წვდომის მენიუ

„კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 4 მაისის N340/23 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 389 / 19

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 15, 2012

მიღების თარიღი ივნისი 06, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 4 მაისის N340/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებისთვის“ თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო სპეციალიზებული (შემეცნებითი) მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2012 წლის 4 ივნისი, 16:00 საათი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. გამომდინარე იქიდან, რომ კომისია შედგება 5 მოქმედი წევრისგან, ხოლო კომისიის 2012 წლის 4 ივნისის ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა კომისიის მხოლოდ ორი წევრი, ზეპირი მოსმენის სხდომა ვერ ჩატარდა კვორუმის არ არსებობის გამო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა შევიდეს ცვლილება „კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ კომისიის 2012 წლის 4 მაისის N340/23 გადაწყვეტილებაში და ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღად  უნდა განისაზღვროს 2012 წლის 15 ივნისის 16:00 საათი.

”საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე და 105-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შევიდეს ცვლილება „კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ კომისიის 2012 წლის 4 მაისის N340/23 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2012 წლის 15 ივნისს 16.00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;“

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აცნობოს შპს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებას“  ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღის შესახებ;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯანელიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება ინტერნეტში, კომისიის გვერდზე;

4.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                                                ს.ბრიტანჩუკი

                                                                                                            კ.კვიტაიშვილი

                                                                                                                        ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები