წვდომის მენიუ

შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და სს „ინფოჯორჯია XXI“-ს შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული დავის განხილვის შესახებ

ნომერი: 503 / 16

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 23, 2012

მიღების თარიღი ივლისი 27, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”კავკასიის ციფრულმა ქსელმა”, სს „ინფოჯორჯია XXI“-თან VOIP ტექნოლოგიის გამოყენებით ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით დავის განხილვის მოთხოვნით.

კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელსა” და სს „ინფოჯორჯია XXI“-ს შორის არსებობს ფაქტობრივი პირდაპირი ურთიერთჩართვა VOIP ტექნოლოგიის გამოყენებით, მაგრამ მიუხედავად არსებული ურთიერთჩართვისა, სს „ინფოჯორჯია XXI” თავს არიდებს  ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებას და შპს „კავკასიის ციფრული ქსელებისთვის“ ზარის წამოწყების საფასურის გადახდას.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2012 წლის 12 ივნისს შპს „კავკასიის ციფრულმა ქსელმა“ წერილობით მიმართა სს „ინფოჯორჯია XXI”-ს ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების წინადადებით და მიაწოდა ურთიერთჩართის ხელშეკრულების ტექსტი, ხოლო 2012 წლის 18-20 ივნისს მხარეებმა მოახდინეს ურთიერთჩართვის ხელშეკრულების ტექსტის საბოლოო დაზუსტება. 2012 წლის 22 ივნისს შპს „კავკასიის ციფრულმა ქსელმა“ განმეორებით მიმართა სს „ინფოჯორჯია XXI”-ს ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის თხოვნით. 2012 წლის 27 ივნისს, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიღებული წერილით სს „ინფოჯორჯია XXI” თავს არიდებს ურთიერთჩართვის ხელშეკრულების ხელმოწერას და ურთიერთჩართვის ხელშეკრულების ხელმოწერას უკავშირებს მხარეებს შორის მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებას, რომლის შესაბამისადაც შპს „კავკასიის ციფრული ქსელი“ უზრუნველყოფს საკუთარი აბონენტების დაკავშირებას სს „ინფოჯორჯია XXI”-ს საინფორმაციო ცენტრ 11809-სთან და შესაბამისი მომსახურების საფასურის ამოღებას.

მოთხოვნები:

1. კომისიამ დაადგინოს შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და სს „ინფოჯორჯია XXI”-ს შორის  ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობები;

2. კომისიამ მისცეს თანხმობა შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ შეაჩეროს სს „ინფოჯორჯია XXI”-თან ფაქტობრივი ურთიერთჩართვა, ამ უკანასკნელის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერამდე;

კომისია აღნიშნავს, რომ

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით; მხარეები კომისიაში საქმის წარმოებას იწყებენ კომისიისათვის სათანადო განცხადების წარდგენით.

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას, რომელზედაც კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ.

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ  მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.

კომისია აღნიშნავს, რომ დავის განხილვასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სხდომა კომისიაში გაიმართა 2012 წლის 13 ივლისს. მოსამზადებელი სხდომის გამართვის შესახებ, შეტყობინებით ეცნობათ შპს „კავკასიის ციფრულ ქსელებს“ და სს „ინფოჯორჯია XXI“-ს. სს „ინფოჯორჯია XXI“-ს ასევე ეთხოვა განსახილველ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი ახსნა-განმარტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა 2012 წლის 13 ივლისამდე.

მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდა შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორი ბატონი დავით თუთბერიძე; მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადებულა სს „ინფოჯორჯია XXI”-ს  წარმომადგენელი.

