით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს „ნორმამ“ საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: „AsoSat TV“, “Дождь”, “Ocean TV”, „Наука 2.0“ არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ.ნინუა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ნორმასთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ნორმასთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
კ. კვიტაიშვილი
ი.მოსეშვილი
