კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 26, 2012
მიღების თარიღი ივნისი 22, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/02-12, 03/01/2012) მიმართა შპს „ითეტვიმ“ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე. კერძოდ, შპს „ითეტვი“ ითხოვდა საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო ტელემაუწყებლობის ლიცენზიას, რომლის სახეობა იქნებოდა საერთო მაუწყებლობა, გეოგრაფიული ზონა – საქართველო, ხოლო მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 24 საათი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ითეტვის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, კერძოდ, არ იყო მითითებული პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა, შესაბამისად კომისიამ შპს „ითეტვის“ განცხადებაზე 2012 წლის 29 თებერვალს დაადგინა ხარვეზი, რომელიც შპს „ითეტვის“ მიერ აღმოფხვრილ იქნა 2012 წლის 15 მარტს (კომისიაში რეგისტრაციის №6/1335-12).
ზემოაღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების თაობაზე შპს „ითეტვის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია შესაბამისობაში იყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან; კერძოდ, შპს „ითეტვის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია:
1. ლიცენზიის მაძიებლის განცხადება, რომელიც აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლის მე–2 პუნქტის მოთხოვნებს;
2. სალიცენზიო მოსაკრებლის (2000.00 ლარი) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
3. სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
4. შესაბამისობის დეკლარაცია.
შპს „ითეტვის“ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადად მითითებულია – ლიცენზიის გაცემიდან 1 თვე.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის N1/1/468 გადაწყვეტილების შესაბამისად, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის სიტყვების “ლიცენზიის მფლობელი”, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადგენს საკაბელო ქსელის საშუალებით მაუწყებლის ლიცენზირების ვალდებულებას და ასევე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვები „საკაბელო ქსელის“. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო მაუწყებლობის განხორციელება აღარ ექვემდებარება ლიცენზირებას.
კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 23 აპრილს კომისიას დაზუსტებული განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/273-12) მიმართა შპს „ითეტვიმ“ და მოითხოვა 2012 წლის 3 იანვარს წარმოდგენილ პირველად განაცხადში (კომისიაში რეგისტრაციის №7/02-12) მითითებული საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მაგივრად, თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემა, რომლის სახე იქნება კერძო მაუწყებლობა, სახეობა - საერთო ტელემაუწყებლობა, გეოგრაფიული ზონა – საქართველო, ხოლო მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 24 საათი.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38–ე მუხლის შესაბამისად, კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს. კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის, ხოლო საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობა ხორციელდება ტელე ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების ან სამაუწყებლო გადამცემების მეშვეობით, სიხშირული სპექტრის გამოყენებით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38–ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს შპს „ითეტვისთვის“ თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დამაბრკოლებელი გარემოებები, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ითეტვისთვის“ თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371-ე, 38-ე და 41–ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ითეტვისთვის“ თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2012 წლის 20 ივლისს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ითეტვისთვის“ გაგზავნა (მ. ნინუა);
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ითეტვისთვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
