შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 02, 2012
მიღების თარიღი ივლისი 27, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციებმა - გუდვილკომმა” (კომისიაში რეგისტრაციის №7/372-12, 18/06/2012) 100 (ასი) სააბონენტო ნომერზე ინტელექტუალური ქსელებით (დამატებული ღირებულების) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.
შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
1. A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:
· სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
2. A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:
· არხული საკომუნიკაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
3. B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:
· ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
· საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
· საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება.
კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად, უვადოდ, ყოველწლიური განახლებით. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი იხდის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სანებართვო მოსაკრებელს და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.
,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის თანახმად დადგენილია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ ნებართვაზე შეადგენს 100 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.
კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ბ.ე) ქვეპუნქტის და მე-8 მუხლის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ინტელექტუალური ქსელებით (მათ შორის, უფასო, განაწილებული ხარჯებით, დამატებული ღირებულების) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის ნებართვა გაიცემა მინიმუმ 10 (ათი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ - მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური ინტელექტუალური ქსელებით (მათ შორის, უფასო, განაწილებული ხარჯებით, დამატებული ღირებულების) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის შეადგენს - 1 ლარს ნუმერაციის ერთ რესურსზე;
კომისიამ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციების - გუდვილკომის” მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობა კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს, რომ შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციების - გუდვილკომის” მიერ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციების - გუდვილკომის” მიერ კომისიაში წარმოდგენილია სანებართვო განცხადება, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის - 100 ლარის და რესურსით სარგებლობის საფასურის - 100 ლარის (1 ლარი 1 სააბონენტო ნომერზე) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთები.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომი” კომისიის 2012 წლის 30 მარტის №257/24 გადაწყვეტილებით ფლობს ნუმერაციის რესურსს - 100 სააბონენტო ნომერზე ინტელექტუალური ქსელებით (დამატებული ღირებულების) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის. კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ”ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებელი უკვე ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას და მის მიერ მოთხოვნილია ნუმერაციის რესურსი იმავე სახის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებისთვის, ნებართვის მაძიებელი ვალდებულია კომისიაში წარმოადგინოს დადასტურება იმისა, რომ ნებართვის მაძიებელის მიერ ათვისებულია კომისიის მიერ მასზე უკვე გაცემული ნუმერაციის რესურსის საერთო რაოდენობის 75%. შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციების -გუდვილკომის” მიერ კომისიაში წარმოდგენილია ზემოაღნიშნული მომსახურებისთვის გაცემული ნუმერაციის რესურსის საერთო ოდენობის 75% ათვისების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კერძოდ შპს ”მობიტელთან” სატელეფონო მომსახურების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება (კომისიაში წერილის რეგისტრაციის ნომერი №6/3298-12, 22/06/12), რომლის მიხედვითაც ათვისებულია 100 %.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის, ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N 40 ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 900 000 2XX (სულ ასი სააბონენტო ნომერი), ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისთვის, ინტელექტუალური ქსელებით (დამატებული ღირებულების) მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის;
ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;
დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს მხოლოდ ინტელექტუალური ქსელებით (დამატებული ღირებულების) მომსახურებისათვის ან გასცეს, მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც მომხმარებელს გაუწევს ინტელექტუალური ქსელებით (დამატებული ღირებულების) მომსახურებას.
ე) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.
2. ეცნობოს შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციებს - გუდვილკომს”, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემიდან/განახლებიდან 1 წლის ამოწურვამდე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენა უნდა მოხდეს ვადის გასვლამდე 10 სამუშაო დღით ადრე.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სანებართვო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);
ბ) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში.
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის დამოწმებული ასლის შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომისთვის” ჩაბარებისთანავე.
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
ა. სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
