შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 05, 2012
მიღების თარიღი ივნისი 29, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2012 წლის 29 მაისს კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/2797-12) მიმართა შპს „გლობალ მედია ჯგუფმა“ და მოითხოვა კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ძიუდოში საერთაშორისო შეჯიბრებების საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო ჩვენების ექსკლუზიური უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულება გულისხმობს სატელევიზიო ჩვენების ექსკლუზიურ უფლებას საქართველოს ტერიტორიაზე.
შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ 2012 წლის 29 მაისის განცხადებით მოთხოვნილია ააიპ „საქართველოს ძიუდოს ეროვნულ ფედერაციასთან“ 2012 წლის 1 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა, რომელიც გულისხმობს შემდეგი საერთაშორისო შეჯიბრებების საქართველოს ტერიტორიაზე ექსკლუზიური ჩვენების უფლებას:
ა) გრან პრი – ბაქო, აზერბაიჯანი (05.05.12–06.05.12);
ბ) გრან სლემი – მოსკოვი, რუსეთი (26.05.12–27.05.12);
გ) გრან სლემი – რიო დე ჟანეირო, ბრაზილია (09.06.2012–10.06.12);
დ) გრან პრი – აბუ დაბი, არაბთა გაერთიანებული საამიროები (11.10.12–13.10.12);
ე) მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი – სალვადორ დე ბაია, ბრაზილია (27.10.12–28.10.12);
ვ) გრან პრი – ქინგდაო, ჩინეთი (24.11.12–25.11.12);
ზ) გრან სლემი – ტოკიო, იაპონია (30.11.12–02.12.12);
კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, აგრეთვე ამ განცხადების საფუძველზე კომერციულ საიდუმლოებად საცნობი ხელშეკრულება და მიიჩნია, რომ შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულება, ძიუდოში საერთაშორისო შეჯიბრებების საქართველოს ტერიტორიაზე ექსკლუზიური სატელევიზიო ჩვენების შესახებ, შინაარსობრივად შესაძლებელია ნაწილობრივ შეიცავდეს კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციას, რადგან მის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულება შეიცავს ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ზემოაღნიშნული ხელშეკრულება შეიცავს, როგორც ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, ასევე ინფორმაციას მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების შესახებ, შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ 2012 წლის 29 მაისის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №6/2797-12) უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კომისიის აზრით, შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულების ზემოაღნიშნული ნაწილების საჯაროდ დატოვებამ, შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ 2012 წლის 29 მაისის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №6/2797-12) ნაწილობრივ:
ა) ძიუდოში საერთაშორისო შეჯიბრებების საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო ჩვენების ექსკლუზიური უფლების შესახებ, შპს „გლობალ მედია ჯგუფსა“ და ააიპ „საქართველოს ძიუდოს ეროვნულ ფედერაციას“ შორის 2012 წლის 1 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების (01.05.12–31.12.12) მე–3 მუხლი და დანართი №1–ის ფინანსური ნაწილი ცნობილ იქნას შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;
2. ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ.ნინუა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „გლობალ მედია ჯგუფისათვის“ დაუყონებლივ გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „გლობალ მედია ჯგუფისათვის“ ჩაბარების დღიდან.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
