წვდომის მენიუ

სს ”სილქნეტისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 466 / 24

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 24, 2012

მიღების თარიღი ივლისი 06, 2012

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს ”სილქნეტმა”  (კომისიაში რეგისტრაციის №7/386-12, 26/06/2012) სატელეკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ხუთციფრა მოკლე ფორმატის ერთ ნომერზე (17007) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. სს ”სილქნეტს” აღნიშნული ნუმერაციის რესურსი ესაჭიროება შეკვეთით საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირის განსახორციელებლად.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე  მუხლის  შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად, უვადოდ, ყოველწლიური განახლებით. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი იხდის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სანებართვო მოსაკრებელს და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.

კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტის და მე-8 მუხლის კ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ნებართვა გაიცემა მოკლე ნომრებზე (რომლის სრული ფორმატი  5 ციფრიანია, მისი გამოყენება შესაძლებელია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე  ეროვნული დანიშნულების კოდისა და ეროვნული პრეფიქსის გარეშე);  სატელეკომუნიკაციო (17XXX), ასევე არასატელეკომუნიკაციო (16XXX) მომსახურების მისაწოდებლად: ნებართვა  გაიცემა - 1  ნომერზე; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური ხუთციფრა მოკლე ნომრებზე სატელეკომუნიკაციო სერვისების მისაწოდებლად შეადგენს - 1500 ლარს ნუმერაციის ერთ რესურსზე;

,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ ნებართვაზე შეადგენს 100 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

კომისიამ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლასს ”სილქნეტის”  მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობა კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს, რომ სს ”სილქნეტის” მიერ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ სს ”სილქნეტის”   მიერ კომისიაში წარმოდგენილია სანებართვო განცხადება, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის - 100 ლარის და რესურსით სარგებლობის საფასურის - 1500 ლარის  საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის,  ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების”  შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს სს ”სილქნეტს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N36  ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 1-7-0-0-7 (ერთი-შვიდი-ნული-ნული-შვიდი)სატელეკომუნიკაციო მომსახურებისთვის კერძოდ, შეკვეთით საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირის განსახორციელებლად;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

2.  ეცნობოს სს ”სილქნეტს”, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემიდან/განახლებიდან 1 წლის ამოწურვამდე  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენა უნდა მოხდეს ვადის გასვლამდე 10 სამუშაო დღით ადრე.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სანებართვო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე).

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში.

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის დამოწმებული ასლის სს ”სილქნეტისთვის”  ჩაბარებისთანავე.

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის წევრი                                                                                                  ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                 ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                 კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები