წვდომის მენიუ

შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 406 / 18

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 15, 2012

მიღების თარიღი ივნისი 08, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (23.05.2012 N10/586-12), ავტორიზებული პირის - შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევის თაობაზე; კერძოდ, როგორც მოხსენებით ბარათშია აღნიშნული, კომისიაში 2012 წლის 22 მაისს შემოვიდა შპს “ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ წერილი 17.05.2012 N30 (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი 22.05.2012 N6/2726-12) რომლითაც კომპანიამ კომისიას აცნობა შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მფლობელების წილობრივ მონაწილეობაში ცვლილებების შეტანის შესახებ. კერძოდ, კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ნანეტაშვილმა, რომელიც ფლობდა კომპანიის წილის 30%-ს, საკუთარი წილის 10% გადასცა შპს „მეცხრე არხს“.  აღნიშნულის თაობაზე შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს” არ უცნობებია კომისიისთვის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

 “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება; „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ბადრი ნანეტაშვილის მიერ კომპანიის წილის 10%-ს გასხვისება შპს „მეცხრე არხზე“ განხორციელდა კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე, კომისიაში ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2012 წლის  28 მაისს  დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით სანქცირების თაობაზე.  საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 8 ივნისს 16:00 საათზე, რის თაობაზეც შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს” ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი შეტყობინებით (28.05.2012 N03/1248-12) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები და ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2012 წლის 8 ივნისის სხდომაზე, რომელზედაც არ გამოცხადებულა შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომაზე გადამოწმდა შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის“ კომისიის მიერ გაგზავნილი შეტყობინების ჩაბარების ფაქტი და კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ იქნა ქვითარი N1777 შპს „სმარტექსიდან“, რომლის შესაბამისადაც, შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“კომისიის მიერ 2012 წლის 28 მაისს გაგზავნილი შეტყობინება N03/1248-12 ჩაბარდა 2012 წლის 31 მაისს.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. კომისიის მიერ 2012 წლის 28 მაისს შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ გაეგზავნა შეტყობინება N03/1248-12 და იგი მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად; შპს „სმარტექსიდან“ მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ ჩაბარდა აღნიშნული შეტყობინება 2012 წლის 31 მაისს; გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნები დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ დაუსწრებლად. 

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.    კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი 23.05.2012 N10/586-12;

2. შპს „თრიალეთის“ 2012 წლის 17 მაისის წერილი N30 (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი 22.05.2012 N6/2726-12)

3. შპს „თრიალეთისთვის“ კომისიის მიერ 2012 წლის 28 მაისს გაგზავნილი შეტყობინება 28.05.2012 N03/1248-12;

4. შპს „სმარტექსის“ საფოსტო ქვითარი N1777 შეტყობინების ჩაბარების თაობაზე;

5. კომისიის 2011 წლის 25 ნოემბრის N675/18 გადაწყვეტილება;

6. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

7. ამონაწერი კომისიის ავტორიზებული პირების უწყებრივი რეესტრიდან.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი” არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი: 31.05.2006. ავტორიზებული საქმიანობის სახე - ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ტელემაუწყებლობის ტრანზიტი);

2. შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები,

3. 2012 წლის 17 მაისის წერილით N30 (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი 22.05.2012 N6/2726-12), შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთმა“ კომისიას აცნობა, რომ კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ნანეტაშვილმა გადასცა შპს „მეცხრე არხს“ კომპანიაში მისი 30%-იანი წილიდან 10%. შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) პირების რეესტრიდან დათარიღებული 2012 წლის 18 მაისით (ამონაწერის მომზადების დრო 09:28:47);

4. შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“  კომისიისთვის არ მოუმართავს წილის შეძენის განზრახვის თაობაზე კომისიისგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით და შესაბამისად, კომისიაში არ წარმოუდენია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია.

5. შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მიმართ კომისიის 2011 წლის 25 ნოემბრის N675/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, სანქციის სახით გამოყენებულ იქნა გაფრთხილება ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის  დარღვევის გამო;

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები გამოიყენება:

ა) თუ ხდება ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივის შეძენა;

ბ) თუ შერწყმის შედეგად ერთიანდება ორი ან მეტი პირი, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია;

გ) თუ ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა და თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი.

ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები არ გამოიყენება ავტორიზებული პირების წილის ან აქციების შეძენის შემთხვევაში, თუ შემძენი პირის ან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მიერ ერთობლივად ხდება ავტორიზებული პირის 5 პროცენტამდე წილის ან აქციების შეძენა.

2.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად: წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შეძენის  ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ:

ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;

ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან;

გ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე დაკავებული ფარდობითი წილები, მათი გაანგარიშების ან შეფასების საფუძვლები, თუ შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყველა ავტორიზებული პირის ჯამური წილი კომისიის მიერ განსაზღვრულ ბაზრის რომელიმე შესაბამის სეგმენტზე 25 პროცენტი ან მეტია;

დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა;

ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ,  ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია წილის შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა წილის შეძენაზე.

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ნანეტაშვილმა გადასცა შპს „მეცხრე არხს“ კომპანიაში მისი 30%-იანი წილიდან 10% და შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთმა“ კომპანიის 10%-იანი წილის გასხვისებამდე არ მიმართა კომისიას წილის შეძენის განზრახვის თაობაზე წინასწარი თანხმობის მიღების მიზნით და შესაბამისად, აღნიშნული წილის გასხვისება განხორციელდა კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე, შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მიერ დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და ამავე კანონის 26-ე მუხლი, რაც, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი 45-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე წარმოადგენს სანქცირების საფუძველს.

იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის 2011 წლის 25 ნოემბრის №675/18 გადაწყვეტილებით შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს” მიეცა გაფრთხილება,  კომისიას მიაჩნია, რომ ამჯერად მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა - ჯარიმის სახით.

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (05.06.2012 N10/631-12) შესაბამისად, კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების მიხედვით, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის” ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი არ აღემატება 3000.00 (სამი ათასი) ლარს და  შესაბამისად, შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“ უნდა დაჯარიმდეს 3000.00 (სამი ათასი) ლარით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის დარღვევის გამო და ამავე დროს, კომპანიას უნდა დაევალოს კომისიაში წარმოადგინოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული სრულყოფილი ინფორმაცია შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ბადრი ნანეტაშვილის 10%-იანი წილის შპს „მეცხრე არხისთვის“ მიერ შეძენასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაციის სრულად წარმოდგენის შემდეგ, კომისიას შესაძლებლობა მიეცემა განახორციელოს მისთვის ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 98-ე და 99-ე მუხლების,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-13, მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტების, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ)  ქვეპუნქტის, 25-ე, 26-ე და 43-ე მუხლების და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ დაეკისროს ჯარიმა 3000.00 (სამი ათასი) ლარის ოდენობით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ)  ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის დარღვევის გამო;

2. უზრუნველყოს შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთმა” წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

- სახაზინო კოდი -  300433251;

3. დაევალოს შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ 5 სამუშაო დღის ვადაში კომისიაში წარმოადგინოს შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ბადრი ნანეტაშვილის 10%-იანი წილის,  შპს „მეცხრე არხის“ მიერ შეძენასთან დაკავშირებით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული შეტყობინება; შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს: წილის შეძენის  ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას წილის შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ:

ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;

ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული

მომსახურებიდან;

გ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე დაკავებული ფარდობითი წილები, მათი გაანგარიშების ან შეფასების საფუძვლები, თუ  შეძენაში მონაწილე ყველა ავტორიზებული პირის ჯამური წილი კომისიის მიერ განსაზღვრულ ბაზრის რომელიმე შესაბამის სეგმენტზე 25 პროცენტი ან მეტია;

დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა;

ე) ინფორმაცია წილების მფლობელთა შესახებ,  ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე და შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის” მიერ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლა დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე);

5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული სანქციის თაობაზე ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;

6.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ.ნინუა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

7.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

8.   გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის“ ჩაბარების დღიდან;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე)

10.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი). 

            კომისიის თავმჯდომარის

                მოვალეობის შემსრულებელი:                                                                   ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრები:                                                                                          კ. კვიტაიშვილი

                                                                                                                                  ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები