წვდომის მენიუ

შპს ტელეკომპანია „დიას“ კერძო მაუწყებლობის №B31 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №832/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 452 / 2

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 12, 2012

მიღების თარიღი ივნისი 29, 2012

                საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას განცხადებით მიმართა შპს ტელეკომპანია „დიამ“ (№7/282-12, 25.04.2012), კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B31 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, შპს ტელეკომპანია „დია“ ითხოვს კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების იმგვარ ცვლილებას, რომ კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა კერძო მაუწყებლობის №B31 ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით გაავრცელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №832/6 გადაწყვეტილების საფუძველზე შპს ტელეკომპანია „დია“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B31 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 31 დეკემბრამდე;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა მე-11 სატელევიზიო არხზე 10 ვტ-ის სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. ხაშური და მიმდებარე ტერიტორია;

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს. კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის, ხოლო რაც შეეხება მაუწყებლობის განხორციელების ტექნიკურ პარამეტრებს, საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობა ხორციელდება ტელე ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების ან სამაუწყებლო გადამცემების მეშვეობით, სიხშირული სპექტრის გამოყენებით.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისად, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს  ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის  ცვლილებას.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელეკომპანია „დიას“ კერძო მაუწყებლობის №B31 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა, ვინაიდან, შპს ტელეკომპანია „დიას“ მოთხოვნის საფუძველზე, ლიცენზიის მოდიფიცირების შემდეგ, ლიცენზიის მფლობელი უზრუნველყოფს უკვე არსებული ლიცენზიის ფარგლებში გაწეული სამაუწყებლო საქმიანობის მომხმარებლისათვის მიწოდებას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც, სიხშირული სპექტრის გამოყენებით ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილების გარეშე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2012 წლის 18 მაისის №364/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ტელეკომპანია „დიას“ კერძო მაუწყებლობის №B31 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №832/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით; საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2012 წლის 15 ივნისს 16:00 საათზე.

კომისია აღნშნავს, რომ საკითხის ზეპირი მოსმენა ჩატარდა კომისიის 2012 წლის 15 ივნისის სხდომაზე. ზეპირი მოსმენის დროს არ გამოვლენილა შპს ტელეკომპანია „დიას“ კერძო მაუწყებლობის №B31 ლიცენზიის   მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია განხორციელდეს შპს ტელეკომპანია „დიას“ კერძო მაუწყებლობის №B31 ლიცენზიის  მოდიფიცირება და შპს ტელეკომპანია „დიას“ კერძო მაუწყებლობის №B31 ლიცენზიის  ტექნიკურ პარამეტრებად განისაზღვროს ტელემაუწყებლობა მე-11 სატელევიზიო არხზე 10 ვტ-ის სიმძლავრის გადამცემისა და თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს ტელეკომპანია „დიას“ კერძო მაუწყებლობის №B31 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №832/6 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს ტელეკომპანია „დიას“ მაუწყებლობის №B31 ლიცენზიას  2021 წლის 31 დეკემბრამდე და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 31 დეკემბრამდე;

დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

დ.ა) ტელემაუწყებლობა მე-11 სატელევიზიო არხზე 10 ვტ-ის სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. ხაშური და მიმდებარე ტერიტორია;

დ.ბ) ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.“

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს ტელეკომპანია „დიას“–სთვის (ნ. ჯავახაძე);

ბ) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ.ლორთქიფანიძე);

დ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს ტელეკომპანია „დია“–სთვის აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                              ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                                ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                ა. სიხარულიძე

კოისიის წევრი                                                                                                                  ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები