წვდომის მენიუ

შპს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებისთვის“ თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 453 / 1

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 03, 2012

მიღების თარიღი ივნისი 29, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (21.02.2012 N7/113-12) მიმართა  შპს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებამ“ ტელესამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო სპეციალიზებული  მაუწყებლობის ლიცენზიების გაცემის თაობაზე.

შპს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ ითხოვს ტელესამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზიას, რომლის სახეობა იქნება სპეციალიზებული (შემეცნებითი) მაუწყებლობა, ხოლო მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 18 საათი;

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადება და ასევე თანდართული დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ, განცხადებაში დასაზუსტებელი იყო ლიცენზიის სახე და სახეობა, ამავე დროს არ იყო კომისიაში წარმოდგენილი სალიცენზიო მოსაკრებლის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი და შესაბამისობის დეკლარაცია, კომისიამ  შპს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“  განცხადებაზე 2012 წლის 19 მარტს და 2012 წლის 2 აპრილს დაადგინა ხარვეზები, რომლებიც შპს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“  მიერ აღმოფხვრილ იქნა.

ზემოაღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ, ტელესამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო სპეციალიზებული (შემეცნებითი) მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების თაობაზე შპს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“  მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია შეესაბამება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კერძოდ, შპს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“  მიერ კომისიაში წარმოდგენილია:

1.      ლიცენზიის მაძიებლის განცხადებები, რომლებიც აკმაყოფილებენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლის მე–2 პუნქტის მოთხოვნებს;

2.      სალიცენზიო მოსაკრებლის (2000.00 ლარი) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

3.      სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

4.      შესაბამისობის დეკლარაცია.

ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მაძიებლის, შპს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში მითითებულია პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა - ლიცენზიის გაცემიდან 12 თვე.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38–ე მუხლის შესაბამისად, კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს. კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის, ხოლო საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობა ხორციელდება ტელე ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების ან სამაუწყებლო გადამცემების მეშვეობით, სიხშირული სპექტრის გამოყენებით.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38–ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისია მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიებს გასცემს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2012 წლის 4 მაისის N340/23 გადაწყვეტილების შესაბამისად დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, შპს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებისთვის“ თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო სპეციალიზებული (შემეცნებითი) ლიცენზიის გაცემის მიზნით. საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2012 წლის 4 ივნისს 16:00 საათზე.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. გამომდინარე იქიდან, რომ კომისია შედგება 5 მოქმედი წევრისგან, ხოლო კომისიის 2012 წლის 4 ივნისის ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა კომისიის მხოლოდ ორი წევრი, ზეპირი მოსმენის სხდომა ვერ ჩატარდა კვორუმის არ არსებობის გამო. შესაბამისად, კომისიის 2012 წლის 6 ივნისის N389/19 გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ კომისიის 2012 წლის 4 მაისის N340/23 გადაწყვეტილებაში და ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2012 წლის 15 ივნისის 16:00 საათი.

კომისია აღნიშნავს, რომ ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2012 წლის 15 ივნისის სხდომაზე. ზეპირი მოსმენის სხდომაზე არ გამოვლენილა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო  სპეციალიზებული (შემეცნებითი) მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის დამაბრკოლებელი გარემოებები. შესაბამისად, ზეპირი მოსმენის სხდომაზე, კომისიის მიერ ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების თარიღად განისაზღვრა 2012 წლის 29 ივნისი.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ მიერ თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო სპეციალიზებული (შემეცნებითი) ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ამავე დროს, ზეპირი მოსმენის სხდომაზე არ გამოვლენილა ლიცენზიის გაცემის დამაბრკოლებელი გარემოებები, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებისთვის“ თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო სპეციალიზებული (შემეცნებითი) ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371-ე, 38-ე 41–ე მუხლების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებას“ კერძო  მაუწყებლობის №B126 ლიცენზია შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (შემეცნებითი) ტელემაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2022 წლის 29 ივნისამდე;

დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით - საქართველოს ტერიტორიაზე;

2. დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის ხანგრძლივობად განისაზღვროს 18 საათი;

3. შპს „საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ ვალდებულია:

ა) ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობა დაიწყოს ლიცენზიის გაცემიდან 12 თვის ვადაში;

ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

გ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ზ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

თ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში,  მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

ი) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

კ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას” მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.

ლ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:

მ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;

ნ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის  საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

ო) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

პ) უზრუნველყოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

ჟ) უზრუნველყოს სატელევიზიო დროის ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისთვის გამოყოფა;

რ)უზრუნველყოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511–ე მუხლის გათვალისწინებული მხატვრული ფილმის ეთერში განთავსების წესების დაცვა;

ს) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3  მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა  (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნებისთვის გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);

ე) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე).

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებისთვის“ აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–2 და მე–3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2 და მე–3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა)

კომისიის თავმჯდომარე                                                        ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                        ს. ბრიტანჩუკი

                კომისიის წევრი                                                                                კ.კვიტაიშვილი

                კომისიის წევრი                                                                                ა.სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                        ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები