წვდომის მენიუ

შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია GTC”-სთან მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიღების თაობაზე შპს ,,მაგთიკომის” განცხადების განხილვის შესახებ

ნომერი: 404 / 16

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 15, 2012

მიღების თარიღი ივნისი 08, 2012

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია. ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული საკომუნიკაციო  ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება, ხოლო  მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.

2012 წლის 25 მაისს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში კომისია) განცხადებით (№12/098-5; 25.05.12.)  მიმართა შპს ,,მაგთიკომმა” და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოითხოვა შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია  GTC”-სთან მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობა იმ საფუძვლით, რომ  შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია  GTC”-სთან მოქმედი ურთიერთჩართვის მომსახურებიდან გამომდინარე, შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია  GTC”-ს შპს ,,მაგთიკომის” მიმართ გააჩნია ფინანსური დავალიანება, რომლის ოდენობა 2012 წლის 24 მაისის მდგომარეობით შეადგენს 9,053.11 (ცხრა ათას ოთხმოცდაცამეტი ლარი და თერთმეტი თეთრი) ლარს. აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებებად შპს ,,მაგთიკომმა” კომისიაში წარმოადგინა შპს ,,მაგთიკომისა” და შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია  GTC”-ის მიერ ხელმოწერილი 2012 წლის 20 იანვრის ურთიერთშედარების აქტი და 2012 წლის თებერვლის, მარტის, აპრილისა და მაისის საოქმო გადაწყვეტილებები.

2012 წლის 30 მაისს, შპს ,,მაგთიკომმა” კომისიაში წარმოადგინა შპს ,,მაგთიკომსა” და შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია GTC“-ს შორის 2004 წლის 1 მაისს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება.

შპს ,,მაგთიკომის” განცხადების (№12/098-5; 25.05.12.) განხილვის მიზნით,  2012 წლის 1 ივნისს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 8 ივნისს, რის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ინტერნეტ ვებ-გვერდზე და წერილობითი შეტყობინებით ეცნობათ შპს ,,მაგთიკომს” და   შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია  GTC”-ს.  ამ უკანასკნელს, შესაბამისი ახსნა-განმარტების წარმოდგენის მიზნით  შეტყობინებასთან ერთად გადაეგზავნა შპს ,,მაგთიკომის”  განცხადება თანდართული დოკუმენტებით და ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 8 ივნისს,  კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,მაგთიკომის” წარმომადგენელი დავით  და შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია  GTC”-ის წარმომადგენელი

კომისიის სხდომაზე, შპს ,,მაგთიკომის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ვინაიდან შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია  GTC”-მა სრულად დაფარა ურთიერთჩართვის მომსახურებიდან გამომდინარე შპს ,,მაგთიკომის” მიმართ არსებული ფინანსური დავალიანება, შპს ,,მაგთიკომი” უარს აცხადებს განცხადებაზე და ითხოვა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს ,,მაგთიკომმა” უარი განაცხადა განცხადებაზე და ითხოვა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია  შეწყდეს  შპს ,,მაგთიკომის”  განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება, შპს  ,,ქართული სატელეფონო კომპანია  GTC”-სთან მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე  კომისიის თანხმობის მიღების თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის,  42-ე მუხლის მე-5 პუნქტის და  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    შეწყდეს შპს ,,მაგთიკომის”  განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება, შპს  ,,ქართული სატელეფონო კომპანია  GTC”-სთან მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე  კომისიის თანხმობის მიღების თაობაზე,  შპს ,,მაგთიკომის” მიერ განცხადებაზე უარის თქმის გამო;

2.    დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ.ნინუა) წინამდებარე გადაწყვეტილების  შპს ,,მაგთიკომისთვის” და შპს  ,,ქართული სატელეფონო კომპანია  GTC”-სთვის  გაგზავნა;

3.       გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

4.       გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სამოტივაციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

5.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის წევრი                                                                    სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                    კარლო კვიტაიშვილი 

კომისიის წევრი                                                                    ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები