”კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 22 ივნისის N432/23 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 03, 2012
მიღების თარიღი ივლისი 27, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 22 ივნისის N432/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ითეტვისთვის“ თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო (საერთო) მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2012 წლის 20 ივლისის 16:00 საათი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. გამომდინარე იქიდან, რომ კომისია შედგება 5 მოქმედი წევრისგან, ხოლო კომისიის 2012 წლის 20 ივლისის ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა კომისიის მხოლოდ ორი წევრი, ზეპირი მოსმენის სხდომა ვერ ჩატარდა კვორუმის არ არსებობის გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა შევიდეს ცვლილება „კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ კომისიის 2012 წლის 22 ივნისის N432/23 გადაწყვეტილებაში და ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღად უნდა განისაზღვროს 2012 წლის 10 აგვისტოს 16:00 საათი.
”საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე და 105-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შევიდეს ცვლილება „კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ კომისიის 2012 წლის 22 ივნისის N432/23 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2012 წლის 10 აგვისტოს 16:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;“
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ითეტვისთვის“ გაგზავნა (მ. ნინუა);
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