მოსამზადებელ სხდომაზე შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორმა დაადასტურა მის მიერ კომისიაში წარმოდგნილი განცხადება და დააზუსტა განცხადებაში აღნიშნული მოთხოვნები, კერძოდ ბატონმა დავით თუთბერიძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა რომ შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და სს „ინფოჯორჯია XXI”-ს შორის არსებობს ზეპირსიტყვიერი შეთანხმება ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობებზე, შპს „კავკასიის ციფრული ქსელს“ აღნიშნული შეთანხმების დამადასტურებელი რაიმე წერილობითი დოკუმენტი არ აქვს და სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით იგი ითხოვს კომისიის მიერ შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და სს „ინფოჯორჯია XXI”-ს შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების პირობების დადგენას და ამავე დროს თანხმობას, მხარეებს შორის არსებული ფაქტობრივი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე, თუ არ მოხდება მოდავე მხარეებს შორის ურთიერთჩართვის თაობაზე წერილობითი ხელშეკრულების გაფორმება.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს „კავკასიის ციფრული ქსელი“ და სს „ინფოჯორჯია XXI” წარმოადგენენ ავტორიზებულ პირებს და მხარეებს შორის არსებობს დავა ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით, კომისიის 2012 წლის 13 ივლისის N482/16 გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 27 ივლისს 16:00 საათზე. კომისიის ამავე გადაწყვეტილებით, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს დაევალა შპს „კავკასიის ციფრულის ქსელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და სს „ინფოჯორჯია XXI”-ს შორის გასაფორმებელი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პროექტის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა, კერძოდ:

ა) შპს „კავკასიის ციფრულ ქსელების“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პროექტი შესაბამისობაშია თუ არა მოქმედ კანონმდებლობასთან?

ბ) შესაძლებელია თუ არა შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და სს „ინფოჯორჯია XXI”-ს შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დადგენა, ზემოაღნიშნულ  ხელშეკრულებაში ჩამოყალიბებული დებულებების გათვალისწინებით?

კომისია აღნიშნავს, რომ დავის განხილვა გაიმართა კომისიის 2012 წლის 27 ივლისის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორი დავით თუთბერიძე და სს „ინფოჯორჯია XXI”-ს უფლებამოსილი წარმომადგენელი თეიმურაზ ხონელია;

კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით კომისიაში წარმოდგენილია სს „ინფოჯორჯიაXXI”-ს შეპასუხება (25.07.2012 N6/3951-12), სადაც აღნიშნულია, რომ სს „ინფოჯორჯია XXI”-ს შპს „კავკასიის ციფრულმა ქსელმა“ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების წინადადებით მიმართა 2012 წლის 12 ივნისს. ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებაზე სს „ინფოჯორჯია XXI”-მ განაცხადა თანხმობა იმ პირობით, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებასთან ერთად, მხარეებს შორის უნდა გაფორმებულიყო ასევე „საინფორმაცია ცენტრ 11809“-ს სერვისის გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება; როგორც შეპასუხებაშია აღნიშნული, შპს „კავკასიის ციფრული ქსელი“ არ დაეთანხმა აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებას, რაც გახდა საფუძველი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაუფორმებლობისა. შეპასუხებაში ასევე აღნიშნულია, რომ „საინფორმაცია ცენტრ 11809“-ს მომსახურებიდან გამომდინარე შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ სს „ინფოჯორჯია XXI”-ს მიმართ გააჩნია დავალიანება, რის თაობაზედაც სს „ინფოჯორჯია XXI” იძულებულია იდაოს სასამართლო წესით. შესაბამისად, მხარეს მიაჩნია, რომ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პარალელურად, „საინფორმაცია ცენტრ 11809“-ს სერვისის გაყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება მნიშვნელოვანია სს „ინფოჯორჯია XXI”-სთვის.  შეპასუხებაში ასევე აღნიშნულია, რომ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული პრობლემები არ არსებობს და შესაბამისად, სს „ინფოჯორჯია  XXI” მზად არის გააფორმოს ურთიერთჩართვის ხელშეკრულება შპს „კავკასიის ციფრულ ქსელთან“.

კომისიის სხდომაზე, სს „ინფოჯორჯია XXI”-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების წინააღმდეგი არ არის კომპანია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პროექტი ითვალისწინებს შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ ქსელში ნუმერაციის რესურსის 11809-ს გააქტიურებას, მიზანშეწონილია აღნიშნულ ხელშეკრულებასთან ერთად მხარეებს შორის გაფორმდეს „საინფორმაციო ცენტრ 11809”-ს სერვისის გაყიდვის ხელშეკრულებაც, როგორც ეს გათვალისწინებულია კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-15 მუხლით, ვინაიდან, იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით გათვალისწიენბული იქნება შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ ქსელში ნუმერაციის რესურის 11809 გააქტიურების ვალდებულება, მაგრამ მხარეებს შორის არ იქნა გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც დაარეგულირებს აღნიშნული სერვისით მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებს,  საინფორმაციო-საცნობარო  მომსახურების ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირების მიღმა რჩება, აღნიშნულმა კი მნიშვნელოვანი ზიანი შეიძლება მიაყენოს სს „ინფოჯორჯია XXI”. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში არ იქნება გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსით 11809 სარგებლობასთან დაკავშირებული ანგარიშსწორების საკითხები, მაშინ მიზანშეწონილია ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან ამოღბულ იქნას შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ ქსელში ნუმერაციის რესურის 11809 გააქტიურების ვალდებულება და ისე იქნას გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება.

კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი იქნა კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის დასკვნა, სადაც აღნიშნულია რომ კომისიის აპარატის  კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა კომისიაში შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ მიერ წარმოდგენილი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პროექტი, ასევე სს „ინფოჯორჯია XXI”-ს მიერ 2012 წლის 25 ივლისს წარმოდგენილი შეპასუხება და  წარმოდგენილი მასალების შესწავლის საფუძველზე კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „კავკასიის ციფრულ ქსელების“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პროექტი მოქმედ კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება, მაგრამ სს „ინფოჯორჯია XXI“–ს მიერ  წერილობით წარმოდგენილი მოთხოვნა ნუმერაციის რესურსი  118-09–ით (ევრონომერი) გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით საჭიროებს  დამატებით შესწავლას და შესაბამისად შპს ”კავკასიის ციფრული ქსელებიდან” სათანადო განმარტებების მიღებას, რადგანაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების  წესების“ მე–13 მუხლის თანახმად,  „118XX“( 118-09) წარმოადგენს საინფორმაციო-საცნობარო სამსახურებისთვის  ნუმერაციის რესურსს (ევრონომერს) და „118-09“–ს მიმართულებით  გამოძახებებისათვის კომპანიებს შორის ანგარიშსწორება უნდა  განახორციელდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 11 მაისის №7 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს „კავკასიის ციფრული ქსელი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:

ა) ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ბ) სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

გ) ბოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

ა) არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ბ) პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

A.F.4. მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი)  გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:

ა) სპილენძის წყვილების მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ბ) ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

გ) ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა:

ა) ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ბ) ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

A.S.1. თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი  კავშირით მომსახურება

ა) ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

ბ) საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

გ) საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

B.F.2 ინტერნეტ მომსახურება

ა) სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL);

ბ) ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;

გ) WiFi;

2. შპს „კავკასიის ციფრული ქსელი“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-18 პუნქტის საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსს 255XXXX სულ 1000.00 (ერთი ათასი) სააბონენტო ნომერს ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად;

3. სს „ინფოჯორჯია XXI” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:

ა) ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ბ) სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი  კავშირით მომსახურება

ა) ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

ბ) საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

4. სს „ინფოჯორჯია XXI” “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-18 პუნქტის საფუძველზე მართლზომიერად ფლობს ნუმერაციის რესურსს 2490XXX-2491XXX, 2150XXX-2151XXX ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად, ამავე დროს, სს „ინფოჯორჯია XXI”-ს კომისიის 2011 წლის 25 მარტის №150/15 გადაწყვეტილების შესაბამისად, მინიჭებული აქვს ნუმერაციის რესურსი 1-1-8-0-9 არავტორიზებადი საქმიანობისთვის, ერთიანი საინფორმაციო-საცნობარო ბაზის მეშვეობით საინფორმაციო-საცნობარო მომსახურებისთვის 2012 წლის 24 აპრილამდე.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომისიაში მხარეების მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალების, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს, რომ

1.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ29 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართვა წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ფიზიკური და ლოგიკური კავშირი, რომელსაც იყენებს ერთი ან რამდენიმე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რათა ერთი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცეს, დაუკავშირდეს იმავე ან სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს, ან/და ისარგებლოს სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომსახურებით, და რომელიც  ხორციელდება ოპერატორების მიერ საკუთარი ქსელების შესაბამის ელემენტებთან შეუზღუდავი, სავალდებულო  და არადისკრიმინაციული ურთიერთდაშვებით;

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება.

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის ვადაა 1 თვე. თუ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვისას მხარეები ვერ მიაღწევენ მორიგებას, კომისია უფლებამოსილია თვითონ დაადგინოს ურთიერთჩართვის პირობები.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მხარეების მიერ წარმოდგნილი მტკიცებულებების, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენს არა ურთიერთჩართასთან დაკავშირებული ტექნიკურ-ეკონომიკური თუ სამართლებრივ საკითხები, არამედ მხარეებს შორის სადაოა „საინფორმაციო ცენტრ 11809“-ს სერვისის გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმება, რომლის გაფორმებასაც სს „ინფოჯორჯია XXI” უშუალოდ უკავშირებს ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებას, გამომდინარე იქიდან, რომ შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ მიერ წარდგენილი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პროექტი ითვალისწინებს შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ ქსელში ნუმერაციის რესურსის 11809-ს გააქტიურებას, თუმცა აღნიშნული ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ანგარიშსწორების პირობებს,  ხოლო შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ მიაჩნია, რომ „საინფორმაციო ცენტრ 11809“-ს სერვისის გაყიდვის ხელშეკრულება წარმოადგენს სხვა სამართლებრივი ურთიერთობების მარეგულირებელ ხელშეკრულებას და მას არ აქვს კავშირი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შპს „კავკასიის ციფრული ქსელი“ და სს „ინფოჯორჯია XXI”, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან შეთანხმდნენ და გააფორმონ ურთიერთჩართვის ხელშეკრულება. გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ მხარეებს შორის ფაქტობრივი ურთიერთჩართვა არსებობს და შესაბამისად, მომსახურების გაწევა მხარეებს შორის დღესაც ხორციელდება; რაც შეეხება „საინფორმაციო ცენტრ 11809“-ს სერვისის გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ სადაო საკითხებს, კომისია აღნიშნავს, რომ სს „ინფოჯორჯია  XXI” ნუმერაციის რესურსის 11809 (ევრონომერი) გამოყენებით ახორციელებს არაავტორიზებად საქმიანობას, კერძოდ, აღნიშნული ნუმერაციის რესურსი კომპანიას მინიჭებული აქვს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების განსახორციელებლად და შესაბამისად, აღნიშნულ მომსახურებასთან დაკავშირებული ანგარიშსწორების საკითხები მხარეებს შორის უნდა მოწესრიგდეს კომისიის 2012 წლის 11 მაისის №7 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” მე-15 მუხლით გათვალისწინებული წესით. კომისიას მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, მხარეები უფლებამოსილნი არიან  ნუმერაციის რესურსის 11809 (ევრონომერი) გამოყენებით  საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები დაარეგულირონ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით, მაგრამ ამ შემთხვევაში ხელშეკრულებაში ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნას მხარეთა შორის ანგარიშსწორების საკითხიც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და სს „ინფოჯორჯია XXI”-ს შეთანხმებისა და ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით უნდა მიეცეთ ვადა 2012 წლის 13 აგვისტომდე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან და ვერ გაფორმებენ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებას, კომისია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად უფლებამოსილი იქნება იმსჯელოს მხარეებს შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დადგენასთან დაკავშირებით.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის  ვ) ქვეპუნქტის, 37-ე მე-40 და 41-ე მუხლების შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

              გადაწყვიტა:

1. შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“  და სს „ინფოჯორჯია XXI”-ს ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებისთვის მიეცეთ ვადა 2012 წლის 13 აგვისტომდე;

2.        უზრუნველყონ შპს „კავკასიის ციფრულ ქსელმა“ და სს „ინფოჯორჯია XXI”-მა ურთიერთჩართვის ხელშეკრულების 2012 წლის 13 აგვისტომდე გაფორმების შემთხვევაში, მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების კომისიაში დაუყოვნებლივ წარმოდგენა;

3.        დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს შპს „კავკასიის ციფრული ქსელისა“ და სს „ინფოჯორჯია XXI”-ს მიერ 2012 წლის 13 აგვისტომდე ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში, მხარეთათვის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დადგენის მიზნით, კომისიას წარუდგინოს ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობები;

4.        გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში; 

5.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისა და მხარეთათვის გაცნობისთანავე.

6.        კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების  პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე).

7.        კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                       ს.ბრიტანჩუკი

                                                                                                                                ა.სიხარულიძე

                                                                                                                                ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები