შპს ”გლობალ სელისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმისა და განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 20, 2012
მიღების თარიღი აგვისტო 10, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”გლობალ სელმა” კომისიას მიმართა განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/223-12, 27.03.12 და №7/197-12, 19.03.2012) და მოითხოვა საბარათე სისტემით მომსახურებისათვის ნუმერაციის 1 (ხუთციფრა) რესურსი.
კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად, უვადოდ, ყოველწლიური განახლებით. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი იხდის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სანებართვო მოსაკრებელს და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.
კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტის და მე-8 მუხლის კ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ნებართვა გაიცემა მოკლე ნომრებზე (რომლის სრული ფორმატი 5 ციფრიანია, მისი გამოყენება შესაძლებელია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ეროვნული დანიშნულების კოდისა და ეროვნული პრეფიქსის გარეშე); სატელეკომუნიკაციო (17XXX), ასევე არასატელეკომუნიკაციო (16XXX) მომსახურების მისაწოდებლად, ნებართვა გაიცემა - 1 ნომერზე; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური ხუთციფრა მოკლე ნომრებზე სატელეკომუნიკაციო სერვისების მისაწოდებლად შეადგენს - 1500 ლარს ნუმერაციის ერთ რესურსზე;
,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ ნებართვაზე შეადგენს 100 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”გლობალ სელის” მიერ 2012 წლის 19 მარტს წარმოდგენილი განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ ნებართვის მაძიებლის მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში არ იყო მითითებული იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი; ამავე დროს განცხადებას თანდართული არ ჰქონდა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. ამიტომ კომპანიას კომისიის 2012 წლის 22 მარტის №01/736-12 წერილით განესაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა, რათა წარმოედგინა დაზუსტებული განაცხადი და დოკუმენტაცია. აღნიშნული ხარვეზი შპს „გლობალ სელის“ მიერ აღმოფხვრილ იქნა 2012 წლის 27 მარტს წარმოდგენილი წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №7/223-12, 27.03.12).
შპს ”გლობალ სელის” მიერ დაზუსტებული განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ, კომისიამ შეისწავა წარმოდგენილი დოკუმენტაცია და შპს ”გლობალ სელს” როგორც ავტორიზებულ პირს, 2012 წლის 2 ივლისის №01/1606-12 წერილით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ”ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, განუსაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა, რათა წარმოედგინა სანებართვო მოსაკრებლის - 100 ლარის და რესურსით სარგებლობის საფასურის - 1500 ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი. კომისია აღნიშნავს, რომ მითითებულ ვადაში განმცხადებელს მოთხოვნილი დოკუმენტაცია კომისიაში არ წარმოუდგენია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-4 მუხლის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად კომისია უარს ეტყვის ნებართვის მაძიებელს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემაზე, თუ ნებართვის მაძიებელმა კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში კომისიაში არ წარმოადგინა სანებართვო მოსაკრებლისა და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-4 მუხლის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. უარი ეთქვას შპს ”გლობალ სელს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემაზე და განუხილველად დარჩეს შპს ”გლობალ სელის” განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №7/223-12, 27.03.12) საბარათე სისტემით მომსახურებისათვის ნუმერაციის 1 (ხუთციფრა) რესურსის მოთხოვნის თაობაზე.
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”გლობალ სელისთვის” ჩაბარებისთანავე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ; №6) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
