წვდომის მენიუ

შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის კერძო მაუწყებლობის №B103 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2001 წლის 30 მარტის №193/2 და 2005 წლის 21 იანვრის №41/6 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 513 / 23

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2012

მიღების თარიღი აგვისტო 03, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას განცხადებით მიმართა შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა (№7/348-12, 07.06.2012) კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B103 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ითხოვს კერძო მაუწყებლობის №B103 ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების იმგვარ ცვლილებას, რომ კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა ზემოაღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე, ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით გაავრცელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც.

კომისია აღნიშნავს, შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B103 ლიცენზიას 2014 წლის 19 მარტამდე, კომისიის 2001 წლის 30 მარტის №193/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე - კერძო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა - სპეციალიზებული (შემეცნებით-მუსიკალურ-გასართობი) ტელემაუწყებლობა;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

ა) ტელემაუწყებლობა მე-12 სატელევიზიო არხზე 1 კვტ-მდე სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (მეორადი გამოყენების უფლებით) ქ. თბილისში;

ბ) მაუწყებლობა საკაბელო ქსელის გამოყენებით;

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს  ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის  ცვლილებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს,                      შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კერძო მაუწყებლობის №B103 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა, ვინაიდან, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მოთხოვნის საფუძველზე, ლიცენზიების მოდიფიცირების შემდეგ, ლიცენზიის მფლობელი უზრუნველყოფს უკვე არსებული ლიცენზიის ფარგლებში გაწეული სამაუწყებლო საქმიანობის მომხმარებლისათვის მიწოდებას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც, სიხშირული სპექტრით მაუწყებლობის ზონის გაზრდის გარეშე.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 2008 წლის 19 სექტემბერის №741/2 გადაწყვეტილებით მოდიფიცირდა                 შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ს სარგებლობაში არსებული №908 ლიცენზია კერძო სპეციალიზებული (შემეცნებით-მუსიკალურ-გასართობი) მაუწყებლობის ლიცენზიად და მიენიჭა №B103. ხოლო სალიცენზიო ვალდებულებები, რომლებიც გაწერილი იყო კომისიის 2005 წლის 21 იანვრის №41/6 გადაწყვეტილებით №908 ლიცენზიისთვის არ შეცვლილა. შესაბამისად კომისიას მიაჩნია, რომ მიზანშეწონილია ცვლილებების განხორციელება შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ს  კერძო მაუწყებლობის №B103 ლიცენზიით განსაზღვრულ სალიცენზიო ვალდებულებებში და აღნიშნული სალიცენზიო ვალდებულებების შესაბამისობაში მოყვანა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის №B103 ლიცენზიის მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა, კერძოდ, ლიცენზიის სახეობა - სპეციალიზებული (შემეცნებით-მუსიკალურ-გასართობი) ტელემაუწყებლობა  არ შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჰ8) პუნქტს  და 38-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომელთა შესაბამისად, კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის, ხოლო სპეციალიზებული მაუწყებლობა არის 1 თემატიკის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა, პროგრამებით მაუწყებლობა.

კომისიამ წერილობით (№01/1476-12б 18.06.2012წ.) მიმართა შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ს და მოსთხოვა სპეციალიზებული მაუწყებლობის ფარგლებში ერთი თემატიკის დაზუსტება. შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-მა კერძო მაუწყებლობის №B103 სპეციალიზებული ლიცენზიის თემატიკად განსაზღვრა შემეცნებითი ტელემაუწყებლობა (შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ს წერილის კომისიაში რეგისტრაციის №6/3433-12, 29.06.2012).

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება, ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის კერძო მაუწყებლობის №B103 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2001 წლის 30 მარტის №193/2 და 2005 წლის 21 იანვრის №41/6 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2012 წლის 3 სექტემბერს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-სთვის  გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                               ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                                ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები