წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 11 ნოემბრის №609/15 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 465 / 19

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 12, 2012

მიღების თარიღი ივლისი 06, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 11 ნოემბრის  №609/15 გადაწყვეტილებით შპს “კავკასუს ონლაინს” მიენიჭა ნუმერაციის რესურსი: 1-1-7-7-1 (ერთი-ერთი-შვიდი-შვიდი-ერთი) ინტერნეტპროვაიდერების საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისათვის, უვადოდ საქართველოს ტერიტორიაზე.

   კომისია აღნიშნავს, რომ    საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებულ ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებაში” 2012 წლის 24 მაისის  განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, დებულების №3 დანართის მე-5 პუნქტით  ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში ავტორიზებული პირების საავარიო და საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის განისაზღვრა 110XXX ფორმატის ნუმერაციის რესურსი. ზემოაღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით, შპს ”კავკასუს ონლაინს” კომისიის 2012 წლის 15 ივნისის №418/15 გადაწყვეტილებით მიენიჭა ნუმერაციის რესურსი 110006, საკუთარი აბონენტებისთვის საავარიო და საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების მისაწოდებლად.

გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულება” აღარ ითვალისწინებს ინტერნეტპროვაიდერების საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის 117XX ფორმატის ნუმერაციის რესურსით სარგებლობას და ამავე დროს კომისიის 2012 წლის 15 ივნისის №418/15 გადაწყვეტილებით შპს ”კავკასუს ონლაინს” საკუთარი აბონენტების საავარიო და საინფორმაციო-საცნობარო მომსახურებისთვის უკვე მინიჭებული აქვს ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ეროვნული სისტემის დებულებით” გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი 110006, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია კომისიის 2011 წლის 11 ნოემბრის №609/15 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას.

   ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-2 ნაწილის დ) ქვეპუნქტის და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ №3 დანართის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ”შპს ”კავკასუს ონლაინისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ” კომისიის 2011 წლის 11 ნოემბრის №609/15 გადაწყვეტილება;

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს “კავკასუს ონლაინისთვის” ჩაბარების დღიდან;

 3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., № 6) ერთი  თვის ვადაში;

4.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის წევრები:                                                                                         ს.ბრიტანჩუკი

კ.კვიტაიშვილი

ა. სიხარულიძე

                                                                                                                   ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები