შპს “გლობალ კონტაქტ კონსალტინგისთვის“ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 06, 2012
მიღების თარიღი მაისი 28, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (22.05.2012 N10/583-12) და შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის “ შემოწმების საფუძველზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000177, შედგენილი 2012 წლის 22 მაისს სოფელ ტაბახმელაში, სადაც აღნიშნულია, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად სოფელ ტაბახმელაში, დაფიქსირდა შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიერ რადიოსიხშირული ზოლით 10778 მჰც – 11158 მჰც არამართლზომიერი სარგებლობა, წერტილი-მრავალწერტილი სტრუქტურის ქსელით ფართოზოლოვანი ტექნოლოგიური სისტემის (მიტრისის) სიგნალის მისაწოდებლად.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე, კომისიამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგისთვის“ ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი კომისიის აპარატის რადიოსხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2012 წლის 22 მაისს, რომელიც კომისიას წარედგინა იმავე დღეს; ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით ადმინისტრაციული წარმოება კომისიაში დაიწყო 2012 წლის 23 მაისს, ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2012 წლის 28 მაისს 16:00 საათი, რის შესახებაც შეტყობინებით (23.05.2012 N03/1226-12) ეცნობა შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“. მხარეს განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N000177 და ოქმზე თანდართული მტკიცებულებები); მხარეს ასევე განემარტა, რომ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2012 წლის 28 მაისს კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ დირექტორი ზ. ბაზლიძე და შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” იურისტი ნ. გელაძე, რომელიც იმავდროულად წარმომადგენლობაზე უფლებამოსილებით იყო აღჭურვილი შესაბამისი მინდობილობით. კომისიის სხდომას ასევე ესწრებოდნენ ზ. ძიძიგური - შპს ”რეალკომის” დირექტორი და დამფუძნებელი და გ. გრძელიშვილი - შპს ”რეალკომის” დირექტორის თანაშემწე;
კომისიის სხდომაზე გამოქვეყნდა შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” წერილობითი შუამდგომლობა, რომელშიც იმავდროულად მოცემული იყო კომპანიის პოზიცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საკითხთან დაკავშირებით. შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ შპს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად მის მიერ არ ხორციელდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000177 ოქმით მითითებული ქმედება. კომპანიის განმარტებით, ზემოაღნიშნული ოქმი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დარღვევით და არ შეიძლება კომისიის მხრიდან გახდეს შპს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” სანქცირების საფუძველი, ვიანიდან ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ”შემოწმებაზე უფლებამოსილი პირი კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმით ადგენს შემოწმების აქტს”, სადაც სხვა რეკვიზიტებთან ერთად უნდა მიეთითოს შემოწმებული მოწყობილობების ჩამონათვალი და მათი ტექნიკური პარამეტრები; ამ მუხლის საფუძველზე, შემოწმებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებული იყო ოქმის ჩანაწერში მიეთითებინა შესამოწმებელი აპარატურის ჩამონათვალი და მისი ტექნიკური პარამეტრები; ვინაიდან ასეთი მითითება ოქმში არაა, კომპანიისათვის გაუგებარია რისი შემოწმება მოხდა და რის საფუძველზე დადგინდა ადმინისტრაციული გადაცდომა. ამავე დროს, კომპანიის მოსაზრებით, ოქმს ხელს არ აწერს შემოწმებაზე უფლებამოსილი პირი, ვინაიდან მათთვის ცნობილია, რომ შემოწმებაზე უფლებამოსილი პირი არ იყო ნეიტრალური პირი და წარმოადგენდა დაინტერესებულ პირს.
სწორედ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შპს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა” საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 98-ე მუხლების, აგრეთვე ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის საფუძველზე, კომისიის წინაშე იშუამდგომლა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და შესწავლის მიზნით გამოყოფილიყო შემოწმებაზე უფლებამოსილი პირი და განხორციელებულიყო შპს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” შემოწმება კანონით განსაზღვრულ ფარგლებში.
კომისიამ შუამდგომლობის განხილვა დაიწყო შუამდგომლობის დასაბუთებით ნაწილში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების შემოწმებით; კერძოდ, კომისიამ გამოიკვლია იყო თუ არა შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი უფლებამოსილი პირების მიერ და ასევე, იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი სწორად.
კომისიის მიერ გამოირკვა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შპს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” მიმართ შეადგინეს კომისიის აპარატში დასაქმებულმა უფლებამოსილმა პირებმა (ნ. კონდოლელი, გ. ქართველიშვილი, გ. გოგიაშვილი), სათანადოდ, ანუ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 37-ე მუხლის შესაბამისად; კომისიამ დაადგინა, რომ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმი ხელმოსაწერად წარედგინა ბ-ნ ზ. ბაზლიძეს, რომელმაც უარი განაცხადა როგორც ოქმის ხელმოწერაზე, ისე ოქმში საკუთარი ახსნა-განმარტების დაფიქსირებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მას განემარტა, რომ ოქმზე ხელმოწერა არ ნიშნავდა ოქმში დაფიქსირებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის აღიარებას და შეეძლო გაეკეთებინა საკუთარი ახსნა-განმარტება, ასევე არ დათანხმებოდა ოქმს და ამის თაობაზე გაეკეთებინა შესაბამისი ჩანაწერი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება კომისიის სხდომაზე დაადასტურა ბატონმა ზ. ბაზლიძემ და აღნიშნა, რომ მან ოქმს ხელი არ მოაწერა იმის გამო, რომ შემოწმების ჩატარებისას გამოყენებულ იქნა შპს ”რეალკომის” და შპს ”ბლექსისატის” ”კეთილისმსრუველის” ბატონ გ. კობახიას აპარატურა.
კომისიამ, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კომისიის აპარატში დასაქმებულ პირთა (გ. გოგიაშვილი, გ, ქართველიშვილი, ნ. კონდოლელი, ნ. ასპანიძე), ასევე შპს ”რეალკომის” წარმომადგენლების ზ. ძიძიგურისა და გ. გრძელიშვილის გამოკითხვისა და კომისიაში დაცული უწყებრივი რეესტრების მონაცემების საფუძველზე გამოარკვია, რომ:
ა) რადიოსიხშირული სპექტრის გაზომვისას გამოყენებულ იქნა კომისიის ბალანსზე რიცხული როდეშვარცის ფირმის ანალიზატორი FSP-30, რუპორული ანტენა, ასევე დამატებით - თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე კომისიის მართლზომიერ სარგებლობაში არსებული პრომაქს ექსპლორერ HD+ ანალიზატორი;
ბ) გ. კობახიას არ მიუღია მონაწილეობა შპს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაში, ასევე ის არ წარმოადგენს შპს ”რეალკომთან” ან შპს ”ბლექსისატთან” დაკავშირებულ პირს;
გ) რადიოსიხშირული სპექტრის გაზომვისას გამოყენებული მოწყობილობებისა და აპარატურის ტექნიკურ სტანდარტებთან შეუსაბამობის თაობაზე, რაიმე მტკიცებულება ან დასაბუთება არ წარმოდგენილა;
კომისიამ მოისმინა კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის ბ-ნ კახი ყურაშვილის განმარტება, ადმინისტრაციულლი სამართალდამრღვევის ოქმში შემოწმებული მოწყობილობების ჩამონათვალისა და მათი ტექნიკური პარამეტრების აღწერის სავალდებულოობის თაობაზე. კ. ყურაშვილმა განმარტა, რომ კომისია ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” შესაბამისად უფლებამოსილია შეადგინოს შემოწმების აქტი, რომლის სავალდებულო რეკვიზიტებიც განსაზღვრულია ”მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-8 პუნქტით, რომლის ე) ქვეპუნქტის საფუძველზეც, შემოწმების აქტში მიეთითება ”შემოწმებული მოწყობილობების ჩამონათვალი და მათი ტექნიკური პარამეტრები”; რაც შეეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც მხოლდ იმ შემთხვევაში დგება, თუ სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, მისი სავალდებულო რეკვიზიტები განსაზღვრულია ამავე ”მარეგულირებელი წესების” 37-ე მუხლის პირველი პუქტით, სადაც ”შემოწმებული მოწყობილობების ჩამონათვალი და მათი ტექნიკური პარამეტრები”, სავალდებულოდ მისათითებლად არ არის მოცემული და არც ოქმის - მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის დამტკიცებულ ფორმაშია გათვალისწინებული. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში შპს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” მიერ ხდება შემოწმების აქტისა და სამართალდარღვევის ოქმის სავალდებულო რეკვიზიტების ერთმანეთში აღრევა, ხოლო თავად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000177 შედგენილია სწორად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ერთხმად გადაწყვიტა უარი ეთქვა შპს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგისათვის” შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და გადავიდა საქმის ფაქტორივი გარემოების არსებით განხილვაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000177 (22.05.2012);
2. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (22.05.2012 N10/583-12);
3. კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის N525/1, 2007 წლის 13 ივლისის N396/1, 2010 წლის 5 თებერვლის N67/2, 2010 წლის 26 თებერვლის N100/2 და 2011 წლის 6 მაისის N214/13 გადაწყვეტილებები;
4. კომისიაში შპს „რეალკომის“ მიერ 2012 წლის 15 მაისს წარმოდგენილი წერილი N7/321-12 ;
5. კომისიის მიერ შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგისა“ და შპს „რეალკომისთვის“ გაგზავნილი შეტყობინებები (23.05.2012, N03/1226-12 და 24.05.2012 N03/1229-12);
6. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
7. ამონაწერი კომისიის ავტორიზებული პირების უწყებრივი რეესტრიდან;
8. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტში დასაქმებული პირების, მათ შორის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე ხელმომწერი პირების ახსნა-განმარტებები;
9. მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების მიერ ბოლო მომხმარებლებისათვის შეთავაზებული და მიწოდებული სამომხმარებლო პაკეტები;
10. კომისიის სხდომაზე კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის, ნ. ასპანიძის მიერ წარმოდგენილი შემოწმების ჩატარების ამსახველი აუდიო-ვიდეო მასალა (დაცულია საქმის წარმოების მასალებში);
11. შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებები;
12. თხოვების ხელშეკრულება გაფორმებული, ერთი მხრივ, კომისიასა და მეორე მხრივ, -ფიზიკურ პირ გ. კობახიას შორის, 2012 წლის 1 მაისს;
კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000177 ოქმისა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არსებული მასალების შესწავლის შედეგად, დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. 2012 წლის 15 მაისს კომისიას განცხადებით მიმართა შპს „რეალკომმა“ მის მფლობელობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების თაობაზე. კერძოდ, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შპს „რეალკომი“ ვერ სარგებლობს კომპანიის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული დიაპაზონით, ვინაიდან აპარატურის ჩართვისა და ტესტირებისას აღმოჩნდა, რომ კომპანიის მფლობელობაში არსებული სიხშირული დიაპაზონი დაკავებულია და მასზე მიმდინარეობს სამაუწყებლო სიგნალის გადაცემა. განცხადებას თანდართული აქვს შპს „რეალკომის“ მიერ ჩატარებული გაზომვების შედეგები. განცხადებაში შპს „რეალკომი“ ითხოვს კომისიის მიერ შესაბამისი შემოწმების ჩატარებას.
2. შპს „რეალკომი“ კომისიის 2010 წლის 5 თებერვლის N67/2 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF60 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს რადიოსიხშირული ზოლით 10.705 – 11.181 მჰც სარგებლობის უფლებას ქ.თბილისში;
3. შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის N525/1 და 2007 წლის 13 ივლისის N396/1 გადაწყვეტილებების საფუძველზე ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF36 და NF54 ლიცენზიებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში. აღნიშნული ლიცენზიები ითვალისწინებს შემდეგი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლებას:
3.1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF36 ლიცენზია:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 11.294გჰც - 11.883 გჰც შემდეგ ქალქებსა და რაიონებში: ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, სამტრედია, სენაკი, ლანჩხუთი, ჩოხატაური და ოზურგეთი;
ბ) რადიოსიხშირული სპექტრი: 11.700 – 12.289 გჰც შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ჭიათურა, მცხეთა, გორი, კასპი, ხაშური, ხარაგაული, ზესტაფონი, საჩხერე, თერჯოლა, ტყიბული, აბაშა, ხობი, ზუგდიდი, მარტვილი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ხულო, ქედა, ხელვაჩაური, დუშეთი, ახალგორი, თიანეთი, ყაზბეგი, ონი, ამბროლაური, ლენტეხი, ცაგერი, მესტია, გალი, ოჩამჩირე, სოხუმი, გარდაბანი, მარნეული, თეთრიწყარო, ბოლნისი, დმანისი, წალკა, ცხინვალი, ბორჯომი, ასპინძა, ახალციხე, ახალქალაქი, ვანი, ბაღდათი, ხონი, წყალტუბო, ნინოწმინდა;
გ) რადიოსიხშირული სპექტრი: 11.359გჰც – 11.672გჰც და 12.228 გჰც – 12.289 გჰც ქ.თელავში და ყვარელში;
დ) რადიოსიხშირული სპექტრი: 11083 მჰც ÷ 11672 მჰც - ახმეტის, გურჯაანისა და სიღნაღის რაიონებში; 12228 მჰც ÷ 12817 მჰც დედოფლისწყაროს და საგარეჯოს რაიონებში;
3.2. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF54 ლიცენზია:
ა) სიხშირული ზოლი: 12317 მჰც ÷ 12905 მჰც შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: კასპი, ქარელი, ხაშური, გორი, ცხინვალი, დუშეთი, ყვარელი, თელავი, ლაგოდეხი, ახმეტა, სიღნაღი, გურჯაანი; ბ) სიხშირული ზოლი: 11191 მჰც ÷11667 მჰც შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: თბილისი, მცხეთა, ზესტაფონი, ქუთაისი, ჭიათურა, საჩხერე, გარდაბანი, თეთრი წყარო, დმანისი, ბოლნისი, საგარეჯო, დედოფლისწყარო;
გ) სიხშირული ზოლი 10705 მჰც ÷11293 მჰც შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: თერჯოლა, ტყიბული, ბაღდათი, ხონი, სამტრედია, აბაშა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ფოთი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ხულო, ბათუმი, ონი, ამბროლაური, ახალქალაქი, ახალციხე, ნინოწმინდა, თიანეთი, წალკა, ყაზბეგი, სენაკი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ზუგდიდი, ცაგერი, ლენტეხი, მესტია, გალი, სოხუმი, გაგრა, გულრიფში, ოჩამჩირე, გუდაუთა, ტყვარჩელი;
4. შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ კომისიის 2011 წლის 6 მაისის N214/13 გადაწყვეტილების შესაბამისად მინიჭებული აქვს რადიოსიხშირე საბაზო ტერმინალებამდე სიგნალის მისაწოდებლად, ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზების სადგურების ფუნქციონირებისთვის, ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით, 10 წლის ვადით - 2021 წლის 6 მაისამდე, შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით:
|
სადგურების განლაგების ადგილები |
სიხშირე(MHz) |
სიხშირული ზოლი |
სიმძლავრე |
ანტენის სიმაღლე |
|||
|
N |
A |
B |
A |
B |
MHz |
w |
m |
|
1 |
2 |
3 |
4 |
5 |
6 |
7 |
8 |
|
1 |
ტაბახმელაN 41 38 50.68E 044 46 21.49 |
ქ.მცხეთა |
10777 |
მიღება |
28 |
0.4 |
22 |
|
2 |
კოჯორიN 41 39 59.8E 044 41 59.51 |
მთა ცივი(ქ.თელავი) |
10777 |
მიღება |
28 |
0.4 |
30 |
|
3 |
ყვარელიN 41 54 27.38E 045 49 41.74 |
ქ.სიღნაღი |
10777 |
მიღება |
28 |
0.4 |
65 |
5. შპს „რეალკომის“ განცხადების საფუძველზე, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ სოფელ ტაბახმელაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ რადიოსიხშირული ზოლით 10778 მჰც – 11158 მჰც სარგებლობას ახორციელებს შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“, რომლის მიერაც აღნიშნული სიხშირული დიაპაზონით სარგებლობა ხორციელდება წერტილი-მრავალწერტილი სტრუქტურის ქსელით, ფართოზოლოვანი ტექნოლოგიური სისტემის (მიტრისი) სიგნალის გადასაწოდებლად, ტაბახმელას სათაო სადგურიდან მახათას მთაზე განთავსებულ სადგურამდე, ხოლო მახათას მთიდან ფართოზოლოვანი ტექნოლოგიური სისტემა „მიტრისის“ მეშვეობით ხორციელდება აბონენტების მიმართულებით სიგნალების გასხივება კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის N525/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ რადიოსიხშირულ ზოლში.
6. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით 2012 წლის 22 მაისს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N000177, რომელსაც კომისიის მხრიდან ხელს აწერენ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი ინჟინერი - ნ.კონდოლელი, უფროსი ინჟინერი - გ.ქართველიშვილი და ამავე დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი - გ.გოგიაშვილი, მოწმეები: აკაკი ჩხაბერიძე (პირადი N53001042757) და ნუგზარ კვახაძე (პირადი N01004002348); ოქმში აღნიშნულია, რომ სამართალდარღვევათა ოქმი წარედგინა შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ დირექტორს ზურაბ ბაზლიძეს, რომელმაც უარი განაცხადა ოქმის ჩაბარებაზე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს თანდართული აქვს ვიდეო და ფოტო მასალა, გადაღებული შემოწმებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის ადგილას.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად კომისია აღნიშნავს შემდეგს:
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
2. „ელექტრონული კომუნიკაცების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით.
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით ესაჭიროებათ რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მათ მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით“.
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
გამომდინარე იქიდან, რომ შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიერ რადიოსიხშრიული ზოლით 10778 მჰც - 11158 მჰც სარგებლობა ხორციელდება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის ან/და კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე მინიჭების გარეშე, რაც დადასტურებულია კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმებითა და შემოწმების შედეგად შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით N000177, შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიერ განხორციელებული ქმედება წარმოადგენს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევას და შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას; კერძოდ, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ლიცენზიის ან/და მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობას, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 10778 მჰც - 11158 მჰც სიხშირული ზოლი, რომელსაც შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ იყენებს სიგნალის გადასაცემად, წარმოადგენს შპს „რეალკომის“ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ რადიოსიხშირულ ზოლს, რომელიც გათვალისწინებულია შპს „რეალკომის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF60 ლიცენზიით.
საქმის განხილვის სტადიაზე ასევე დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ ჰქონია პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, გათვალისწინებულს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე და 35-ე მუხლებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიერ ჩადენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით; ამავე დროს, კომპანიას დაუყოვნებლივ უნდა აეკრძალოს 10778 მჰც - 11158 მჰც რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-მუხლის, 290-ე მუხლის, 1441-ე მუხლის პირველი ნაწილისა და XXII თავის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-13, მე-14, 15-ე, მე-16, 18-ე პუნქტების, 38-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. დაეკისროს ჯარიმა შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის;
2. უზრუნველყოს შპს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა” წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა, წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900;
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;
- სახაზინო კოდი - 300773251;
3. უზრუნველყოს შპს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა” ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
4. შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა“ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს 10778 მჰც - 11158 მჰც რადიოსიხშირული ზოლით სარგებლობა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ.ნინუა) აღნიშნული გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში გაგზავნა შპს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგისთვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;
6. გადაწყვეტილება გასაჩივრებადია ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6), 10 დღის ვადაში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით;
7. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგისთვის“ ჩაბარების დღიდან;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესარულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
