წვდომის მენიუ

შპს „სკაინეტისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 504 / 18

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 07, 2012

მიღების თარიღი ივლისი 27, 2012

           საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

2012 წლის 04 ივლისს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის 2012 წლის 02 ივლისის სამსახურებრივი ბარათი, რომლის შესაბამისად, ირკვევა, რომ შპს „საკაინეტის“ სადამფუძნებლო დოკუმენტში განხორციელდა ცვლილებები 2012 წლის 13 ივნისს, რის შესახებაც კომისიისათვის ცნობლი გახდა შპს „სკაინეტის“  მიერ კომისიაში 2012 წლის 29 ივნისს წარდგენილი N6/3419-12 წერილის საფუძველზე. აღნიშნულ წერილზე დართული, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ განხორციელებული ცვლილებების თანახმად, შეიცვალა შპს „სკაინეტის“ დირექტორი, კერძოდ: მირზა ქოჩიაშვილის ნაცვლად დირექტორად დაინიშნა რობერტ კამლაძე, ასევე შეიცვალა კომპანიის ფაქტიური მისამართი.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში, ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან  7  სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები; ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ითვალისწინებს იურიდიული პირის შემდეგ მონაცემებს: საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი.

გამომდინარე იქედან, რომ შპს „სკაინეტის“ მიერ დირექტორის ცვლილების განხორციელების შემდეგ, კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენის კანონით დადგენილი 7 დღიანი ვადა დარღვეულია, კომისიაში ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2012 წლის 20 ივლისს - შეტყობინების გაგზავნის დღიდან,  დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სკაინეტის“ მიერ  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მ) ქვეპუნქტით  გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, სანქცირების თაობაზე.  საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 27 ივლისს 16:00 საათზე, რის თაობაზეც შპს ,,სკაინეტს“ ეცნობა შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე  ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცემის და  გამოთხოვის უფლება. შეტყობინება  შპს ,,სკაინეტს“ ჩაბარდა, რაც დასტურდება შპს „სმარტექსიდან“ მიღებული ინფორმაციით, კერძოდ,  შეტყობინების ასლზე  - ნინო გორდეზიანს ხელისმოწერით.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2012 წლის 27 ივლისს სხდომაზე, რომელსაც  ესწრებოდა შპს ,,სკაინეტის“ დირექტორი რობერტ კამლაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ იცოდა კანონით დადგენილი ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულების შესახებ და ვარაუდობს, რომ არ დაურღვევია “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქრთველოს კანონის მოთხოვნა, რადგან როგორც მას ახსოვს, მან დროულად ჩააბარა დოკუმენტები ფოსტაში, საფოსტო გზავნილისათვის განკუთვნილი გადასახადიც გადაიხადა, მაგრამ ქვითარი, რომელზეც გზავნილის ნომერი იყო მითითებული და ერთადერთ დამამტკიცებელ საბუთს წარმოადგენდა კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულების შესახებ, მას სამწუხაროდ დაეკარგა. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ შპს „საკაინეტი“ ქუთაისში მდებარეობს და ცნობა დასტურით მხოლოდ თბილისიდან გაიცემა და მხოლოდ გზავნილის ნომრის არსებობის შემთხვევაში. გამომდინარე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, მას არ აქვს შესაძლებლობა კომისიაში წარმოადგინოს მტკიცებულება მის მიერ კანონისმიერი ვალდებულების დროულად შესრულების თაობაზე.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და შეფასებული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.   შპს „სკაინეტის“ ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;

2.    კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2012 წლის 02 ივლისის N10/715-12 სამსახურებრივი ბარათი;

3.    შპს „სკაინეტის“ მიერ 2012 წლის 29 ივნისს კომისიაში წარმოდგენილი წერილი რეგისტრაციის N6/3419-12  სადამფუძნებლო დოკუმეტში 13 ივნისს განხორციელებული ცვლილებების შესახებ;

4.   შპს „სკაინეტის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (განაცხადის ნომერი: 499110, ამონაწერის მომზადების თარიღი 13/06/2012);

5.   შპს „სკაინეტის“ დირექტორის რობერტ კამლაძეს  ახსნა-განმარტება მოცემული 2012 წლის 27 ივლისს კომისიის სხდომაზე;

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.   შპს „სკაინეტი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს 2011 წლის 14 მარტიდან;

2.   ავტორიზებულმა პირმა შპს „სკაინეტმა“  2012 წლის 13 ივნისს შეიცვალა  დირექტორი, რაც დასტურდება შპს „სკაინეტის“ ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

3.    შპს „სკაინეტმა“ მიაწოდა კომისიას ინფორმაცია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით განსაზღრულ მონაცემებში ცვლილების განხორციელების თაობაზე, ცვლილებების განხორციელებიდან  მე-12 სამუშაო დღეს და არა კანონით განსაზღვრული - 7 სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული დარღვევის გამომრიცხავი მტკიცებულებები შპს „სკაინეტს“ კომისიაში არ წარმოუდგენია;

4.   შპს „სკაინეტს“ უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე;

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „სკაინეტის“ მიერ, კომპანიის დირექტორის ცვლილების განხორციელების შესახებ, კომისიაში, კანონით დადგენილ ვადაში ინფორმაციის წარმოუდგენლობით, დაირღვა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და მ) პუნქტები.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს „სკაინეტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული „ელექტორინული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქცია, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ შპს „სკაინეტს“ მიეცეს გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და მ) ქვეპუნქტებისა დარღვევის გამო;

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 98-ე,  99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და მ) ქვეპუნქტების   და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    მიეცეს გაფრთხილება შპს „სკაინეტს“ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ)  და მ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;

2.     დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამეტნს (მ.ნინუას) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „სკაინეტისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

3.     დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს „სკაინეტის“ სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

4.    გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

5.   გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს  “სკაინეტისათვის“  ჩაბარების დღიდან;

6.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე  დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

 

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის

შემსრულებელი                                                                          ს. ბრიტანჩუკი

 

კომისიის წევრი                                                                      ა. სიხარულიძე

 

კომისიის წევრი                                                                       ი. მოსეშვილი    

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები