წვდომის მენიუ

შპს ”ფოთი ტვ“-ის მაუწყებლობის №B47 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების შესახებ

ნომერი: 461 / 6

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 17, 2012

მიღების თარიღი ივლისი 06, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”ფოთი ტვ”-იმ განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/2790-12, 29.05.2012წ.) მიმართა კომისიას და მოითხოვა კომპანიის კუთვნილი მაუწყებლობის №B47 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება.

შპს ”ფოთი ტვ” ფლობს  მაუწყებლობის №B47 ლიცენზიას კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: საეთერო რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

რადიომაუწყებლობა 100,5 მგჰც სიხშირეზე, 50 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.ფოთი.

კომისიის 2012 წლის 8 ივნისის № 402/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ფოთი ტვ“-ის მაუწყებლობის №B47 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე.

ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2012 წლის 6 ივლისის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიაში შეტანილი უნდა იქნას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე. ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.

კომისია  აღნიშნავს, რომ  შპს ”ფოთი ტვ”-ის მიმართ ლიცენზიის მოქმედების პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები; ამავე დროს, კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.

კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000 (ორი ათას) ლარს. შპს ”ფოთი ტვ“-ის მიერ საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია სალიცენზიო მოსაკრებელი – 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, რაც დასტურდება 2012 წლის 29 მაისს წარმოდგენილი წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №6/2790-12) და მასზე თანდართული გადახდის დამადასტურებელი ქვითრით.

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება, რომელმაც შპს ”ფოთი ტვ”-ის  მაუწყებლობის №B47 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შეადგინა – 4,212.00 (ოთხი ათას ორას თორმეტი) ლარი.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისთანავე გამოვლინდა                  შპს ”ფოთი ტვ“-ის მაუწყებლობის №B47 ლიცენზიის მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა, კერძოდ, კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ლიცენზიის სახე - საეთერო რადიომაუწყებლობა  არ შეესაბამებოდა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის შესაბამისად კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ საჭირო იყო შპს „ფოთი ტვ“-ის კუთვნილი მაუწყებლობის №B47 ლიცენზიის მოდიფიცირება, რათა ლიცენზია მოყვანილ ყოფილიყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში.

საკითხის ზეპირი მოსმენა ჩატარდა კომისიის 2012 წლის 6 ივლისის სხდომაზე. სხდომას ესწრებოდა შპს „ფოთი ტვ“-ის დირექტორი მამუკა ფაჩულია, რომელმაც დაადასტურა მაუწყებლობის №B47 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში კომისიის მიერ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, ერთი წლის ვადაში გადახდაზე მზადყოფნა. ამავე დროს, შპს „ფოთი ტვ“-ის წარმომადგენლის მიერ დაზუსტდა დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა – 15 საათი. 

საკითხის ზეპირი მოსმენისას არ გამოვლენილა შპს ”ფოთი ტვ”-ის მაუწყებლობის №B47 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები, შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ზეპირი მოსმენის სხდომაზევე მიიღოს გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული ლიცენზიის მოდიფიცირებისა და მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–4 მუხლის და IX თავის, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  38-ე მუხლის პირველი, მე–2 და მე–4 პუნქტების, 39-ე მუხლის, 45–ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს „ფოთი ტვ“-ის მაუწყებლობის №B47 ლიცენზიას 2022 წლის 10 ივლისამდე, მოდიფიცირდეს №B47  ლიცენზიის სახე და სახეობა და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2022 წლის 10 ივლისამდე;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: რადიომაუწყებლობა 100,5 მგჰც სიხშირეზე, 50 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.ფოთი.

2. დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა – 15 საათი;

3. შპს „ფოთი ტვ“ ვალდებულია:

ა) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

ბ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

გ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

დ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

ე) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

ზ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში,  მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

თ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

ი) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.

კ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:

ლ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;

მ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის  საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

ნ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ო) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3  მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;

4. შპს „ფოთი ტვ“-ის კერძო მაუწყებლობის №B47 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გათვალისწინებული სალიცენზიო გადასახდელი შეადგენს – 4,212.00 (ოთხი ათას ორას თორმეტი) ლარს.

5. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის – 4,212.00 (ოთხი ათას ორას თორმეტი) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი -TRESGE22;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი -300423062;

351.00 ლარი – 2012 წლის 6 აგვისტომდე;

351.00 ლარი – 2012 წლის 6 სექტემბრამდე;

351.00 ლარი – 2012 წლის 6 ოქტომბრამდე;

351.00 ლარი – 2012 წლის 6 ნოემბრამდე;

351.00 ლარი – 2012 წლის 6 დეკემბრამდე;

351.00 ლარი – 2013 წლის 6 იანვრამდე;

351.00 ლარი – 2013 წლის 6 თებერვლამდე;

351.00 ლარი – 2013 წლის 6 მარტამდე;

351.00 ლარი – 2013 წლის 6 აპრილამდე;

351.00 ლარი – 2013 წლის 6 მაისამდე;

351.00 ლარი – 2013 წლის 6 ივნისამდე;

351.00 ლარი – 2013 წლის 6 ივლისამდე;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

დ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ფოთი ტვ“-სთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე).

7. გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

8. გადაწყვეტილება (პირველი პუნქტის გარდა) ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ფოთი ტვ“-სთვის ჩაბარებისთანავე;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი).

12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 და მე–5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე).

13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე–2, მე–3, მე-4 და მე–5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის წევრი                                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები