წვდომის მენიუ

შპს „რ–რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B104 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ

ნომერი: 369 / 6

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 01, 2012

მიღების თარიღი მაისი 18, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (04/04/2012, №6/1720-12) მიმართა შპს „რ–რადიომ“ კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B104 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რ–რადიო“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B104 ლიცენზიას კომისიის 2002 წლის 25 ოქტომბრის №409/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2012 წლის 20 მაისამდე;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: რადიომაუწყებლობა 101.4 მჰც სიხშირეზე, ქ. თბილისი;

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიაში შეტანილი უნდა იქნას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე. ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.

კომისია  აღნიშნავს, რომ  შპს „რ–რადიოს“ მიმართ ლიცენზიის მოქმედების პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები; ამავე დროს, კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.

კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000.00 (ორი ათასი) ლარს. შპს „რ–რადიოს“ მიერ საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია სალიცენზიო მოსაკრებელი – 2,000.00 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, რაც დასტურდება კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2012 წლის 11 აპრილის №10/446-12 სამსახურებრივი ბარათით.

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება, რომელმაც შპს „რ–რადიოს“ №B104 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შეადგინა – 10,692.00 (ათი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი) ლარი.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. შესაბამისად, კომისიის 2012 წლის 20 აპრილის №303/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “რ–რადიოს” კუთვნილი №B104 ლიცენზიის  მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით. საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2012 წლის 18 მაისს 16.00 საათზე.

საკითხის ზეპირი მოსმენა ჩატარდა კომისიის 2012 წლის 18 მაისის სხდომაზე. სხდომას ესწრებოდა შპს “რ–რადიოს” უფლებამოსილი წარმომადგენელი ვახტანგ მგელაძე, რომელმაც დაადასტურა მაუწყებლობის №B104 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში კომისიის მიერ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, ერთი წლის ვადაში გადახდაზე მზადყოფნა. ამავე დროს, შპს “რ–რადიოს”  წარმომადგენლის მიერ დაზუსტდა დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა – 12 საათი.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ გამოვლენილა შპს “რ–რადიოს” მაუწყებლობის №B104 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების დამაბრკოლებელი გარემოება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია შპს “რ–რადიოს” მაუწყებლობის №B104 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის სხდომაზევე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–4 მუხლის და IX თავის, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  38-ე მუხლის მე–4 პუნქტების, 39-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს “რ–რადიოს”  მაუწყებლობის №B104 ლიცენზიას  2022 წლის 20 მაისამდე და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2022 წლის 20 მაისამდე;

დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: რადიომაუწყებლობა 101.4 მჰც სიხშირეზე, ქ. თბილისი;

2. დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის ხანგრძლივობად განისაზღვროს 12 საათი;

3. შპს „რ–რადიო“ ვალდებულია:

ა) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

ბ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

გ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

დ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

ე) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

ზ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

თ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

ი) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას” მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.

კ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია;

ლ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;

მ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში  საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობებისა მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა;

ნ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ო) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;

4. შპს “რ–რადიოს” №B104 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გათვალისწინებული სალიცენზიო გადასახდელი შეადგენს – 10,692.00 (ათი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი) ლარს;

5. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის – 10,692.00 (ათი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი -TRESGE22;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773062;

891.00 ლარი – 2012 წლის 18 ივნისამდე;

891.00 ლარი – 2012 წლის 18 ივლისამდე;

891.00 ლარი – 2012 წლის 18 აგვისტომდე;

891.00 ლარი – 2012 წლის 18 სექტემბრამდე;

891.00 ლარი – 2012 წლის 18 ოქტომბრამდე;

891.00 ლარი – 2012 წლის 18 ნოემბრამდე;

891.00 ლარი – 2012 წლის 18 დეკემბრამდე;

891.00 ლარი – 2013 წლის 18 იანვრამდე;

891.00 ლარი – 2013 წლის 18 თებერვლამდე;

891.00 ლარი – 2013 წლის 18 მარტამდე;

891.00 ლარი – 2013 წლის 18 აპრილამდე;

891.00 ლარი – 2013 წლის 18 მაისამდე;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

დ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „რ–რადიოსთვის“ გაგზავნა (მ. ნინუა).

7. გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

8. გადაწყვეტილება (პირველი პუნქტის გარდა) ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „რ–რადიოსთვის“ ჩაბარების დღიდან;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი (გარდა დ) ქვეპუნქტისა), მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი).

12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 და მე–5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე).

13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე–2, მე–3, მე-4 და მე–5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                              ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                                                ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                                კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                                ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები