წვდომის მენიუ

შპს „ კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და სს „ინფოჯორჯია XXI“-ს შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 482 / 16

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 17, 2012

მიღების თარიღი ივლისი 13, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”კავკასიის ციფრულმა ქსელმა”, სს „ინფოჯორჯია XXI“-თან VOIP ტექნოლოგიის გამოყენებით ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით დავის განხილვის მოთხოვნით.

კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელსა” და სს „ინფოჯორჯია XXI“-ს შორის არსებობს ფაქტობრივი პირდაპირი ურთიერთჩართვა VOIP ტექნოლოგიის გამოყენებით, მაგრამ მიუხედავად არსებული ურთიერთჩართვისა, სს „ინფოჯორჯია XXI” თავს არიდებს  ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებას და შპს „კავკასიის ციფრული ქსელებისთვის“ ზარის წამოწყების საფასურის გადახდას.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2012 წლის 12 ივნისს შპს „კავკასიის ციფრულმა ქსელმა“ წერილობით მიმართა სს „ინფოჯორჯია XXI”-ს ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების წინადადებით და მიაწოდა ურთიერთჩართის ხელშეკრულების ტექსტი, ხოლო 2012 წლის 18-20 ივნისს მხარეებმა მოახდინეს ურთიერთჩართვის ხელშეკრულების ტექსტის საბოლოო დაზუსტება. 2012 წლის 22 ივნისს შპს „კავკასიის ციფრულმა ქსელმა“ განმეორებით მიმართა სს „ინფოჯორჯია XXI”-ს ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის თხოვნით. 2012 წლის 27 ივნისს, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიღებული წერილით სს „ინფოჯორჯია XXI” თავს არიდებს ურთიერთჩართვის ხელშეკრულების ხელმოწერას და ურთიერთჩართვის ხელშეკრულების ხელმოწერას უკავშირებს მხარეებს შორის მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებას, რომლის შესაბამისადაც შპს „კავკასიის ციფრული ქსელი“ უზრუნველყოფს საკუთარი აბონენტების დაკავშირებას სს „ინფოჯორჯია XXI”-ს საინფორმაციო ცენტრ 11809-სთან და შესაბამისი მომსახურების საფასურის ამოღებას.

მოთხოვნები:

1. კომისიამ შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და სს „ინფოჯორჯია XXI”-ს შორის დაადგინოს ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობები;

2. კომისიამ მისცეს თანხმობა შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ შეაჩეროს სს „ინფოჯორჯია XXI”-თან ფაქტობრივი ურთიერთჩართვა, ამ უკანასკნელის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერამდე;

კომისია აღნიშნავს, რომ

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით; მხარეები კომისიაში საქმის წარმოებას იწყებენ კომისიისათვის სათანადო განცხადების წარდგენით.

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას, რომელზედაც კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ.

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ  მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.

კომისია აღნიშნავს, რომ დავის განხილვასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სხდომა კომისიაში გაიმართა 2012 წლის 13 ივლისს. მოსამზადებელი სხდომის გამართვის შესახებ, შეტყობინებით ეცნობათ შპს „კავკასიის ციფრულ ქსელებს“ და სს „ინფოჯორჯია XXI“-ს. სს „ინფოჯორჯია XXI“-ს ასევე ეთხოვა განსახილველ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი ახსნა-განმარტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა 2012 წლის 13 ივლისამდე.

მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდა შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორი ბატონი დავით თუთბერიძე. მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადებულა სს „ინფოჯორჯია XXI”-ს  წარმომადგენელი.

მოსამზადებელ სხდომაზე შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორმა დაადასტურა მის მიერ კომისიაში წარმოდგნილი განცხადება და დააზუსტა განცხადებაში აღნიშნული მოთხოვნები, კერძოდ ბატონმა დავით თუთბერიძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა რომ შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და სს „ინფოჯორჯია XXI”-ს შორის არსებობს ზეპირსიტყვიერი შეთანხმება ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობებზე, შპს „კავკასიის ციფრული ქსელს“ აღნიშნული შეთანხმების დამადასტურებელი რაიმე წერილობითი დოკუმენტი არ აქვს და სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით იგი ითხოვს კომისიის მიერ შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და სს „ინფოჯორჯია XXI”-ს შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების პირობების დადგენას და ამავე დროს თანხმობას, მხარეებს შორის არსებული ფაქტობრივი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე, თუ არ მოხდება მოდავე მხარეებს შორის ურთიერთჩართვის თაობაზე წერილობითი ხელშეკრულების გაფორმება.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს „კავკასიის ციფრული ქსელი“ და სს „ინფოჯორჯია XXI” წარმოადგენენ ავტორიზებულ პირებს და მხარეებს შორის არსებობს დავა ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით, კომისის მიაჩნია, რომ მიზანშეწონილია დავის განხილვის დანიშვნა 2012 წლის 27 ივლისს 16:00 საათზე. ამავე დროს, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს შპს „კავკასიის ციფრულის ქსელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და სს „ინფოჯორჯია XXI”-ს შორის გასაფორმებელი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პროექტის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა, კერძოდ:

ა) შპს „კავკასიის ციფრულ ქსელების“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პროექტი შესაბამისობაშია თუ არა მოქმედ კანონმდებლობასთან?

ბ) შესაძლებელია თუ არა შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და სს „ინფოჯორჯია XXI”-ს შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დადგენა, ზემოაღნიშნულ  ხელშეკრულებაში ჩამოყალიბებული დებულებების გათვალისწინებით?

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის, 38-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გადაწყვიტა:

1. შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“  და სს „ინფოჯორჯია XXI”-ს შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დადგენასთან და სს „ინფოჯორჯია XXI”-თან ფაქტობრივი ურთიერთჩართვის შეჩერებასთან დაკავშირებული დავის განხილვა დაინიშნოს 2012 წლის 27 ივლისს  16:00 საათზე;

2. დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ შპს „კავკასიის ციფრული ქსელები“  გაფრთხილდა კომისიის 2012 წლის 13 ივლისის სხდომაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აცნობოს სს „ინფოჯორჯია XXI”-ს დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ;

4. დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს შპს „კავკასიის ციფრულის ქსელის“ მიერ, კომისიაში წარმოდგენილი შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და სს „ინფოჯორჯია XXI”-ს შორის გასაფორმებელი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პროექტის შესწავლა და დასკვნის წარმოდგენა შემდეგ საკითხებზე:

ა) შპს „კავკასიის ციფრულ ქსელების“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პროექტი შესაბამისობაშია თუ არა მოქმედ კანონმდებლობასთან?

ბ) შესაძლებელია თუ არა შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და სს „ინფოჯორჯია XXI”-ს შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დადგენა, ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაში ჩამოყალიბებული დებულებების გათვალისწინებით?

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

6.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნების დღიდან.

7.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების  მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე)

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-4 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                    ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრები                                                               კ.კვიტაიშვილი

                                                                                    ა.სიხარულიძე

                                                                                    ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები