წვდომის მენიუ

შპს „სტერეო+“–ს სალიცენზიო და საავტორიზაციო პირობების შემოწმების შედეგების განხილვისა და შპს „სტერეო +“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 390 / 18

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 07, 2012

მიღების თარიღი ივნისი 06, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის  ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების შესრულებას. ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია მის/მათ მიმართ გამოიყენებს ამ კანონის 45-ე მუხლით დადგენილ სანქციებს. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელთა მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების შემოწმებას კომისია ახორციელებს სალიცენზიო პირობების შერჩევით შემოწმებით ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულარული ანგარიშგებით.  გარდა ამისა, კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს  შემოწმება კომისიაში შესული საჩივრის, ექს-პარტე შეტყობინების, საგაზეთო ან სხვაგვარი ინფორმაციის საფუძველზე.

კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 4 ივნისს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითა და სოციალური ქსელით (http://www.facebook.com/tv9.ge) გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2012 წლის 4 ივნისის საღამოდან ტელეკომპანია “მეცხრე არხის” მაუწყებლობა, თბილისში მეტრულ სიხშირეზე, სატელევიზიო ანტენების საშუალებით გახდა შესაძლებელი. საინფორმაციო პორტალ media.ge-ზე გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად, შპს „მეცხერე არხის“ დირექტორის, კობა ბექაურის განცხადებით ტელეარხმა მაუწყებლობის დაწყება კომპანია “სტერეო +”-სთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შეძლო. შპს „სტერეო +“ ფლობს ტრანზიტულ სიხშირეებს, რომელთა შორისაც ერთ-ერთი მეტრულ დიაპაზონშია და სწორედ აღნიშნული სიხშირეებით უწევს მომსახურებას შპს „მეცხრე არხს“. საინფორმაციო პორტალ „media.ge“-ზე ასევე გავრცელებულია შპს „სტერეო +“-ს დირექტორის დავით ზილფიმიანის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიამ Must carry-ის პრინციპის საფუძველზე გამოიჩინა კეთილი ნება და ვინაიდან შპს „მეცხრე არხს“ სურდა ქ.თბილისში მაუწყებლობა, დაუთმო მეტრული სიხშირე. ამავე პრინციპით შპს „სტერეო +“-ი ახორციელებს ასევე  „მაესტროს“,  „კავკასიის“, „საქართველოს“ და „იმედის“ მომსახურებასაც.

მასობრივი ინფორმაცის საშუალებებითა და სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ 2012 წლის 5 ივნისს ქ.თბილისში ჩატარდა მონიტორინგი, შპს „სტერეო +“-ს ლიცენზიებით განსაზღვრული სალიცენზიო პირობებისა და ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით.

მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ შპს „სტერეო +“ უზრუნველყოფს  მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი პირის - შპს „მეცხრე არხის“ სამაუწყებლო პროგრამების  გავრცელებას ეთერში,  შპს „სტერეო +“-ს კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზიით გათვალისწინებული 71.0 მჰც ±3 მჰც სიხშირული სპექტრით, ასევე რადიოსიხშირული სპექტით 66.8 მჰც - 74.0 მჰც, რის შედეგადაც შპს „მეცხრე არხის“ სატელევიზიო მაუწყებლობა ხელმისაწვდომია ბოლო მომხმარებლებისთვის თავისუფალ ეთერში და შესაბამისად ხორციელდება შპს „მეცხრე არხის“ სამაუწყებლო პროგრამების, ანალოგურ ფორმატში, რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით, საეთერო, ტრანზიტულ, ღია და თავისუფალ გავრცელება. ე.წ. „ღია ლინკის“ საშუალებით შპს „სტერეო +“–ს მიერ შპს „მეცხრე არხის“ სამაუწყებლო პროგრამების გავრცელების ფაქტი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში დაადასტურა შპს „სტერეო +“-ს დირექტორმა ბატონმა დავით ზილფიმიანმა.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისია ვალდებულია 3 სამუშაო დღით ადრე გამოაქვეყნოს  ინფორმაცია მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, გადაუდებელი აუცილებლობისას კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაუცველად. ამ შემთხვევაში კომისია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს ინფორმაცია სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე.

შპს „სტერეო +“-ს დირექტორის დავით ზილფიმიანის მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაკეთებული განცხადების, ასევე მასობრივი ინფორმაციისა და სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ შპს „სტერეო +“-ს მიერ განხორციელებული ქმედებები შესაძლებელია წინააღმდეგობაში მოდიოდეს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასა და შპს „სტერეო +“-ს სალიცენზიო და საავტორიზაციო პირობებთან, კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა შპს „სტერეო +“-ს სალიცენზიო  და საავტორიზაციო პირობების დაუყოვნებლივ შემოწმება და შესაბამისად, შემოწმების შედეგების დაუყოვნებლივ განხილვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ 2012 წლის 5 ივნისს ჩატარებულ იქნა შპს „სტერეო +“-ს სალიცენზიო და საავტორიზაციო პირობების შემოწმება და 2012 წლის 5 ივნისს შედგენილ იქნა შემოწმების აქტი N10, შპს „სტერეო +“-ს მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ბ) ქვეპუნქტისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების დარღვევასთან დაკავშირებით, ხოლო 2012 წლის 6 ივნისს - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N000183,  შპს „სტერეო +“-ს მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დარღვევებთან - ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობისა და ლიცენზიის, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობასთან დაკავშირებით.  აღნიშნული შემოწმების საფუძველზე, კომისიის მიერ 2012 წლის 5 ივნისს კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნდა კომისიის 2012 წლის 6 ივნისის სხდომის დღის წესრიგი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, შესაბამისად, საკითხის განხილვის თაობაზე შეტყობინებით (05.06.2012 N03/1301-12) ეცნობა შპს „სტერეო+“-ს და იგი მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას 2012 წლის 6 ივნისს ასევე გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები, კერძოდ, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N000183 და შემოწმების აქტი N10, რომელიც ჩაბარდა შპს „სტერეო +“-ს დირექტორის მოადგილეს მალხაზ კვარაცხელიას. კომისიის მიერ სხდომაზე შესწავლის მიზნით შპს „სტერეო+“-სგან ასევე გამოთხოვილ იქნა შპს „სტერეო +“-ს მიერ  შპს „ტელეიმედთან“, შპს „მეცხრე არხთან“,  შპს „სტუდია მაესტროსთან“, შპს „ტელეკომპანია კავკასიასთან“ და შპს „ტელეკომპანია საქართველოსთან“ გამფორმებული ხელშეკრულებების ასლები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის მიერ დაცულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნები დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 6 ივნისის სხდომა გახსნა კომისიის თავმჯდომარემ. კომისიის 2012 წლის 6 ივნისის სხდომას ესწრებოდა შპს „სტერეო +“-ს დორექტორი ბატონო დავით ზილფიმიანი. კომისიის სხდომაზე ასევე წარმოდგენილ იქნა შპს „მეცხრე არხის“ შუამდგომლობა, სადაც აღნიშნულია, რომ  კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია შეეხოს შპს „მეცხრე არხის“ კანონიერ ინტერესებს და შესაბამისად, კომპანია  ითხოვს ადმინისტრაციული წარმოებაში დაინტერესებულ პირად ჩართვას. კომისიის მიერ განხილულ იქნა შპს „მეცხრე არხის“ შუამდგომლობა და დაკმაყოფილდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 75-ე მუხლისა და  98-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა) პუნქტიდან გამომდინარე.

ადმინისტრაციული წარმოების მასალების წარმოდგენისათვის სიტყვა გადაეცა კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს კ.ყურაშვილს, რომელმაც კომისიას გააცნო საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შემდეგაც კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ნ.ასპანიძის მიერ კომისიის სხდომაზე გამოქვეყნდა შემოწმების ჩატარების შედეგების ამსახველი ვიდეო მასალა.

კომისიის სხდომაზე შპს „სტერეო +“-ს დირექტორმა, დავით ზილფიმიანმა აღნიშნა, რომ იგი ენდობა მონიტორინგის შედეგებს და კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ ვიდეო მტკიცებულებებთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს. რადიოსიხშირული სპექტის  66.8 მჰც - 68.0 მჰც გამოყენებასთან დაკავშირებით დავით ზილფიმიანმა განაცხადა, რომ აღნიშნული გადაცდომის ფაქტს შესაძლებელია ჰქონოდა ადგილი და მის მიერ გადამოწმებული იქნება აღნიშნული სიხშირეებით სარგებლობის ფაქტი.

კომისიის სხდომაზე დავით ზილფიმიანმა გამოაქვეყნა შპს „სტერეო +“-ს მიერ  შპს „მეცხრე არხთან“ რადიოსიხშირული სპექტრით მომსახურების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულება და განაცხადა, რომ შპს „სტერეო +“–ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული ზოლი 71.0 მჰც ± 3 მჰც „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ გათვალისწინებულია ფიქსირებული და მოძრავი რადიოხაზებით მომსახურებისთვის და შესაბამისად, შპს „სტერეო +“, შპს „მეცხრე არხთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად ახორციელებს აღნიშნული კომპანიისთვის შპს „სტერეო+“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით სიგნალის მოძრავი და უძრავი ობიექტებისთვის მიწოდებას რადიოსიხშირული ხაზების გამოყენებით. დავით ზილფიმიანის განცხადებით შპს „სტერეო +“-ს ასევე გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები შემდეგ სამაუწყებლო კომპანიებთან: „აჭარის ტელევიზია“, „ტელეკომპანია საქართველო“, „მაესტრო“, „ტელეკომპანია კავკასია“ და ტელეკომპანია „I  სტერეო“, მის სარგებლობაში არსებული სხვადასხვა ლიცენზიებით გათვალისწინებული სიხშირეებით მომსახურებაზე. მან ასევე განმარტა, რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზიით მომსახურებას უწევს მხოლოდ შპს „მეცხრე არხს“.

                შპს „მეცხრე არხისთვის“ გაწეული მომსახურების თაობაზე დავით ზილფიმიანმა აღნიშნა, რომ შპს „სტერეო+“-ს მიერ შპს „მეცხრე არხისთვის“ ე.წ „თავისუფალი ლინკით“ გაწეული მომსახურება თავისი შინაარსით ძალიან ჰგავს მაუწყებლობის ტრანზიტს, თუმცა შპს „სტერეო +“-ს დირექტორს მიაჩნია, რომ შპს „სტერეო +“ უზრუნველყოფს შპს „მეცხრე არხთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე რადიოხაზებით მომსახურებას - მოძრავი და უძრავი ობიექტებისთვის სიგნალის მიწოდებით. ამასთან, მისი განმარტებით, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს ეს ობიექტები ვინ, ან სად არიან; ამავე დროს, სიგნალის მიწოდებისას ავტომატურად შესაძლებელი ხდება სიგნალის დაჭერა ბოლო მომხარებლების მიერ, გამომდინარე იქედან რომ ახალი თაობის მიმღები აპარატურა (ტელევიზორები) აღიქვამენ BG სტანდარტის სიგნალს. ამავე დროს, დავით ზილფიმიანმა აღნიშნა, რომ ეს რომ იყოს მაუწყებლობის ტრანზიტი, მას შპს „მეცხრე არხთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, უნდა ჰქონდეს აღებული ვალდებულება, რომ შპს „მეცხრე არხის“ სამაუწყებლო პროდუქცია ხელმისაწვდომი იყოს აბონენტებისთვის, თუმცა აღნიშნული სახის ვალდებულება შპს „სტერეო +“-ს არ აქვს აღებული ხელშეკრულებით, ვინაიდან იგი ახორციელებს არა მაუწყებლობის ტრანზიტს, არამედ ახორციელებს შპს „მეცხრე არხის“ მომსახურებას მოძრავი და ფიქსირებული რადიოხაზებით, როგორც ეს გათვალისწინებულია მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

                დავით ზილფიმიანმა ასევე აღნიშნა, რომ იგი დაუყოვნებლივ განახორციელებს იმ გადაცდომის აღმოფხვრას, რაც გამოვლინდა მონიტორინგის შედეგად და შესაბამისად, დაუყოვნებლივ შეწყვიტავს რადიოსიხშირული სპექტრის  66.8 მჰც - 68.0 მჰც გამოყენებას, ვინაიდან აღნიშნული სიხშირეები არ არის გათვალისწინებული შპს „სტერეო +“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზიით, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გადაცდომის აღმოფხვრის შემდეგ შპს „მეცხრე არხის“ სამაუწყებლო პროდუქცია მაინც ხელმისაწვდომი იქნება საჯაროდ და ღიად ბოლო მომხმარებლის - აბონენტისთვის, ამაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს შპს „სტერეო +“, ვინაიდან ახალი თაობის მიმღებ აპარატურას (ტელევიზორებს) აქვს BG სტანდარტის სიგნალის აღქმის შესაძლებლობა და სწორედ აქედან გამომდინარე არის შპს „მეცხრე არხის“ სამაუწყებლო პროდუქცია ხელმისაწვდომის ბოლო მომხმარებლისთვის.

                კომისიის სხდომაზე შპს „სტერეო +“-ს და შპს „მეცხრე არხის“ წარმომადგენლების მიერ ასევე დაყენებულ იქნა შუამდგომლობა ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე იმ საკითხის გასარკვევად,  შპს „სტერეო +“-ს  მიერ NF13 ლიცენზიით გათვალისწინებული 71.0 მჰც ±3 მჰც რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით რადიოხაზებით მომსახურების ფარგლებში გავრცელებული სიგნალი ხელმისაწვდომი იქნება თუ არა მესამე პირისთვის ნებისმიერ შემთხვევაში.

                კომისიამ იმსჯელა აღნიშნული შუამდგომლობის თაობაზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლიდან გამომდინარე და აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის ბ) პუნქტის შესაბამისად, ხმათა უმრავლესობით (კომისიის წევრმა ი.მოსეშვილმა მხარი არ დაუჭირა) მიიჩნია, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს ვინაიდან საექსპერტოდ ჩამოყალიბებული კითხვა არარელევანტურია შპს „სტრეო +“–ს მიერ შპს „მეცხრე არხის“ სამაუწყებლო პროგრამების მასობრივი, საჯარო, ღია და თავისუფალი საეთერო ხელმისაწვდომობის საკითხის განხილვასთან დაკავშირებით.    

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1. 2012 წლის 5 ივნისის შემოწმების აქტი N10;

2. 2012 წლის 6 ივნისის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N000183;

3. საინფორმაციო პორტალ media.ge-ს მეშვეობით გავრცელებული განცხადება 05.06.2012;

4. სოციალური ქსელით შპს „მეცხრე არხის“ მიერ გავრცელებული განცხადება 05.06.2012;

5. შპს „სტერეო +“-ს დირექტორის დავით ზილფიმიანის მიერ მასმედიის საშუალებით გავრცელებული განცხადება (ვიდეო ჩანაწერი 05.06.2012);

6. კომისიის 2007 წლის 5 აპრილის N172/2 გადაწყვეტილება;

7. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

8. ამონაწერი კომისიის ავტორიზებული პირების უწყებრივი რეესტრიდან 06.06.2012 დრო 07:26; 06.06.2012 დრო 07:57;

9. შპს „სტერეო +“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF13, NF37, NF77, NF84, NF86 ლიცენზიები;

10. შპს „სტერეო +“-სა და შპს „მეცხრე არხს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება;

11. შპს სტერეო +“-ის და შპს „მეცხრე არხის“ წარმომადგენლების მიერ კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებები;

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, საქმის გარემობათა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლევის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრვი გარემოებები:

1. შპს  „სტერეო +“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია  2012 წლის 6 ივნისის 07:26 სთ–ის მდგომარეობით გავლილი ჰქონდა კომისიაში ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

ა) ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ბ) მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

გ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა: მონაცემთა დამუშავების ინტერნეტ ცენტრის შესაბამისი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

დ) ინტერნეტ მომსახურება: Wimax;

ე) მონაცემთა გადაცემა;

ვ) თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება;

ზ) სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება;

2. შპს  „სტერეო +“ ფლობს რადიოსიხშრიული სპექტრით სარგებლობის  NF13 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს 71.0. მჰც ±3 მჰც სიხშირული ზოლით სარგებლობის უფლებას მოძრავი ან/და ფიქსირებული რადიოხაზებით მომსახურებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე (ლიცენზიის მოქმედების ვადა 2016 წლის 2 ივნისამდე);

3. შპს „სტერეო +“, როგორც რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია უზრუნველყოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  შესაბამისად გაცემული კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელი პირების, ასევე საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის განმახორციელებელი პირების  ფიქსირებული ან/და მობილური სადგურ(ებ)იდან მიღებული ციფრული აუდიო/ვიდეო მონაცემების მეორე ფიქსირებულ/მობილურ სადგურ(ებ)ში  მიღება/გადაცემის მომსახურება;

4. შპს „სტერეო +“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზიის ფარგლებში შეთავაზებული მომსახურებით შესაძლებელია ისარგებლონ დაინტერესებულმა პირებმა, აუდიო/ვიდეო მონაცემების (სიუჟეტების ან თუნდაც სამაუწყებლო არხის) მიღება - გადაცემისთვის, რათა მათ მიერ ამ მონაცემების მიღება/გადაცემა მოხდეს სათაო ან რეგიონალური სტუდიებიდან ან/და მოძრავი სადგურებიდან, შემდგომში მათივე კუთვნილი სიხშირით (საეთერო მაუწყებლის შემთხვევაში) თავისივე სამაუწყებლო ზონა(ებ)ში ამ მონაცემების მომხარებლებისათვის (მაყურებლებისათვის, მსმენელებისათვის) ღია და თავისუფალი მიღების უზრუნველსაყოფად, ან საკაბელო ქსელის ოპერატორის პაკეტში ჩასართავად, ან სხვა შიდატექნოლოგიური მიზნით გამოყენებისთვის, რაც არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს, ამავე ლიცენზიით გათვალისწინებული სიხშირეებით გავრცელებული სამაუწყებლო სიგნალის ეთერში, ბოლო მომხმარებლის  თავისუფალ და შეუზღუდავ წვდომას. შპს „სტერეო +“-ს  NF13 ლიცენზიით გათვალისწინებული სიხშირეებით გადაცემული სიგნალი ბოლო მომხარებელს (მაყურებელს/მსმენელს) უნდა მიაწოდოს საეთერო (და არა თანამგზავრულმა) მაუწყებელმა, საეთერო სამაუწყებლო ლიცენზიით განსაზღვრულ სამაუწყებლო ზონაში მინიჭებული სამაუწყებლო სიხშირეების გამოყენებით და არა NF13 ლიცენზიით გათვალისწინებული სიხშირეებით;

5. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა შინაარსობრივად გამორიცხავს ამ ლიცენზით განსაზღვრული სიხშირეებით გადაცემული სიგნალის ბოლო მომხარებლის მიერ თავისუფალი,  ღია და საჯარო მიღების შესაძლებლობას, ვინაიდან ამ შემთხვევაში გაწეული მომსახურება შინაარსობრივად არის არა რადიოხაზებით მომსახურება, არამედ მაუწყებლობის ტრანზიტი, რაც ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სხვა სახეა; კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე- ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე- ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით;

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სახეზეა  შპს „სტერეო +“-ს მიერ მაუწყებლობის ტრანზიტის განხორციელება, რაზეც, ერთი მხრივ, შპს „სტერეო +“-ს არ ჰქონდა გავლილი ავტორიზაცია კომისიაში 2012 წლის 6 ივნისის 07:57 საათამდე და, მეორე მხრივ, კომპანია მაუწყებლობის ტრანზიტს ახორციელებდა რადიოსიხშრიული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზიით გათვალისწინებული სიხშირეების გამოყენებით;  აღნიშნული სიხშირეები კი, ამავე ლიცენზიის სალიცენზიო პირობების შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნას არა მაუწყებლობის ტრანზიტის, არამედ მოძრავი ან/და ფიქსირებული რადიოხაზებით მომსახურებისთვის;

7. შპს „სტერეო +“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზიით გათვალისწინებული მოძრავი ან/და ფიქსირებული რადიოხაზებით მომსახურება არ შეიძლება გულისხმობდეს ბოლო მომხმარებლის მიერ სამაუწყებლო კომპანიის სამაუწყებლო სიგნალის ე.წ. „ღია ლინკით“, ეთერით მიღების შესაძლებლობას, ვინაიდან, ამ შემთხვევაში, გარდა ზემოაღნიშნულისა, აზრს კარგავს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სიხშირული სპექტრის გამოყენებით კერძო ან/და სათემო მაუწყებლობის განხორციელების განსაკუთრებული საკონკურსო წესი. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობების ამგვარი არასწორი ინტერპრეტირების შემთხვევაში, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ეძლევა შესაძლებლობა აიღოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით ლიცენზია (რისთვისაც საჭიროა მხოლოდ სალიცენზიო მოსაკრებლის 2000 ლარის გადახდა და შესაბამისი დოკუმეტაციის წარმოდგენა კომისიაში) ან განახორციელოს მაუწყებლობა საკაბელო ქსელის გამოყენებით, რაც არ საჭიროებს არანაირ ლიცენზიას ან ნებართვას (მაშინ, როცა სიხშირული სპექტრით მაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვება საჭიროებს სალიცენზიო მოსაკრებლისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდას და კონკურსში გამარჯვებას) და ყოველგვარი კონკურსის გარეშე, შპს „სტერეო +“-სთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, განახორციელოს საეთერო (სიხშირული სპექტრის გამოყენებით) მაუწყებლობა;

8. აქვე გასათვალისწინებელია, რომ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ ცალკეა განსაზღვრული სამაუწყებლო სიხშირეთა დიაპაზონები და ცალკე - რადიოხაზების ორგანიზებისათვის. შპს „სტერეო +“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზიით გათვალისწინებული 71.0 მჰც ±3 მჰც სიხშირული დიაპაზონი, ზემოაღნიშნული გეგმის მიხედვით, სწორედ ფიქსირებული/მოძრავი რადიოხაზით მომსახურებისთვისაა გათვალისწინებული;

9. საგულისხმოა, ასევე, რომ შპს „სტერეო +“-ს ავტორიზაცია, 2012 წლის 6 ივნისის 07:57 საათამდე გავლილი ჰქონდა მხოლოდ თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურებაზე, რაც ტექნიკურად  არ შეიძლება განხორციელდეს NF13 ლიცენზიით გათვალისწინებული 71.0 მჰც ±3 მჰც სიხშირული დიაპაზონის გამოყენებით. თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის სპეციფიურობა იმაში მდგომარეობს, რომ ავტორიზებული პირის მიერ უნდა ხორციელდებოდეს მიწისზედა და ორბიტალური თანამგზავრული მიმღებ-გადამცემი სადგურების მეშვეობით სამაუწყებლო სიგნალის ბოლო მომხმარებლისთვის მიწოდება;

10. შპს „სტერეო +“-ს განცხადება,  იმის თაობაზე, რომ შპს „სტერეო +“ არ ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტს, არამედ ახორციელებს F13 ლიცენზიით გათვალისწინებულ მომსახურებას, კერძოდ უზრუნველყოფს შპს „მეცხრე არხის“ სამაუწყებლო სიგნალის, ამავე კომპანიის მობილურ სადგურებამდე რადიოარხით მიწოდებას, რა დროსაც ავტომატურად შესაძლებელი ხდება სიგნალის დაჭერა ბოლო მომხარებლების მიერ, გამომდინარე იქედან რომ ახალი თაობის მიმღები აპარატურა (ტელევიზორები) აღიქვამს BG სტანდარტის სიგნალს, კომისიას მიაჩნია დაუსაბუთებლად, ვინაიდან, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოარხებით მომსახურების გაწევა, მათ შორის მობილური სადგურებისათვის სიგნალის მიწოდება,  შესაძლებელია ტექნიკურად განხორციელდეს ისეთი ფორმატით, რომ მომსახურების სახე არ შეიცვალოს და რადიოხაზით მომსახურების ნაცვლად არ მივიღოთ მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურება;

გასათვალისწინებელია ასევე ის, რომ  კომისიის 2007 წლის 5 აპრილის N172/2 გადაწყვეტილების შესაბამისად, როდესაც განხორციელდა შპს „სტერეო +“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზიის მოდიფიცირება (რადიოსიხშირული სპექტრით 71.0. მჰც ± 3 მჰც სარგებლობის უფლება შპს „სტერეო +“-ს მიენიჭა მოძრავი ან/და ფიქსირებული რადიოხაზებით მომსახურებისთვის, ნაცვლად ფიქსირებული და მოძრავი რადიოსარელეო კომუნიკაციისა), შპს „სტერეო +“  ზემოაღნიშნული ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებდა მის სურვილს ზემოაღნიშნულ სიხშირულ დიაპაზონში ეწარმოებინა კომპანიების მომსახურება ციფრული (და არა ანალოგური) ვიდეო კომუნიკაციებით ფიქსირებულ და მოძრავ ობიექტებს შორის.  2012 წლის 5 ივნისის შემოწმების აქტის საფუძველზე კი დგინდება, რომ შპს „სტერეო +“ ახდენს ანალოგური სიგნალის გავრცელებას, რაც კიდევ უფრო მასობრივს ხდის მის მიერ გადაცემული სიგნალის ტრანზიტულ გავრცელებას;

11. ამდენად, შეიძლება დავასკვნათ, რომ შპს „სტერეო +“ მიზანმიმართულად ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას, რაზედაც მას 2012 წლის 6 ივნისის 07:57 საათამდე, არ ჰქონდა კომისიაში გავლილი ავტორიზაცია;

12. ამასთან, შპს „სტერეო +“, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზიით გათვალისწინებულ 71.0 მჰც ±3 მჰც სიხშირული დიაპაზონს იყენებს არადანიშნულებისამებრ, რაც წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სალიცენზიო პირობების დარღვევას;

13. გარდა ამისა, როგორც  2012 წლის  5 ივნისის შემოწმების აქტით გაირკვა, სახეზეა რადიოსიხშირული სპექტრის კომისიის მიერ მინიჭების, ნებართის ან ლიცენზიის გარეშე გამოყენების ფაქტიც, რაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მეორე  სამართალდარღვევაა.

14. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს „სტერეო +“-ს დირექტორის მიერ კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა ამონაწერი ავტორიზებული პირების უწყებრივი რეესტრიდან, რომელიც გაკეთდა კომისიაში, ავტომატურ რეჟიმში შპს „სტერეო +“-ს წარმომადგენლების მიერ და რომელიც დათარიღებულია 06.06.2012, დრო 07:57. აღნიშნულ ამონაწერში დაფიქსირებულია მაუწყებლობის ტრანზიტი (ტელემაუწყებლობის ტრანზიტი; რადიომაუწყებლობის ტრანზიტი) როგორც ავტორიზებადი საქმიანობის ერთ-ერთი სახე. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა  შპს „სტერეო +“-ს ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა რეესტრიდან, რომელიც დათარიღებულია 06.06.2012, დრო 07:26,  სადაც მაუწყებლობის ტრანზიტი, როგორც ავტორიზებადი საქმიანობის სახე დაფიქსირებული არ არის. შესაბამისად, შპს „სტერეო +“-ს ავტორიზაციის დეკლარაციაში ცვლილებები შპს „სტერეო +“-ს მიერ განხორციელდა უშუალოდ კომისიის სხდომის მიმდინარეობისას  07:57 საათზე, ელექტრონულად და შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება ავტომატურ რეჟიმში აისახა კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ  შპს „სტერეო +“-ს მიერ ერთდროულად დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისადაც ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები (ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებაში ასახული სალიცენზიო პირობები); ამავე კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის შესაბამისადაც, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას და ამავე დროს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ავტორიზაციის გარეშე საქმიანობისთვის, ასევე მინიჭების, ნებართვის ან ლიცენზისს გარეშე რადისიხშირული სპექტრით სარგებლობისათვის.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

            ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ  შპს „სტერეო +“-ს:

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, უნდა მიეცეს გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, ამავე კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების დარღვევის (არადანიშნულებისამებრ გამოყენების) გამო;

2. უნდა დაეკისროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევის, კერძოდ, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობისთვის, ასევე რადიოსიხშირული სპექტრით მინიჭების, ნებართვის ან ლიცენზიის გარეშე სარგებლობისათვის.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, ვინაიდან არსებობს შპს „სტერეო +“-ს მიერ უკანონო ქმედებათა აღკვეთის გადაუდებელი აუცილებლობა: შპს „სტერეო +“-ს მიერ განხორციელებული ქმედებები, ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას (კანონიერების დაცვის საჯარო ინტერესი), ხოლო მეორე მხრივ, შესაძლოა ზიანი მიაყენოს სხვა პირთა კერძო ინტერესებს (შპს „სტერეო +“-ს მიერ ლიცენზიის, მინიჭებისა და ნებართვის გარეშე გამოყენებული სიხშირული დიაპაზონი 66.8 – 68.0 მჰც, შპს ტელეკომპანია „I სტერეოს“ მართლზომიერ მფლობელობაშია); შესაბამისად, დამრღვევს უნდა დაეკისროს ქმედებათა განხორციელება:

 - რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზიით გათვალისწინებული 71.0 მჰც ±3 მჰც სიხშირული დიაპაზონის არადანიშნულებისამებრ არამართლზომიერი გამოყენების შეწყვეტა;

- ლიცენზიის, მინიჭებისა ან ნებართვის გარეშე 66.8 – 68.0 მჰც სიხშირული დიაპაზონით  სარგებლობის შეწყვეტა;

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე 96-ე 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის,  “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ)  ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 44-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-მუხლის, 290-ე მუხლის, 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-13, მე-14, მე-15, მე-16 და მე-18 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XII თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით (კომისიის წევრმა ირაკლი მოსეშვილმა მხარი დაუჭირა მხოლოდ გადაწყვეტილების პირველ პუნქტს)

გადაწყვიტა:

1. მიეცეს გაფრთხილება შპს „სტერეო +“-ს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო;

2. დაეკისროს ჯარიმა შპს „სტერეო +“-ს 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის;

3. უზრუნველყოს შპს ”სტერეო +”-მა წინამდებარე გადაწყვეტილების მეორე პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა, წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900;

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

- სახაზინო კოდი -  300773251;

4. უზრუნველყოს შპს ”სტერეო +”-მა ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

5. შპს „სტერეო +“-მა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს:

ა) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრის 71.0. მჰც ± 3 მჰც არადანიშნულებისამებრ, ამავე ლიცენზიის  პირობების დარღვევით გამოყენება;

ბ) ლიცენზიის  გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით 66.8-68.0 მჰც უკანონო სარგებლობა;

6.  აღნიშნული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

7. მიეცეს შპს „სტერეო +“-ს ამ გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის ნებაყოფლობით აღსასრულებლად ვადა 2012 წლის 7 ივნისის 14.00 საათამდე;

8. ამ გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის, ამავე გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ნებაყოფლობით აღუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტისა და 170-ე მუხლის შესაბამისად გამოყენებულ იქნას აღსრულების უზრუნველყოფის  საშუალება - სხვა პირისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების დავალება:

ა) დაევალოს შპს “ალფა-კომს” (საიდენტიფიკაციო კოდი 203829250) 2012 წლის 7 ივნისის 14.00 საათიდან, კომისიის მიმართვისა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გათიშოს შპს „სტერეო +“-ს კუთვნილი და მთაწმინდის სატელევიზიო ანძაზე განთავსებული აპარატურა, რომელიც მუშაობს  66.8-68.0 მჰც  და 71.0. მჰც ± 3 მჰც სიხშირულ დიაპაზონებში;

ბ) დავალების შესრულების შესახებ აცნობოს კომისიას არა უგვიანეს დავალების შესრულებიდან 24 საათისა;

გ) დავალების შესრულებასთან დაკავშირებით ხარჯების წარმოშობის შემთხვევაში, წარმოუდგინოს კომისიას ხარჯთაღრიცხვა.

9.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ.ნინუა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „სტერეო +“-სთვის დაუყოვნებლივ გადაცემა;

10.   გადაწყვეტილება ძალაში შედის შპს „სტერეო +“-სთვის გაცნობისა და კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

11.  გადაწყვეტილების მე-2, მე-3, მე-4 პუნქტები და მე-5 პუნქტის ბ)  ქვეპუნქტი შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, 10 დღის ვადაში;

12. გადაწყვეტილება (მე-2, მე-3, მე-4 პუნქტებისა და მე-5 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის გარდა) შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;

13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე)

14. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 და მე-6 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის  დეპარტამენტს (ს.შავგულიძე);

15.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი). 

               კომისიის თავმჯდომარე     ი.ჩიქოვანი

                კომისიის წევრები:          ს.ბრიტანჩუკი

                                                კ. კვიტაიშვილი

                                                                         

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები