შპს „ბლექ სი სატის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 17, 2012
მიღების თარიღი აგვისტო 03, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2012 წლის 9 ივლისს კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/3558-12) მიმართა შპს „ბლექ სი სატმა“ კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების დამადასტურებელი ხელშეკრულების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
შპს „ბლექ სი სატის“ მიერ 2012 წლის 9 ივლისის განცხადებით მოთხოვნილია Travel Channel International Limited–თან 2012 წლის მაისის თვეში გაფორმებული ხელშეკრულების (01.07.2012–01.07.2015, ავტომატური გაგრძელებით) კომერციულ საიდუმლოებად ცნობა, რომელიც გულისხმობს სამაუწყებლო არხების „Travel Channel“ და „Travel Channel HD“ საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას.
კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, აგრეთვე ამ განცხადების საფუძველზე კომერციულ საიდუმლოებად საცნობი ხელშეკრულება და მიიჩნია, რომ შპს „ბლექ სი სატის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, შინაარსობრივად ნაწილობრივ შეიცავს კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციას, რადგან მის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულება შეიცავს ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების შესახებ.
კომისიის აზრით, შპს „ბლექ სი სატის“ 2012 წლის 9 ივლისის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №6/3558-12) უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური უფლება–მოვალეობების ნაწილში. გასათვალისწინებელია, რომ შპს „ბლექ სი სატის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების ზემოაღნიშნული ნაწილების საჯაროდ დატოვებამ, შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს შპს „ბლექ სი სატის“ 2012 წლის 9 ივლისის განცხადება ნაწილობრივ და ცნობილ იქნას შპს „ბლექ სი სატსა“ და Travel Channel International Limited–ს შორის 2012 წლის მაისის თვეში გაფორმებული ხელშეკრულება (01.07.2012-01.07.2015, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხების „Travel Channel“ და „Travel Channel HD“ საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, შპს „ბლექ სი სატის“ კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;
2. ინფორმაცია შპს „ბლექ სი სატის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „ბლექ სი სატის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არა დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ბლექ სი სატისათვის“ დაუყონებლივ გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ბლექ სი სატისათვის“ ჩაბარების დღიდან.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (მ. აროშიძე);
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
