წვდომის მენიუ

შპს „ტელეკომპანია აისისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 480 / 18

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 23, 2012

მიღების თარიღი ივლისი 13, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის  საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია.  ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე)  ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი  რეაგირების მიზნით 2012 წლის 26 ივნისს გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების  დეპარტამენტის 2012 წლის 26 ივნისის  N10/695-12  სამსახურებრივი ბარათი, რომლიდანაც ირკვევა, რომ  შპს  „ტელეკომპანია აისის“ 100% მფლობელი  2012 წლის 23 თებერვლიდან გახდა შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“; აღნიშნული ცვლილების განხორციელების შემდგომ, შპს „ტელეკომპანია აისს“ არ შეუსრულებია  კანონისმიერი ვალდებულება და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი  პუნქტის შესაბამისად,  კომისიაში არ  წარმოუდგენია  და ინტერნეტის მეშვეობით საკუთარ ვებგვერდზე არ გამოუქვეყნებია შესაბამისობის დეკლარაცია.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 26 ივნისის N10/695-12 სამსახურებრივი ბარათის  საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 3 ივლისის - შპს „ტელეკომპანია აისისათვის“ შეტყობინების გაგზავნის დღიდან, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია აისისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 13 ივლისს 16 საათზე. აღნიშნულის შესახებ შპს „ტელეკომპანია აისს“ ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე  ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გაცნობისა და გამოთხოვის  უფლება.  

კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 13 ივლისს, კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს “ტელეკომპანია აისის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელსაც როგორც, შპს „სმარტექსიდან“ მიღებული ინფორმაციით დასტურდება, ჩაბარდა კომისიის მიერ 2012 წლის 4 ივლისს გაგზავნილი შეტყობინება, კერძოდ, შეტყობინება ჩაბარდა  მაკა ოდივაძეს, რაც დასტურდება შეტყობინების ასლზე მისი ხელისმოწერით; შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის მიერ დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, სადაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ადმინიტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „ტელეკომპანია აისის“ წარმომადგენლის დაუსწრებლად.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.       კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 26 ივნისის N10/695-12 სამსახურებრივი ბარათი;

2.       შპს „ტელეკომპანია აისის“ კუთვნილი  NB106 ლიცენზია;

3.       მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრისა და  კომისიის  უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემები;

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ გამორკვეულ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.      შპს „ტელეკომპანია აისი“ წარმოადგენს კერძო სპეციალიზირებული ტელემაუწყებლობის NB106 ლიცენზიის მფლობელს;

2.      მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრის 2012 წლის 23 თებერვლის ამონაწერის  მიხედვით, შპს „ტელეკომპანია აისის“ 100% წილის მფლობელი 2012 წლის 23 თებერვლიდან გახდა შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“, რაც 2012 წლის 24 თებერვალს კომისიაში შემოსული შპს „ტელეკომპანია აისის“ N 6/1020-12  წერილითაც  დასტურდება. კერძოდ, ზემოაღნიშნული ამონაწერის შესაბამისად, შპს „ტელეკომპანია აისის“ 100% წილის მფლობელი  იოსებ მგელაძის ნაცვლად,  გახდა შპს „ჯორჯიან მედია ფროდაქშენ გრუპი“;

3.      2012 წლის 23 თებერვლიდან შპს „ტელეკომპანია აისს“ შესაბამისობის დეკლარაცია კომისიაში  10 დღის ვადაში  არ  წარმოუდგენია და არც  ინტერნეტის მეშვეობით საკუთარ ვებგვერდზე არ გამოუქვეყნებია; კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ შპს „ტელეკომპანია აისმა“ 2012 წლის 6 ივლისს, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდეგ, კომისიაში წარმოადგინა შესაბამისობის დეკლარაცია და საკუთარ ვებგვერდზეც გამოაქვეყნა;

4.      შპს ,,ტელეკომპანია აისის” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

„მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს კანონის  62-ე მუხლის პირველი  პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობების პირების ცვლილებების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილებების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. მაუწყებელი ასევე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე.

კომისიას მიაჩნია, რომ  ვინაიდან  შპს ,,ტელეკომპანია აისს“ 2012 წლის 23 თებერვლიდან, მას შემდეგ რაც მისი 100% წილის მფლობელი გახდა შპს „ტელეკომპანია ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“   არ წარმოუდგენია კომისიაში, ასევე არ გამოუქვეყნებია ინტერნეტის მეშვეობით საკუთარ ვებგვერდზე განახლებული შესაბამისობის დეკლარაცია, მის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  62-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა,  რაც კომპანიის სანქცირების საფუძველია.

,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე მაუწყებლის მიერ ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფთხილოს.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ტელეკომპანია აისის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის  არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის აღნიშნული კანონის  71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უნდა გაფრთხილდეს.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის, 62-ე მუხლის პირველი პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად,  ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.   შპს ,,ტელეკომპანია აისს”  მიეცეს გაფრთხილება ,,მაუწყებლობის შესახებ”  საქართველოს კანონის  62-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს  ,,ტელეკომპანია აისისათვის”  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს  ,,ტელეკომპანია აისისათვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს „ტელეკომპანია აისის“ სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარის                                                                                                                             მოვალეობის შემსრულებელი                                                          სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                        ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                       კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                        აკაკი სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები