წვდომის მენიუ

შპს ტელერადიოკომპანია ”რიონის” კერძო მაუწყებლობის №B73 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №828/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 451 / 23

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 12, 2012

მიღების თარიღი ივნისი 29, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას განცხადებით მიმართა შპს ტელერადიოკომპანია „რიონმა“ (№7/374-12, 19.06.2012),  კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B73 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, შპს ტელერადიოკომპანია „რიონი“ ითხოვს კერძო მაუწყებლობის №B73 ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების იმგვარ ცვლილებას, რომ კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა ზემოაღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე, ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით გაავრცელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც. როგორც განცხადებაშია აღნიშნული მოდიფიცირების შემდგომ სამაუწყებლო ბადე გავრცელდება მაღალი ხარისხის სიგნალით, რაც გაამარტივებს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესს.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელერადიოკომპანია „რიონი“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B73 ლიცენზიას კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №828/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე:  კერძო მაუწყებლობა;

 ლიცენზიის სახეობა:   საერთო ტელემაუწყებლობა და საერთო რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 31 დეკემბრამდე;

მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები:  

ა) ტელემაუწყებლობა 31-ე სატელევიზიო არხზე 500 ვტ სიმძლავრის     გადამცემის გამოყენებით ქ.ქუთაისში და მიმდებარე რაიონებში, სატელევიზიო გამოსახულების სიგნალის  შესაძლო  მაქსიმალური დონეები დეციმეტრული დიაპაზონის 31-ე სატელევიზიო არხზე საკონტროლო გაზომვის წერტილებში შემდეგი ჩამონათვალის მიხედვით:

 ა.ა)  ქ.წყალტუბო –   72 დბ (მკვ/მტ);

ა.ბ)  ქ.ხონი –   60 დბ (მკვ/მტ);

ა.გ)  ქ.სამტრედია –   66დბ (მკვ/მტ);

ა.დ)   ს.ბაღდათი –   60 დბ (მკვ/მტ);

ა.ე)  ქ.ვანი –   66 დბ (მკვ/მტ);

ა.ვ)  ქ.ზესტაფონი –    54 დბ (მკვ/მტ);

ბ) რადიომაუწყებლობა 105.5 მგჰც სამუშაო სიხშირეზე 500 ვატი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ.ქუთაისში და მიმდებარე რაიონებში;  

კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს  ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის  ცვლილებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს, შპს ტელერადიოკომპანია „რიონის“ კერძო მაუწყებლობის №B73 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა, ვინაიდან, შპს ტელერადიოკომპანია „რიონის“ მოთხოვნის საფუძველზე, ლიცენზიების მოდიფიცირების შემდეგ, ლიცენზიის მფლობელი უზრუნველყოფს უკვე არსებული ლიცენზიების ფარგლებში გაწეული სამაუწყებლო საქმიანობის მომხმარებლისათვის მიწოდებას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც, სიხშირული სპექტრით მაუწყებლობის ზონის გაზრდის გარეშე.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება, ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ტელერადიოკომპანია „რიონის“ კერძო მაუწყებლობის №B73 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №828/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2012 წლის 27 ივლისს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ტელერადიოკომპანია „რიონისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                             ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები