შპს ტელერადიოკომპანია ”რიონის” კერძო მაუწყებლობის №B73 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №828/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 17, 2012
მიღების თარიღი აგვისტო 10, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ტელერადიოკომპანია „რიონმა“ (№7/374-12, 19.06.2012), კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B73 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, შპს ტელერადიოკომპანია „რიონი“ ითხოვს კერძო მაუწყებლობის №B73 ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების იმგვარ ცვლილებას, რომ კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა ზემოაღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე, ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით გაავრცელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც. როგორც განცხადებაშია აღნიშნული მოდიფიცირების შემდგომ სამაუწყებლო ბადე გავრცელდება მაღალი ხარისხის სიგნალით, რაც გაამარტივებს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესს.
შპს ტელერადიოკომპანია „რიონი“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B73 ლიცენზიას კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №828/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა და საერთო რადიომაუწყებლობა;
ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 31 დეკემბრამდე;
მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები:
ა) ტელემაუწყებლობა 31-ე სატელევიზიო არხზე 500 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ.ქუთაისში და მიმდებარე რაიონებში, სატელევიზიო გამოსახულების სიგნალის შესაძლო მაქსიმალური დონეები დეციმეტრული დიაპაზონის 31-ე სატელევიზიო არხზე საკონტროლო გაზომვის წერტილებში შემდეგი ჩამონათვალის მიხედვით:
ა.ა) ქ.წყალტუბო – 72 დბ (მკვ/მტ);
ა.ბ) ქ.ხონი – 60 დბ (მკვ/მტ);
ა.გ) ქ.სამტრედია – 66დბ (მკვ/მტ);
ა.დ) ს.ბაღდათი – 60 დბ (მკვ/მტ);
ა.ე) ქ.ვანი – 66 დბ (მკვ/მტ);
ა.ვ) ქ.ზესტაფონი – 54 დბ (მკვ/მტ);
ბ) რადიომაუწყებლობა 105.5 მგჰც სამუშაო სიხშირეზე 500 ვატი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ.ქუთაისში და მიმდებარე რაიონებში;
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 29 ივნისის № 451/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ტელერადიოკომპანია ”რიონის” კერძო მაუწყებლობის №B73 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №828/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.
ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2012 წლის 27 ივლისის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს, შპს ტელერადიოკომპანია „რიონის“ კერძო მაუწყებლობის №B73 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა, ვინაიდან, შპს ტელერადიოკომპანია „რიონის“ მოთხოვნის საფუძველზე, ლიცენზიების მოდიფიცირების შემდეგ, ლიცენზიის მფლობელი უზრუნველყოფს უკვე არსებული ლიცენზიების ფარგლებში გაწეული სამაუწყებლო საქმიანობის მომხმარებლისათვის მიწოდებას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც, სიხშირული სპექტრით მაუწყებლობის ზონის გაზრდის გარეშე.
საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2012 წლის 27 ივლისის 16:00 საათზე. ზეპირი მოსმენისას არ გამოვლენილა შპს ტელერადიოკომპანია ”რიონის” კერძო მაუწყებლობის №B73 ლიცენზიის მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები; შესაბამისად კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ზეპირი მოსმენის სხდომაზევე მიიღოს გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული ლიცენზიის მოდიფიცირებისა და 2011 წლის 30 დეკემბრის №828/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს შპს ტელერადიოკომპანია ”რიონის” კერძო მაუწყებლობის №B73 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №828/6 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ”გ” ქვეპუნქტი:
გ) ტელერადიომაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.“
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ტელერადიოკომპანია ”რიონისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
3.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს ტელერადიოკომპანია ”რიონისთვის” აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
