შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 27, 2012
მიღების თარიღი ივნისი 15, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით (09.11.2011 №7/559-11 და 10.11.2011 №7/567-11) მიმართა შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით” გათვალისწინებული არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონაში 1XX(XXX) ფორმატის ნუმერაციის რესურსის მინიჭების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას” ნუმერაციის რესურსი ესაჭიროება საკუთარი აბონენტებისთვის საინფორმაციო-საცნობარო სამსახურის ორგანიზებისთვის.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ ”საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს კომისია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისია გასცემს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვებს და ამავე დროს, კომისია უფლებამოსილია ნებართვის გარეშე, გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული ვადით მიანიჭოს ნუმერაციის რესურსი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირებს.
კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსი ენიჭებათ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებების მომსახურების მიმწოდებელ ავტორიზებულ პირებს, საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებების მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზაციის ვადით; საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების” მე-3 დანართის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში ავტორიზებული პირების საავარიო და საინფორმაციო -საცნობარო სამსახურისთვის განსაზღვრულია 110XXX ფორმატის ნომრები.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია” მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობას აპირებს საკუთარი აბონენტებისთვის საავარიო და საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების ორგანიზებისთვის და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით” ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში ავტორიზებული პირების საავარიო და საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის გათვალისწინებულია ნუმერაციის რესურსის (110XXX ) მინიჭება, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას” განცხადება და მას უნდა მიენიჭოს ნუმერაციის რესურსი 1-1-0-0-0-5 (ერთი-ერთი-ნული-ნული-ნული-ხუთი) საკუთარი აბონენტებისთვის საავარიო და საინფორმაციო-საცნობარო სამსახურის ორგანიზებისთვის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზაციის ვადით.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების” მე-3 დანართის მე-5 პუნქტის, კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული ”ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-10 მუხლის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას” ნუმერაციის რესურსი - 1-1-0-0-0-5 (ერთი-ერთი-ნული-ნული-ნული-ხუთი), 2012 წლის 15 ივნისიდან, საავარიო და საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზაციის ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე;
2. შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია” უფლებამოსილია აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს მხოლოდ საკუთარი აბონენტებისთვის საავარიო და საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების მისაწოდებლად;
3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობის განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც; ამ შემთხვევაში შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის” ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., № 6) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ც.უჯმაჯურიძე).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა. სიხარულიძე
ი.მოსეშვილი