შპს „ჯითიესის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F22 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 07, 2012
მიღების თარიღი ივლისი 27, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2012 წლის 18 ივნისს კომისიას განცხადებით (№7/371-12) მიმართა შპს „ჯითიესმა“ და მოითხოვა მისი კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F22 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება იმგვარად, რომ მის მფლობელობაში დარჩეს შემდეგი სიხშირეები: ა) ქ. თბილისი – 410.300 მჰც და 420.300 მჰც; თითოეული ზოლის სიგანე 25 კჰც (0.025 მჰც); ბ) ქ. ზუგდიდი, – 411.300 მჰც; ზოლის სიგანე 25 კჰც (0.025 მჰც); გ) დაბა სტეფანწმინდა – 411.300 მჰც; ზოლის სიგანე 25 კჰც (0.025 მჰც);
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 2 ივნისის №238/2 გადაწყვეტილების საფუძველზე, შპს „ჯითიესი“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F22 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირეები: 410,300 მჰც; 410,500 მჰც; 410,700 მჰც; 410,900 მჰც; 411,300 მჰც; 411,500 მჰც; 411,700 მჰც; 411,900 მჰც; 412,100 მჰც; 412,300 მჰც; 412,500 მჰც; 420,300 მჰც; 420,500 მჰც; 420,700 მჰც; 420,900 მჰც; 421,100 მჰც; 421,300 მჰც; 421,500 მჰც; 421,700 მჰც; 421,900 მჰც; 422,100 მჰც; 422,300 მჰც; 422,500 მჰც, თითოეული ზოლის სიგანით 25კჰც, საქართველოს ტერიტორიაზე;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 29.07.2012 წ;
გ) ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირეები „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ დამტკიცებამდე გამოყენებული იქნას №703 ლიცენზიაში გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო აღნიშნული გეგმის დამტკიცების შემდეგ, გეგმის შესაბამისად და ავტორიზებული საქმიანობისთვის;
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე მიმართოს კომისიას განცხადებით ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ, ხოლო ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე, შეტანილ უნდა იქნას კომისიაში, ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე.
შპს ”ჯითიესის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F22 ლიცენზიას მოქმედების ვადა გასდის 2012 წლის 29 ივლისს. შესაბამისად, შპს ”ჯითიესის” მიერ დაცულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მოთხოვნები, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების კომისიაში ერთი თვით ადრე წარმოდგენასთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად:
“ა) ლიცენზიის მფლობელი იხდის მისი გაგრძელების მომენტისათვის „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 2 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;
ბ) თუ იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის (2 წელი) განმავლობაში არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;
გ) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ ბოლო 3 (ასეთის არარსებობის შემთხვევაში − ბოლო 2) აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;
დ) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულია მხოლოდ 1 აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის ამ აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურს;
ე) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონი არ გამართულა, ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გასამართი აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით;
ვ) ლიცენზიის მფლობელი იხდის ასევე სალიცენზიო მოსაკრებელს.”
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად, 410.0 მჰც – 430.0 მჰც სიხშირული დიაპაზონი განაწილებულია მოძრავი კავშირისათვის, გარდა საჰაერო მოძრავისა. გამომდინარე იქიდან, რომ კომისიას არ ჩაუტარებია არც ერთი აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებულ 410.0 მჰც – 430.0 მჰც სიხშირულ დიაპაზონში, რომლით სარგებლობის უფლებასაც ითვალისწინებს შპს „ჯითიესის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F22 ლიცენზია, კომისიამ, აღნიშნული ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის ე) ქვეპუნქტით.
კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გაანგარიშება, რომელმაც შპს „ჯითიესის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F22 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, მის მიერ მოთხოვნილ სიხშირეებზე, შეადგინა – 8,442.00 (რვა ათას ოთხას ორმოცდაორი) ლარი.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი ასევე იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს. ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 1,000 (ერთი ათას) ლარს. შპს „ჯითიესის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებას თანდართული აქვს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს „ჯითიესის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F22 ლიცენზიის სალიცენზიო პირობებში არ არის განსაზღვრული გასხივების სიმძლავრე. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F22 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში გასხივების სიმძლავრე უნდა განისაზღვროს 15 ვატით, თითოეული გადამცემისათვის.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 27 ივლისის სხდომას ესწრებოდა შპს „ჯითიესის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი ანზორ კაკიაშვილი, რომელმაც დაადასტურა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F22 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში, გადახდაზე მზადყოფნა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე–4 პუნქტის, მე–5 პუნქტის ე) და ვ) ქვეპუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–6 მუხლის მე–14 პუნქტის დ) ქვეპუნქტის, შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს „ჯითიესის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F22 ლიცენზიას 2012 წლის 29 ივლისიდან – 2022 წლის 29 ივლისამდე და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი:
ა.ა) ქ. თბილისი – 410.300 მჰც და 420.300 მჰც; თითოეული ზოლის სიგანე 25 კჰც (0.025 მჰც); გადამცემების რაოდენობა – 1 გადამცემი; გადამცემის გასხივების სიმძლავრე – 15 ვატი;
ა.ბ) ქ. ზუგდიდი, – 411.300 მჰც; ზოლის სიგანე 25 კჰც (0.025 მჰც); გადამცემების რაოდენობა – 1 გადამცემი; გადამცემის გასხივების სიმძლავრე – 15 ვატი;
ა.გ) დაბა სტეფანწმინდა – 411.300 მჰც; ზოლის სიგანე 25 კჰც (0.025 მჰც); გადამცემების რაოდენობა – 1 გადამცემი; გადამცემის გასხივების სიმძლავრე – 15 ვატი;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2022 წლის 29 ივლისამდე;
გ) შპს „ჯითიესი“ ვალდებულია რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად.
2. შპს „ჯითიესის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F22 ლიცენზიისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვროს – 8,442.00 (რვა ათას ოთხას ორმოცდაორი) ლარით;
3. უზრუნველყოს შპს „ჯითიესმა“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F22 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 8,442.00 (რვა ათას ოთხას ორმოცდაორი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა 2012 წლის 29 აგვისტომდე, შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში ა/ა – № 200122900;
- მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – № TRESGE22;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი – № 300773402;
4. შპს „ჯითიესი“ ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში აღნიშნული თანხის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
5. შპს „ჯითიესის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას წინამდებარე გადაწყვეტილების, მიღების მომენტიდან ძალადაკარგულად გამოცხადებისა და შპს „ჯითიესის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F22 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ.
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;
დ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ჯითიესისათვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ჯითიესისათვის“ ჩაბარების დღიდან;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე (გარდა ბ) ქვეპუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტის ა), და გ) ქვეპუნქტების, მე-2, და მე-3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
