წვდომის მენიუ

შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 368 / 18

გამოქვეყნების თარიღი მაისი 24, 2012

მიღების თარიღი მაისი 18, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (04.05.2012 N10/533-12), ავტორიზებული პირის - შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევის თაობაზე; კერძოდ, როგორც მოხსენებით ბარათშია აღნიშნული, 2012 წლის 6 აპრილს შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა“ კომისიას წერილით N90 აცნობა, რომ შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ პარტნიორთა შორის მოხდა წილის გასხვისება, კერძოდ, ერთ-ერთი პარტნიორის ზურაბ ყურაშვილის 1,6%-იანი წილის მფლობელი გახდა ამავე კომპანიის 15,6%-იანი წილის მფლობელი ალექსანდრე რონზჰესი, რომლის წილმაც საერთო ჯამში შეადგინა 17,2%.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად,

1. ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები გამოიყენება:

ა) თუ ხდება ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივის შეძენა;

ბ) თუ შერწყმის შედეგად ერთიანდება ორი ან მეტი პირი, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია;

გ) თუ ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა და თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი.

2. ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები არ გამოიყენება ავტორიზებული პირების წილის ან აქციების შეძენის შემთხვევაში, თუ შემძენი პირის ან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მიერ ერთობლივად ხდება ავტორიზებული პირის 5 პროცენტამდე წილის ან აქციების შეძენა.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება; „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ პარტნიორებს შორის წილის გასხვისება განხორციელდა კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე, კომისიაში ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2012 წლის  14 მაისს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით სანქცირების თაობაზე.  საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 18 მაისს 16:00 საათზე, რის თაობაზეც შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგს” ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი შეტყობინებით (14.05.2012 N03/1148-12) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები და ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2012 წლის 18 მაისის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ დირექტორი ზურაბ ბაზლიძე და წარმომადგენელი ნატალია გელაძე.

კომისია აღნიშნავს, რომ  2012 წლის 18 მაისს კომისიაში შემოვიდა შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“  წარმომადგენლის ნატალია გელაძის ახსნა-განმარტება N6/2541-12, სადაც აღნიშნულია, რომ კომისიას არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ წინააღმდეგ, ვინაიდან „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით ცალსახად და არაორაზროვნად არის განმარტებული ავტორიზებული პირის წილის, აქციებისა და საოპერაციო აქტივის შეძენის რეგულირება და კომისიისთვის შესაბამისი შეტყობინების ვალდებულება. ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად,

1. ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები გამოიყენება:

ა) თუ ხდება ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივის შეძენა;

ბ) თუ შერწყმის შედეგად ერთიანდება ორი ან მეტი პირი, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია;

გ) თუ ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა და თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი.

2. ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები არ გამოიყენება ავტორიზებული პირების წილის ან აქციების შეძენის შემთხვევაში, თუ შემძენი პირის ან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მიერ ერთობლივად ხდება ავტორიზებული პირის 5 პროცენტამდე წილის ან აქციების შეძენა.

შესაბამისად, შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ წარმომადგენელს მიაჩნია, რომ აღნიშნული მუხლის საფუძველზე ცალსახადაა დადგენილი თუ რა შემთხვევაში ეკისრება ავტორიზებულ პირს კომისიისთვის შეტყობინების ვალდებულება წილის გასხვისების შესახებ და რა შემთხვევაში არ გამოიყენება ამავე კანონის 26-ე და 27-ე მუხლებით განსაზღვრული ვალდებულებები.

ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია, რომ შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ პარტნიორმა ზურაბ ყურაშვილმა, რომელიც ფლობდა კომპანიის 1,6%-იან წილს, გაასხვისა მისი წილი ამავე კომპანიის პარტნიორზე ალექსანდრე რონზჰესზე, რომელიც აღნიშნული წილის შეძენამდე უკვე ფლობდა ამავე კომპანიის 15,6%-იან წილს და როგორც პარტნიორი სარგებლობდა წილის უპირატესი შესყიდვის უფლებით. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტი ვერ გავრცელდება წინამდებარე შემთხვევაზე, რადგან აღნიშნული პუნქტი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როდესაც შემძენ პირს, წილის შეძენის შედეგად ჯამში აღმოაჩნდება წილის ან აქციების 5%-ზე მეტი. ალექსანდრე რონზჰესი, 1,6% წილის შეძენამდე, ისედაც ფლობდა ავტორიზებული პირის 15,6%-ს და იგი წილის შეძენის შედეგად არ გამხდარა კომპანიის 5%-ზე მეტის მფლობელი. ამდენად, აღნიშნულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტი, ვინაიდან აღნიშნული პუნქტის ერთადერთი დათქმა ის არის, რომ შემძენი პირი მხოლოდ წილის შეძენის შედეგად უნდა გახდეს 5%-ზე მეტი წილის მფლობელი და შესაბამისად შეძენამდე უნდა ფლობდეს 5%-ზე ნაკლებს ან საერთოდ არ უნდა ფლობდეს წილს. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერიდან დგინდება რომ ალექსანდრე რონზჰესის წილობრივი მონაცემები 1,6% წილის შეძენამდე აღემატებოდა 5%-ს და ჯამში შეადგენდა 15,6%. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ წარმომადგენელს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე უნდა გავრცელდეს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართბველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმადაც პირს არ ეკისრება კომისიისთვის წინასწარი შეტყობინების ვალდებულება, თუ იგი ახდენს ავტორიზებული პირის 5%-მდე წილის ან აქციების შეძენას.

მ ო თ ხ ო ვ ნ ა: შეწყდეს შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება, უსაფუძვლობის გამო.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.    კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათები 04.05.2012, N10/533-12; 23.04.2012, N10/470-12;

2. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი 03.05.2012, N10/525-12;

3. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი 17.05.2012, N10/563-12;

4. შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ 2012 წლის 6 აპრილის N90 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი 06.04.2012, N6/1745-12)

5. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

6. ამონაწერი კომისიის ავტორიზებული პირების უწყებრივი რეესტრიდან.

7. შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება 18.05.2012, N6/2541-12;

8. კომისიის სხდომაზე შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ წარმომადგენლის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებები;

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი 2005 წლის 11 ოქტომბერი), რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე: ა) ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელით ან/და (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ბ) ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; გ) მაუწყებლობის ტრანზიტი;

2. შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები,

3. 2012 წლის 6 აპრილს, შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა“ კომისიას წერილით N90 აცნობა, რომ შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ პარტნიორთა შორის მოხდა წილის გასხვისება, კერძოდ, ერთ-ერთი პარტნიორის ზურაბ ყურაშვილის 1,6%-იანი წილის მფლობელი გახდა, ამავე კომპანიის 15,6%-იანი წილის მფლობელი ალექსანდრე რონზჰესი, რომლის წილმაც საერთო ჯამში შეადგინა 17,2%. შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) პირების რეესტრიდან დათარიღებული 2012 წლის 2 აპრილით (ამონაწერის მომზადების დრო 16:09:43);

4. შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ კომისიისთვის არ მოუმართავს წილის შეძენის განზრახვის თაობაზე კომისიისგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით და შესაბამისად კომისიაში არ წარმოუდენია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია.

5. შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიმართ კომისიის 2012 წლის 6 მარტის N189/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, სანქციის სახით გამოყენებულ იქნა გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ისმო-ს  „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები გამოიყენება:

ა) თუ ხდება ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივის შეძენა;

ბ) თუ შერწყმის შედეგად ერთიანდება ორი ან მეტი პირი, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია;

გ) თუ ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა და თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი.

 ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები არ გამოიყენება ავტორიზებული პირების წილის ან აქციების შეძენის შემთხვევაში, თუ შემძენი პირის ან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მიერ ერთობლივად ხდება ავტორიზებული პირის 5 პროცენტამდე წილის ან აქციების შეძენა.

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან  შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ალექსანდრე რონზჰესი კომპანიის მეორე დამფუძნებლის ზურაბ ყურაშვილის 1,6%-იანი წილის შეძენამდე ფლობდა შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ 15,6%-იან წილს, მასზე ვერ გავრცელდება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი, ვინაიდან აღნიშნული ნორმა ეხება იმ შემთხვევას, რომდესაც პირი საერთოდ არ ფლობს წილს ან აქციებს ავტორიზებულ პირის კაპიტალში, ან ფლობს 5%-მდე წილს ან აქციებს და მის მიერ გარიგების შედეგად ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა ისე, რომ წილის ან აქციების შეძენის შემთხვევაში, მისი ან მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთობლივად წილის ან აქციების ოდენობა ხდება 5%. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ ერთ შემთხვევაში კანონი ავალდებულებს ავტორიზებულ პირს აცნობოს კომისიას თუ მისი წილის ან აქციების შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი (25-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტი), ხოლო მეორე შემთხვევაში ათავისუფლებს პირს კომისიითვის შეტყობინების ვალდებულებისგან, თუ შემძენი პირის ან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მიერ ერთობლივად ხდება ავტორიზებული პირის 5 პროცენტამდე წილის ან აქციების შეძენა.

შესაბამისად, კომისია ვერ გაიზიარებს შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ წარმომადგენლის არგუმენტაციას, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვაქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევასთან და შესაბამისად, შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ არ ეკისრებოდა კომისიისთვის წინასწარი შეტყობინების ვალდებულება.

ამ შეთხვევაში სახეზეა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, კერძოდ, როდესაც ავტორიზებულ პირ - შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ალექსანდრე რონზჰესის მიერ კომპანიის მეორე დამფუძნებლის ზურაბ ყურაშვილისგან 1,6%-იანი წილის შეძენის შემდეგ, შემძენი პირის, ამ შემთხვევაში ალექსანდრე რონზჰესის მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდა 17,2% (15,6%+1,6%=17,2%) წილი, რაც აღემატება „ელექტრონული კომუნიკაციების შესხებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოდენობას.

2.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად: წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შეძენის  ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ:

ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;

ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან;

გ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე დაკავებული ფარდობითი წილები, მათი გაანგარიშების ან შეფასების საფუძვლები, თუ შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყველა ავტორიზებული პირის ჯამური წილი კომისიის მიერ განსაზღვრულ ბაზრის რომელიმე შესაბამის სეგმენტზე 25 პროცენტი ან მეტია;

დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა;

ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ,  ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია წილის შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა წილის შეძენაზე.

                3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისიად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა“ კომპანიის 1,6%-იანი წილის გასხვისებამდე არ მიმართა კომისიას წილის შეძენის განზრახვის თაობაზე წინასწარი თანხმობის მიღების მიზნით და აღნიშნული წილის გასხვისება განხორციელდა კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე, შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიერ დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და ამავე კანონის 26-ე მუხლი, რაც, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი 45-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე წარმოადგენს სანქცირების საფუძველს.

იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის 2012 წლის 6 მარტის №189/18 გადაწყვეტილებით შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგს” მიეცა გაფრთხილება,  კომისიას მიაჩნია, რომ ამჯერად მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-1 პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა - ჯარიმის სახით.

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (17.05.2012 N10/563-12) შესაბამისად, კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების მიხედვით, შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი შეადგენს 12,743.21 (თორმეტი ათას შვიდას ორმოცდასამი ლარი და ოცდაერთი თეთრი)  და შესაბამისად, შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ უნდა დაჯარიმდეს 12,743.21 (თორმეტი ათას შვიდას ორმოცდასამი ლარი და ოცდაერთი თეთრი) ლარით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის დარღვევის გამო და ამავე დროს, კომპანიას უნდა დაევალოს კომისიაში წარმოადგინოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული სრულყოფილი ინფორმაცია შპს „გლობალ კონტაქტს კონსალტინგის“ ერთ-ერთი პარტნიორის ზურაბ ყურაშვილის 1,6%-იანი წილის ამავე კომპანიის 15,6%-იანი წილის მფლობელი ალექსანდრე რონზჰესისთვის გადაცემასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაციის სრულად წარმოდგენის შემდეგ, კომისიას შესაძლებლობა მიეცემა განახორციელოს მისთვის ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილება.

 ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 98-ე და 99-ე მუხლების,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-13, მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტების, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ)  ქვეპუნქტის, 25-ე, 26-ე და 43-ე მუხლების და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით (სამი ხმა ერთის წინააღმდეგ, კომისიის წევრმა ირაკლი მოსეშვილმა მხარი არ დაუჭირა გადაწყვეტილებას)

გადაწყვიტა:

1. შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ დაეკისროს ჯარიმა 12,743.21 (თორმეტი ათას შვიდას ორმოცდასამი ლარი და ოცდაერთი თეთრი) ლარის ოდენობით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ)  ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის დარღვევის გამო;

2. უზრუნველყოს შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა” წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

- სახაზინო კოდი -  300773251;

3. დაევალოს შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ 5 სამუშაო დღის ვადაში კომისიაში წარმოადგინოს შპს „გლობალ კონტაქტს კონსალტინგის“ ერთ-ერთი პარტნიორის ზურაბ ყურაშვილის 1,6%-იანი წილის, ამავე კომპანიის 15,6%-იანი წილის მფლობელი ალექსანდრე რონზჰესისთვის გადაცემასთან დაკავშირებით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული შეტყობინება; შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს: წილების შეძენის  ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას წილების შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ:

ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;

ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული

მომსახურებიდან;

გ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე დაკავებული ფარდობითი წილები, მათი გაანგარიშების ან შეფასების საფუძვლები, თუ  შეძენაში მონაწილე ყველა ავტორიზებული პირის ჯამური წილი კომისიის მიერ განსაზღვრულ ბაზრის რომელიმე შესაბამის სეგმენტზე 25 პროცენტი ან მეტია;

დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა;

ე) ინფორმაცია წილების მფლობელთა შესახებ,  ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული სანქციის თაობაზე ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;

5.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ.ნინუა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

6.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.   გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგისთვის“ ჩაბარების დღიდან;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე)

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე და შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” მიერ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლა დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე);

10.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი). 

                კომისიის თავმჯდომარე                                                                              ი.ჩიქოვანი

                კომისიის წევრები:                                                                                          ს.ბრიტანჩუკი   

კ. კვიტაიშვილი

ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები