წვდომის მენიუ

შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 407 / 18

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 15, 2012

მიღების თარიღი ივნისი 08, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი 04.06.2012 N10/622-12 სადაც აღნიშნულია, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ განხორციელდა კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონიტორინგი, კერძოდ, უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში არსებული მონაცემების შედარება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებთან და გამოირკვა, რომ შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპმა“ განახორციელა ცვლილებები სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში, კერძოდ სს „რააქ ჯორჯია ჰოლდინგმა“  შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპში“ მის მფლობელობაში არსებული 90% წილი გაასხვისა 45% გიორგი არველაძის, 30% გიორგი კორახაშვილის და 15% გიორგი მიქელაძის სასარგებლოდ. აღნიშნული ცვლილებები დასტრუდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) პირების რეესტრის ამონაწერიდან, რომელიც მომზადებულია 2012 წლის 23 თებერვალს.

როგორც კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათშია აღნიშნული, შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს“ არ უცნობებია კომისიისთვის კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა ზემოაღნიშნული ინფორმაცია, ამავე დროს, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ადმინისტრაციულ დეპარტამენტებში (სამსახურებრივი ბარათები: 04.06.2012 N10/628-12; 05.06.2012 N10/628-12; 05.06.2012 N10/627-12) გადამოწმებულ იქნა შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ მიერ კომისიაში წილის შეძენის განზრახვის თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენის ფაქტი, გამომდინარე იქიდან, რომ ავტორიზებული პირის წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე და დადგინდა, რომ კომპანიას კომისიისთვის ასევე არ უცნობებია წილის შეძენის განზრახვის თაობაზე, როგორც ეს გათვალისწინებულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2012 წლის  5 ივნისს  დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი გ) ქვეპუნქტის და 26-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით სანქცირების თაობაზე.  საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 8 ივნისს 16:00 საათზე, რის თაობაზეც შპს ,,ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს” ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი შეტყობინებით (05.06.2012 N03/1293-12) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები და ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2012 წლის 8 ივნისის სხდომაზე, რომელზედაც არ გამოცხადებულა შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომაზე გადამოწმდა შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპისთვის“ კომისიის მიერ გაგზავნილი შეტყობინების ჩაბარების ფაქტი და დადასტურდა, რომ კომპანიას, კომისიის მიერ 2012 წლის 5 ივნისს გაგზავნილი შეტყობინება N03/1293-12 ჩაბარდა ხელზე, უშუალოდ კომპანიის ოფისში 2012 წლის 5 ივნისს.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. კომისიის მიერ 2012 წლის 5 ივნისს შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს“ გაეგზავნა შეტყობინება N03/1293-12 და იგი მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად;  შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს“ ჩაბარდა აღნიშნული შეტყობინება ხელზე, უშუალოდ კომპანიის ოფისში 2012 წლის 5 ივნისს; გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნები დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ დაუსწრებლად. 

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.    კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათები (04.06.2012 N10/622-12; 05.06.2012 N10/627-12);

2. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (04.06.2012 N10/623-12);

3. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (05.06.2012 N10/628-12);

4. შპს „ჯორჯინ მედია პროდაქშენ გრუპისთვის“ კომისიის მიერ 2012 წლის 5 ივნისს გაგზავნილი შეტყობინება 05.06.2012 N03/1293-12;

5. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

6. ამონაწერი კომისიის ავტორიზებული პირების უწყებრივი რეესტრიდან.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს ,,ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი” არის ავტორიზებული პირი, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

ა)ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:

სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ბ) მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

გ) ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება: ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

2. შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3. შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპმა“ განახორციელა ცვლილებები სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში, კერძოდ სს „რააქ ჯორჯია ჰოლდინგმა“ შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპში“ მის მფლობელობაში არსებული 90% წილი გაასხვისა 45% გიორგი არველაძის, 30% გიორგი კორახაშვილის და 15% გიორგი მიქელაძის სასარგებლოდ. აღნიშნული ცვლილებები დასტრუდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) პირების რეესტრის ამონაწერიდან, რომელიც მომზადებულია 2012 წლის 23 თებერვალს;

4. შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს“  კომისიისთვის არ მოუმართავს წილის შეძენის განზრახვის თაობაზე კომისიისგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით და შესაბამისად, კომისიაში არ წარმოუდენია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია;

5. შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს“ კომპანიის წილის მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში არ უცნობებია კომისიისთვის, როგორც ეს გათვალისწინებულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტით;

6. შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციის არც ერთი სახე.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები გამოიყენება:

ა) თუ ხდება ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივის შეძენა;

ბ) თუ შერწყმის შედეგად ერთიანდება ორი ან მეტი პირი, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია;

გ) თუ ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა და თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი.

ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები არ გამოიყენება ავტორიზებული პირების წილის ან აქციების შეძენის შემთხვევაში, თუ შემძენი პირის ან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მიერ ერთობლივად ხდება ავტორიზებული პირის 5 პროცენტამდე წილის ან აქციების შეძენა.

2.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად: წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შეძენის  ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ:

ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;

ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან;

გ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე დაკავებული ფარდობითი წილები, მათი გაანგარიშების ან შეფასების საფუძვლები, თუ შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყველა ავტორიზებული პირის ჯამური წილი კომისიის მიერ განსაზღვრულ ბაზრის რომელიმე შესაბამის სეგმენტზე 25 პროცენტი ან მეტია;

დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა;

ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ,  ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია წილის შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა წილის შეძენაზე;

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია  თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას;

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისიად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სს „რააქ ჯორჯია ჰოლდინგმა“ შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპში“ მის მფლობელობაში არსებული 90% წილი გაასხვისა 45% გიორგი არველაძის, 30% გიორგი კორახაშვილის და 15% გიორგი მიქელაძის სასარგებლოდ და კომპანიას არ მოუმართავს კომისიისთვის წილის შეძენის განზრახვის თაობაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით; ამავე დროს, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) პირების რეესტრში განხორციელებული ცვლილების თაობაზე არ უცნობებია ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის ვადაში, შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ მიერ დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტები და ამავე კანონის 26-ე მუხლი, რაც, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი 45-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე წარმოადგენს სანქცირების საფუძველს.

იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს“ უნდა მიეცეს გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების და ამავე კანონის 26-ე მუხლის დარღვევის გამო და ამავე დროს, კომპანიას უნდა დაევალოს კომისიაში წარმოადგინოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული სრულყოფილი ინფორმაცია შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“  ერთ-ერთი დამფუძნებელის სს „რააქ ჯორჯია ჰოლდინგის“ მიერ შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპში“ მის მფლობელობაში არსებული 90% წილის გასხვისებასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაციის სრულად წარმოდგენის შემდეგ, კომისიას შესაძლებლობა მიეცემა განახორციელოს მისთვის ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 98-ე და 99-ე მუხლების,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-13, მე-14 და მე-15  პუნქტების, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) და გ) ქვეპუნქტის, 25-ე, 26-ე და 43-ე მუხლების და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს გაფრთხილება შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტებისა და 26-ე მუხლის დარღვევის გამო;

2. დაევალოს შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს“ 5 სამუშაო დღის ვადაში კომისიაში წარმოადგინოს შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“  ერთ-ერთი დამფუძნებელის სს „რააქ ჯორჯია ჰოლდინგის“ მიერ შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუფში“ მის მფლობელობაში არსებული 90% წილი გასხვისებასთან დაკავშირებით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული შეტყობინება; შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს: წილების შეძენის  ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას წილების შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ:

ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;

ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული

მომსახურებიდან;

გ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე დაკავებული ფარდობითი წილები, მათი გაანგარიშების ან შეფასების საფუძვლები, თუ  შეძენაში მონაწილე ყველა ავტორიზებული პირის ჯამური წილი კომისიის მიერ განსაზღვრულ ბაზრის რომელიმე შესაბამის სეგმენტზე 25 პროცენტი ან მეტია;

დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა;

ე) ინფორმაცია წილების მფლობელთა შესახებ,  ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე და შპს ,,ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის” მიერ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლა დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე);

4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული სანქციის თაობაზე ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;

5.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ.ნინუა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

6.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.   გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპისთვის“ ჩაბარების დღიდან;

8.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი). 

                კომისიის თავმჯდომარის

                მოვალეობის შემსრულებელი:                                                                      ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრები:                                                                                            კ. კვიტაიშვილი                

                                                                                                                                  ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები