შპს ”სისტემა გამას” კერძო მაუწყებლობის №B81 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 28 ივლისის №340/2 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 09, 2012
მიღების თარიღი აგვისტო 03, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „სისტემა გამამ“ (№7/281-12, 25.04.2012) კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B81 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ შპს „სისტემა გამა“ რადიოსადგურის ხმის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ითხოვს მაუწყებლობის №B81 ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრებში ცვლილებას და სიმძლავრის 500 ვტ-მდე გაზრდას.
შპს ”სისტემა გამა” ფლობს მაუწყებლობის №B81 ლიცენზიას 2013 წლის 1 მაისამდე, კომისიის 2006 წლის 28 ივლისის №340/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ლიცენზიის სახე: საეთერო რადიომაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
რადიო მაუწყებლობა 104,3 მჰც სიხშირეზე 0.25 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი;
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.
კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნიდან ირკვევა, რომ შპს ”სისტემა გამას” მაუწყებლობის №B81 ლიცენზიის ტექნიკურ პარამეტრებში სიმძლავრის 250 ვტ-დან 500 ვტ-მდე მომატება არ გამოიწვევს სამაუწყებლო ზონის მოხაზულობის (კონტური) ცვლილებას. შეიცვლება მხოლოდ ელექტრომაგნიტური ველის დაძაბულობის მაჩვენებელი. ამავე დეპარტამენტის მიერ ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება, რომელმაც შპს ”სისტემა გამას” მაუწყებლობის №B81 ლიცენზიის ტექნიკურ პარამეტრებში სიმძლავრის 250 ვტ-დან 500 ვტ-მდე მომატებისთვის შეადგინა – 1458.00 (ათას ოთხას ორმოცდათვრამეტი) ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს შპს ”სისტემა გამას” მაუწყებლობის №B81 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა, ვინაიდან, შპს ”სისტემა გამას” მაუწყებლობის №B81 ლიცენზიის ტექნიკურ პარამეტრებში სიმძლავრის ცვლილება არ გამოიწვევს სიხშირული სპექტრით მაუწყებლობის ზონის გაზრდას.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა შპს ”სისტემა გამას” №B81 ლიცენზიის მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა, კერძოდ, ლიცენზიის სახე - საეთერო რადიომაუწყებლობა არ შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის შესაბამისად, კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ”სისტემა გამა” ფლობდა ყოფილი კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ გაცემულ №538 ლიცენზიას, ამავე ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობებით. კომისიის 2006 წლის 28 ივლისის №340/2 გადაწყვეტილებით შპს ”სისტემა გამას” №538 ლიცენზია მოდიფიცირდა მაუწყებლობის ორ №B81 და №B82 ლიცენზიად. კომისიის 2006 წლის 28 ივლისის №340/2 გადაწყვეტილებაში არ არის განსაზღვრული მაუწყებლობის №B81 და №B82 ლიცენზიებისთვის სალიცენზიო ვალდებულებები. შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს ”სისტემა გამას” მაუწყებლობის №B81 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების განსაზღვრა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება, ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”სისტემა გამას” მაუწყებლობის №B81 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 28 ივლისის №340/2 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2012 წლის 3 სექტემბერს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”სისტემა გამასთვის” გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
