სს „სილქნეტის“ მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით შპს „სტუდია მაესტროს“ განცხადების განხილვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 08, 2012
მიღების თარიღი აგვისტო 08, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2012 წლის 6 აგვისტოს კომისიას განცხადებით მომართა შპს „სტუდია მაესტრომ“ (06.08.2012 - N6/4097, 16:05 სთ.) სს „სილქნეტის“ მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე. კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2012 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ გათვალისწინებული წესი, რომლის მიხედვითაც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს წინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებლობის საერთო ლიცენზიის მფლობელი პირების მაუწყებლობის ტრანზიტი. კერძოდ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან არჩევნების დღემდე პერიოდში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული საერთო მაუწყებელი, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში (თანამგზავრული მაუწყებლობისათვის მაუწყებლობის ზონა ამ მუხლის მიზნებისათვის არის საქართველოს მთელი ტერიტორია), აგრეთვე საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისათვის; ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშვება მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისგან მაუწყებლის არხის ტრანზიტული გავრცელებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ხოლო მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია მომხმარებლისათვის უზრუნველყოს ამ პუნქტით განსაზღვრული მაუწყებლების არხების თანაბარი და არადისკრიმინაციული ფინანსური პირობებით მიწოდება; ამავე მუხლის მე-19 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ამ მუხლის მე-17 პუნქტით დადგენილი ვალდებულება არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან 3 დღის ვადაში. მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მის გაფრთხილებას, ხოლო გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის ვადაში დარღვევის აღმოუფხვრელობა ან განმეორებით ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისათვის ავტორიზაციის 1 წლის ვადით შეჩერებას.
როგორც შპს „სტუდია მაესტროს“ განცხადებაშია აღნიშნული, სს „სილქნეტს“, რომელიც წარმოადგენს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, დღემდე არ აქვს შესრულებული საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ, კომპანია არ უზრუნველყოფს კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელის შპს „სტუდია მაესტროს“ ტრანზიტს.
შპს „სტუდია მაესტროს“ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ არც საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და არც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს მაუწყებლის მხრიდან რაიმე ქმედების განხორციელებას და მაუწყებლის გადაცემების რეტრანსლირება მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, მით უფრო, რომ ტრანსლირებისათვის აუცილებელი ტექნიკური ინფორმაცია მოცემულია ტელეკომპანია „მაესტროს“ ვებ გვერდზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის.
გამომდინარე იქიდან, რომ როგორც განმცხადებელი აღნიშნავს, სს „სილქნეტი“ არ უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას, შპს „სტუდია მაესტრო“ ითხოვს სს „სილქნეტის“ მიმართ ამავე მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის - გაფრთხილების გამოყენებას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სს „სილქნეტი“ არ აღმოფხვრის დარღვევას 3 დღის ვადაში, მისთვის ავტორიზაციის შეჩერებას 1 წლის ვადით.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-20 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების საკითხს წყვეტს კომისია შესაბამისი მაუწყებლის მომართვიდან 48 საათში.
შპს „სტუდია მაესტრომ“ კომისიაში განცხადება, სს „სილქნეტის“ მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებით კომისიაში წარმოადგინა 2012 წლის 6 აგვისტოს 16 საათსა და 05 წუთზე (N6/4097-12), შესაბამისად, კომისიაში საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 8 აგვისტოს 13:00 საათზე. საკითხის განხილვის თაობაზე წერილობითი შეტყობინებებით ეცნობათ შპს „სტუდია მაესტროს“ (06.08.2012 - N03/1835-12) და სს „სილქნეტს“ (06.08.2012 - N03/1834-12) და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. სს „სილქნეტს“ ასევე გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები და ეთხოვა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეპასუხების წარმოდგენა 2012 წლის 8 აგვისტომდე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 7 აგვისტოს კომისიაში წარმოდგენილ იქნა სს „სილქნეტის“ შეპასუხება (07.08.2012 N6/4150-12), სადაც აღნიშნულია, რომ იმისთვის, რომ სს „სილქნეტმა“ შეასრულოს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება და უზრუნველყოს შპს „სტუდია მაესტროს“ სამაუწყებლო სიგნალის მიწოდება სს „სილქნეტის“ აბონენტებისთვის, აუცილებელია შპს „სტუდია მაესტრომ“ მოახდინოს ტელეკომპანიის სამაუწყებლო სიგნალის მიწოდება სს „სილქნეტისთვის“ შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით:
ვიდეო კოდირება: MPEG4 AVC H.264;
აუდიო კოდირება: AAC;
ნაკადის ფორმატი: Ethernet IP MULTICAST MPEG2 TS – 1.8. მგბტ/წმ.
შპს „სტუდია მაესტროს“ მხრიდან ტელეკომპანიის სს „სილქნეტის“ ქსელში ჩართვის სატელეფონო მოთხოვნა განხორციელდა 2012 წლის 4 აგვისტოს (შაბათს), რა დროსაც ეცნობა შპს „სტუდია მაესტროს“ სს „სილქენტის“ ქსელში ჩართვისთვის აუცილებელი სტანდარტების შესახებ; აღნიშნულის თაობაზე შპს „სტუდია მაესტროს“ ეცნობა ასევე წერილობით 2012 წლის 6 აგვისტოს (წერილის N2651/05-8). შპს „სტუდია მაესტროს“ წარმომადგენლებმა 2012 წლის 6 აგვისტოს სატელეფონო საუბარში განაცხადეს, რომ სს „სილქნეტისთვის“ ზემოაღნიშნული სტანდარტით სიგნალის მიწოდება იმ ეტაპზე არ შეეძლოთ და შესთავაზეს სიგნალის მიწოდება MPEG2 სტანდარტით. სს „სილქნეტმა“, იმისთვის, რომ არ შეფერხებულიყო კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულება, გამოხატა მზადყოფნა განეხორციელებინა სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ შეთავაზებული სტანდარტით, თუმცა მათ განემარტათ, რომ აღნიშნული სტანდარტით სიგნალის მიწოდების შემთხვევაში, სამაუწყებლო არხი ხელმისაწვდომი იქნებოდა მხოლოდ იმ, დაახლოებით 35000 აბონენტისთვის, რომელიც სს „სილქნეტისგან“ მომსახურებას იღებდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მეშვეობით; ტელეკომპანია „მაესტროს“ ასევე განემარტა, რომ მათ მიერ MPEG4 სტანდარტით სიგნალის მიწოდების შემთხვევაში, სს „სილქნეტი“ უზრუნველყოფდა ტელეკომპანიის სიგნალის მიწოდებას დანარჩენი აბონენტებისთვისაც. როგორც შეპასუხებაშია აღნიშნული, მიუხედავად სს „სილქნეტის“ წერილობითი თუ ზეპირი მიმართვისა, შპს „სტუდია მაესტროს“ მხრიდან 2012 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით არ განხორციელებულა სიგნალის მიწოდება სს „სილქნეტისთვის“.
სს „სილქნეტის“ შეპასუხებაში ასევე აღნიშნულია, რომ 1.8 მგბტ/წმ-ით MPEG4 სიგნალის მიწოდების მოთხოვნა გამომდინარეობს სს „სილქნეტის“ აბონენტების ნაწილისთვის ტექნიკურად გამართული სიგნალის მიწოდების აუცილებლობიდან, ვინაიდან იმ აბონენტებისთვის, რომლებიც სს „სილქნეტის“ მომსახურებას იღბენ DSL ტექნილოგიის მეშვეობით, 1.8 მგბტ/წმ-ზე მაღალი სიჩქარის სიგნალის მიწოდება იწვევს ვიდეო სიგნალის შეფერხებას, კერძოდ კადრის გაჩერებას, გამოსახურების დანაწევრებას და სხვა ტექნიკურ პრობლემებს.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომაზე ასევე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტების 2012 წლის 8 აგვისტოს ერთობლივი დასკვნა (სამსახურებრივი ბარათი) სს „სილქნეტის“ მიერ შპს „სტუდია მაესტროს“ სამაუწყებლო სიგნალის ტრანზიტულ ქსელში განთავსებასთან დაკავშირებით. დასკვნაში აღნიშნულია შემდეგი:
„1. იმისათვის, რომ ტრანზიტულმა მაუწყებელმა უზრუნველყოს თანამგზავრული მაუწყებლის სიგნალის განთავსება სამომხმარებლო პაკეტში საჭიროა თანამგზავრულმა მაუწყებელმა მას მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია: თანამგზავრის სახელწოდება და მდებარეობა (კოორდინატი) გეოსტაციონალურ ორბიტაზე, სამუშაო სიხშირის (მიღების სიხშირის) მნიშვნელობა, პოლარიზაციის სიბრტყის პარამეტრი (ვერტიკალური ან ჰორიზონტალური), სატელიტის მიმღების კოდი, კოდირების ტიპი და სიჩქარე.
2. იმისათვის, რომ ტრანზიტულმა მაუწყებელმა უზრუნველყოს თანამგზავრული მაუწყებლის სიგნალის განთავსება სამომხმარებლო პაკეტში საჭიროა განხორციელდეს სიგნალის მიტანის ტექნიკური უზრუნველყოფა, რისთვისაც საჭიროა შემდეგი ტექნიკური საშუალებები:
ა) მიმღები ანტენა, რომელიც შედგება ”თეფშისა” (პარაბოლური რეფლექტორი), და მიმღები თაურასაგან ანუ კონვერტორისაგან (ამ რეფლექტორის ფოკუსში), რომელიც პირველადი გარდამქმნელია, ანუ გარდაქმნის სიგნალს 12 გჰც დიაპაზონიდან პირველ საშუალედო (1 გჰც) სიხშირულ დიაპაზონში;
ბ) მიმღები (რესივერი), რომელიც თაურადან მიღებულ სიგნალს გარდაქმნის სატელევიზიო სიგნალად (მეორე საშუალედო სიხშირე 70 მჰც დიაპაზონში) სატელევიზიო მიმღებზე მიღებისათვის. ერთი თანამგზავრული მიმღები (რესივერი) ღებულობს (გამოყოფს სატელევიზიო მიმღებით მიღებისათვის) ერთ არხს და იგი გადაწყობადია;
გ) ტრასნკოდერი - იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებული სამაუწყებლო სიგნალის ფორმატი არ შეესაბამება ტრანზიტული მაუწყებლობის მიმწოდებლის მიერ გამოყენებულ ტექნოლოგიას.
3. სს ”სილქნეტი” მომხმარებლისათვის სატელევიზიო სიგნალის მიწოდებას ახორციელებს, როგორც სპილენძის წყვილების, ასევე ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელის გამოყენებით. ორივე შემთხვევაში სს ”სილქნეტს” ესაჭიროება, როგორც მიმღები ანტენა (”თეფში” და მიმღები თაურა) ასევე, მიმღები (რესივერი), ხოლო სპილენძის წყვილებით ტრანზიტული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია საჭირო გახდეს ტრასნკოდერიც. კერძოდ, სპილენძის წყვილებით ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურების მიწოდება ხორციელდება DSL ტექნოლოგიით, სადაც ინტერნეტის მომსახურებასთან ერთად აბონენტს შეუძლია მიიღოს ინტერაქტიული ტელევიზია. იმის გამო, რომ აღნიშნული ტექნოლოგია ვერ უზრუნველყოფს გადაცემის მაღალ სიჩქარეს (განსხვავებით ოპტიკურ ბოჭკოვანი ტექნოლოგისაგან) სატელევიზიო სიგნალი უნდა გადაიცეს ისეთი კოდირებით (MPEG4), რომელიც არ მოითხოვს გადაცემის მაღალ სიჩქარეს. შესაბამისად, იმისათვის, რომ DSL ტექნოლოგიით ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურების მიმწოდებელმა უზრუნველსაყოს სატელევიზიო არხის თავის სამომხმარებლო პაკეტში განთავსება, სატელევიზიო სიგნალის მიწოდება (ტექნიკურად მიტანა) უნდა მოახდეს MPEG4 ფორმატში. თუ თანამგზავრიდან მიღებული სატელევიზიო სიგნალი MPEG2 ფორმატშია, საჭიროა სატელევიზიო სიგნალის გარდაქმნა (კონვერტაცია), რაც შესაბამის ტექნიკურ უზრუნველყოფას (ტრანსკოდერს) მოითხოვს.“
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2012 წლის 8 აგვისტოს სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ სს“ სილქნეტის“ და შპს „სტუდია მაესტროს“ უფლებამოსილი წარმომადგენლები.
შპს „სტუდია მაესტროს“ დირექტორმა ი.კიკაბიძემ კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტი ცალსახად განმარტავს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების ვალდებულებას, არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან არჩევნების დღემდე პერიოდში, მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსონ საზოგადოებრივი მაუწყებელი და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული საერთო მაუწყებელი; შესაბამისად, სს „სილქნეტი“, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია უპირობოდ შეასრულოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აღნიშნული მოთხოვნა და კომპანიას არ აქვს უფლება მაუწყებლისგან, ამ შემთხვევაში შპს „სტუდია მაესტროსგან“ მოითხოვოს დამატებითი ტექნიკური აღჭურვილობა ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელება, რაც არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნიდან. შპს „სტუდია მაესტროს“ დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ის თანახმაა უზრუნველყოს საკუთარი სიგნალის მიტანა სს „სილქნეტამდე“ MPEG2 სტანდარტით და ამისთვის თავის თავზე აიღოს თეფშით, თაურათი და რესივერით უზრუნველყოფა, მაგრამ კომპანია არ არის თანახმა განახორციელოს სს „სილქნეტისთვის“ სიგნალის მიწოდება MPEG2 სტანდართით, იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება უზრუნველყოფილი ტელეკომპანია მაესტროს სიგნალის სრულფასოვანი მიწოდება სს „სილქნეტის“ ყველა აბონენტისთვის; რაც შეეხება ტრანსკოდერის შეძენას, შპს „სტუდია მაესტროს“ დირექტორს მიაჩნია, რომ სიგნალის გარდაქმნის მიზნით შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ ტრანსკოდერის შეძენის ვალდებულება არ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან, აღნიშნული სახის ვალდებულება აქვს სს „სილქნეტს“, ვინაიდან სწორედ ის არის ვალდებული უზრუნველყოს სამაუწყებლო არხის განთავსება საკუთარ საკაბელო ქსელში. მან ასევე აღნიშნა, რომ თუ სს „სილქნეტი“ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების ამოწურვის შემდგომ, კერძოდ საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდგომ განაგრძობს შპს „სტუდია მაესტროს“ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირებას საკუთარი ქსელის მეშვეობით, შპს „სტუდია მაესტრო“ მზადაა შეიძინოს შესაბამისი ტრანსკოდერი და უზრუნველყოს შესაბამისი სიგნალის მიწოდება სს „სილქნეტისთვის“, გამომდინარე კომპანიის ბიზნეს-ინტერესიდან.
ილია კიკაბიძემ კომისიის სხდომაზე დაადასტურა ის ფაქტი, რომ შპს „სტუდია მაესტროსა“ და სს „სილქნეტის“ წარმომადგენლებს შორის ნამდვილად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, მან ასევე დაადასტურა, რომ კომპანიას ჩაბარდა სს „სილქნეტისგან“ 2012 წლის 6 და 7 აგვისტოს გაგზავნილი წერილები.
კომისიის სხდომაზე, სს „სილქნეტის“ დირექტორმა ლ.ბუჩუკურმა აღნიშნა, რომ კომპანიამ 2012 წლის 7 აგვისტოს განმეორებით, წერილობით მიმართა შპს „სტუდია მაესტროს“ და კიდევ ერთხელ გამოთქვა შპს „სტუდია მაესტროსთან“ თანამშრომლობისა და სამაუწყებლო არხის სს „სილქნეტის“ სატრანზიტო ქსელში ჩართვის მზადყოფნა, მაგრამ მიუხედავად ამისა, შპს „სტუდია მაესტროს“ მხრიდან არ გადადგმულა არანაირი ქმედითი ნაბიჯები კანონით გათვალისწინებული დანაწესების შესრულების მიზნით.
სს „სილქნეტის“ გენერალურმა დირექტორმა ლ.ბუჩუკურმა, ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტი ავალდებულებს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს მომხმარებლისათვის შეთავაზებულ საკუთარ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული საერთო მაუწყებელი, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში, აგრეთვე საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისათვის; კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის ვალდებულება, უზრუნველყოს შესაბამისი მაუწყებლების სამაუწყებლო სიგნალების მიტანა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის შესაბამისი ტექნიკური ჩართვის წერტილამდე, მითუმეტეს, რომ აღნიშნული ტექნიკური ხასიათის ღონისძიების განხორციელება დაკავშირებულია გარკვეულ ფინანსურ ხარჯებთან, რისი გაღების ვალდებულებაც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს არ აქვს. როგორც ლევან ბუჩუკურმა აღნიშნა, გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოებაც, რომ სს „სილქნეტი“ მაუწყებლობის ტრანზიტს ახორციელებს არა მხოლოდ ქ.თბილისში, არამედ, საქართველოს სხვა ქალაქებსა და რაიონებში, როგორც ოპტიკურ-ბოჭკოვანი, ასევე სპილენძის წყვილების სააბონენტო დაშვების ქსელის მეშვეობით და შესაბამისად, მას საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩებვნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება ეკისრება არა მხოლოდ თანამგზავრული მაუწყებლების მიმართ, არამედ სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის განმახორციელებელი არაერთი ეროვნული და რეგიონალური მაუწყებლის მიმართაც; შესაბამისად, თითოეული შესაბამისი მაუწყებლის სიგნალის სს „სილქნეტის“ სატრანზიტო ქსელში განთავსებისათვის სს „სილქნეტის“ ტექნიკური ჩართვის წერტილამდე მიყვანა, გარდა იმისა, რომ საჭიროებს დამატებით ტექნიკურ მოწყობილობებს, რისი პარამეტრებიც ვერც ერთ შემთხვევაში წინასწარ ვერ იქნებოდა ცნობილი სს „სილქნეტისთვის“, ასევე დაკავშირებულია ფინანსურ ხარჯებთანაც. შესაბამისად, თუ მაუწყებელი არ უზრუნველყოფს სიგანლის მიწოდებას სს „სილქნეტისთვის“, კომპანია მოკლებული იქნება შესაძლებლობას განახორციელოს სამაუწყებლო არხის საკუთარ ქსელში განთავსება და ბოლო მომხმარებლამდე (აბონენტამდე) მიტანა.
ლევან ბუჩუკურის განცხადებით სს „სილქნეტმა“ არაერთხელ გამოთქვა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩებვნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შერულების მზადყოფნა და დღესაც მზადაა უზრუნველყოს შპს „სტუდია მაესტროს“ სამაუწყებლო სიგნალის განთავსება სს „სილქნეტის“ სატრანზიტო ქსელში, შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ შესაბამისი ტექნიკური პარამეტრებისა და აპარატურის მეშვეობით სამაუწყებლო სიგნალის მიწოდების შემთხვევაში. მან ასევე განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ სიგნალის მიწოდება განხორციელდება MPEG2 სტანდარტით და არ მოხდება შესაბამისი ტრანსკოდერით სიგნალის MPEG4 სტანდარტში გადაყვანა, სს „სილქნეტი“ მზადაა დაუყოვნებლივ უზრუნველყოს აღნიშნული სიგნალის მიწოდება იმ აბონენტებისთვის, რომლებიც მომსახურებას იღებენ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის მეშვეობით და რომელთა რაოდენობაც შეადგენს დაახლოებით 35 000 აბონენტს. ლევან ბუჩუკურმა ასევე განმარტა, რომ სს „სილქნეტს“ არასოდეს მოუთხოვია ზემოაღნიშნული ტექნიკური აღჭურვილობის, მათ შორის ტრანსკოდერის, რომელიც MPEG2 სტანდარტის სიგნალს გარდაქმნის MPEG4 სტანდარტის სიგნალად სს „სილქნეტისათვის“ გადაცემა და ყველა ეს ტექნიკური მოწყობილობა იქნება საერთო მაუწყებლის, ამ შემთხვევაში შპს „სტუდია მაესტროს“ საკუთრებაში. ლევან ბუჩუკურმა, შპს „სტუდია მაესტროს“ წარმომადგენლებს ასევე შესთავაზა, მათი ტექნიკური პერსონალის თანდასწრებით ექსპერიმენტის ჩატარება და MPEG2 სტანდარტის სიგნალის სპილენძის წყვილებით ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურების ქსლეში (გამოყენებული ტექნილოგია - DSL) გატარება, რათა ტელეკომპანიის წარმომადგენლები თავად დარწმუნებულიყვნენ MPEG2 სტანდარტის შეუსაბამობაში ამ ქსელში სიგნალის გატარებისას.
ლ.ბუჩუკურის განმარტებით, შპს „სტურდია მაესტროს“ მხრიდან ადგილი აქვს ხელოვნური პრობლემებისა და დაბრკოლებების შექმნას, რათა შეფერხდეს სს „სილქნეტის“ მიერ კანონით გათვალისწინებული მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება.
ადმინისტრაციული წარმოების მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის, ასევე მხარეთა მიერ კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:
1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან არჩევნების დღემდე პერიოდში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული საერთო მაუწყებელი, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში (თანამგზავრული მაუწყებლობისათვის მაუწყებლობის ზონა ამ მუხლის მიზნებისათვის არის საქართველოს მთელი ტერიტორია), აგრეთვე საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისათვის; ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშობა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისგან მაუწყებლის არხის ტრანზიტული გავრცელებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ხოლო მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია მომხმარებლისათვის უზრუნველყოს ამ პუნქტით განსაზღვრული მაუწყებლების არხების თანაბარი და არადისკრიმინაციული ფინანსური პირობებით მიწოდება; ამავე მუხლის მე-18 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს ამ მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან არჩევნების დღემდე პერიოდში შეუძლია უფასოდ, შესაბამისი მაუწყებლის ნებართვის გარეშე განახორციელოს ამ მუხლის მე-17 პუნქტში მითითებული მაუწყებლობის ტრანზიტი, ხოლო მე-19 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ამ მუხლის მე-17 პუნქტით დადგენილი ვალდებულება არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან 3 დღის ვადაში; მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მის გაფრთხილებას, ხოლო გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის ვადაში დარღვევის აღმოუფხვრელობა ან განმეორებით ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისათვის ავტორიზაციის 1 წლის ვადით შეჩერებას.
2. შპს „სტუდია მაესტრო“ ფლობს კერძო საერთო მაუწყებლობის NB107 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს ტელემაუწყებლობის განხორციელებას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით; შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებლებისათვის (აბონენტებისათვის) შეთავაზებულ სამომხმარებლო პაკეტში ტელეკომპანია „მაესტროს“ განთავსების ვალდებულება აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ ყველა პირს.
3. სს „სილქნეტი“ წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, რომელიც ავტორიზაციით გათვალისწინებულ საქმიანობას (მაუწყებლობის ტრანზიტს) ახორციელებს შემდეგ გეოგრაფიულ არეალში შემდეგი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელების გამოყენებით:
ა) ახალციხე - სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი;
ბ) ბათუმი - სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი; ოპტიკურ ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი;
გ) ბორჯომი - სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი; ოპტიკურ ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი;
დ) გარდაბანი - სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი;
ე) გორი - სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი; ოპტიკურ ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი;
ვ) ზესტაფონი - სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი;
ზ) ზუგდიდი - სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი; ოპტიკურ ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი;
თ) თბილისი - სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი; ოპტიკურ ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი;
ი) თელავი - ოპტიკურ ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი;
კ) კასპი - სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი;
ლ) ლანჩხუთი - სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი;
მ) მარნეული - სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი;
ნ) მცხეთა - სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი; ოპტიკურ ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი;
ო) რუსთავი - სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი; ოპტიკურ ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი;
პ) სამტრედია - სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი;
ჟ) სენაკი - სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი;
რ) ფოთი - სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი; ოპტიკურ ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი;
ს) ქარელი - სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი;
ტ) ქობულეთი - სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი;
უ) ქუთაისი - სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი; ოპტიკურ ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი;
ფ) წყალტუბო - სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი;
ქ) ხარაგაული - სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი;
ღ) ხაშური - სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სს „სილქნეტის“ კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს განათავსოს, შპს „სტუდია მაესტრო“, როგორც სპილენძის წყვილების, ისე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის მომხმარებლებისათვის შეთავაზებულ სამომხმარებლო პაკეტებში.
ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ მხარეთა მიერ სადაო არ გამხდარა ის ფაქტი, რომ სს „სილქნეტის“ მიერ შპს „სტუდია მეასტროს“ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ სამომხმარებლო პაკეტში განთავსების კანონისმიერი ვალდებულების შესრულებისათვის, შპს „სტუდია მაესტროს“ სიგნალი მიტანილ უნდა იქნას სს „სილქნეტის“ მიერ განსაზღვრულ ტექნიკური ჩართვის წერტილამდე, რასაც ტექნიკური უზრუნველყოფა სჭირდება, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტების 2012 წლის 8 აგვისტოს ერთობლივი დასკვნაში (სამსახურებრივი ბარათში) მოცემული აღწერით. სადაო დარჩა შპს „სტუდია მაესტროს“ სიგნალის სს „სილქნეტის“ მიერ განსაზღვრულ ამ უკანასკნელის ტექნიკური ჩართვის წერტილამდე მიტანის უზრუნველყოფის საკითხი, კერძოდ, ის თუ ვის ვალდებულებას წარმოადგენს შპს „სტუდია მაესტროს“ სიგნალის სს „სილქნეტის“ მიერ განსაზღვრულ ამ უკანასკნელის ტექნიკური ჩართვის წერტილამდე მიტანა.
კომისიას მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტი პირდაპირ არ განსაზღვრავს საერთო მაუწყებლის სიგნალის მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის ტექნიკური ჩართვის წერტილამდე მიტანის ტექნიკური უზრუნველყოფის განმახორციელებელ სუბიექტს, იგი მკაფიოდ მიუთითებს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტრიზებულ პირზე დაკისრებული ვალდებულების შინაარსს და ფარგლებს: მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია საკუთარი მომხმარებლისათვის (აბონენტისათვის) შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საერთო მაუწყებელი, ანუ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის ვალდებულება იწყება საკუთარი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელიდან და გულისხმობს საერთო მაუწყებლის სიგნალის საკუთარ ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელში გატარებასა და ბოლო მომხმარებლებისათვის (აბონენტებისათვის) შეთავაზებულ სამომხმარებლო პაკეტში მის განთავსებას. აღნიშნული ვალდებულებითი ნორმა არ ითვალისწინებს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის ვალდებულებას, ზემოაღნიშნულთან ერთად უზრუნველყოს ყველა იმ მაუწყებლის სიგნალის საკუთარი ტექნიკური ჩართვის წერტილში მიტანას, რომელზეც ვრცელდება „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტი.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალებიდან და მხარეთა მიერ კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებებიდან ირკვევა, რომ:
- შპს „სტუდია მაესტრომ“ სატელეფონო კომუნიკაცია სს „სილქნეტთან“ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტის რეალიზაციის მიზნით დაამყარა მხოლოდ 2012 წლის 4 აგვისტოს, ანუ არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან მესამე დღეს (04.08.2012);
- სს „სილქნეტი“, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი, მზად იყო და არის შეასრულოს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტით მასზე, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირზე დაკისრებული კანონისმიერი ვალდებულება, კერძოდ, უზრუნველყოს შპს “სტუდია მაესტროს“ სამაუწყებლო არხის გატარება სს „სილქნეტის“ ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელში, მისი ბოლო მომხმარებლებისათვის (აბონენტებისათვის) შეთავაზებულ სამომხმარებლო პაკეტში განთავსება და აბონენტებისათვის მიწოდება;
- შპს „სტუდია მაესტრო“ უარს აცხადებს უზრუნველყოს საკუთარი არხის სიგნალის სს „სილქნეტის“ ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტექნიკური ჩართვის წერტილამდე მიტანაზე.
კომისიას მიაჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლევის, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის საფუძველზე, არ დასტურდება სს „სილქნეტის“ მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტით მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებისგან თავის არიდებისა და კანონსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტი, რაც შეიძლება გახდეს სს „სილქნეტის“ მიმართ ამავე მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის, კერძოდ, გაფრთხილების გამოყენების საფუძველი. შესაბამისად, კომისიის წევრთა უმრავლესობას (ი. ჩიქოვანი, ს. ბრიტანჩუკი, კ. კვიტაიშვილი) მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს შპს „სტუდია მაესტროს“ განცხადება სს „სილქნეტის“ გაფრთხილების თაობაზე, მოთხოვნის უსაფუძვლობის გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17, მე-19 და მე-20 პუნქტების, 77-ე მუხლის მე-51 პუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით (3 - მომხრე, 2 - წინააღმდეგი (ი. მოსეშვილი, ა. სიხარულიძე))
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს შპს „სტუდია მაესტროს“ განცხადება (06.08.2012 - N6/4097, 16:05 სთ.) სს „სილქნეტის“ მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო სს „სილქნეტის“ გაფრთხილების თაობაზე, სს „სილქნეტის“ მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტის დარღვევის ფაქტის დაუდასტურებლობის გამო;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით გამოცხადებიდან 48 საათში;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
