შპს ტელეკომპანია ”კავკასიის” მაუწყებლობის №B23 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 და 2003 წლის 13 აგვისტოს №412/6 გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 20, 2012
მიღების თარიღი აგვისტო 15, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ტელეკომპანია „კავკასიამ“ (№7/420-12, 25.07.2012), კომპანიის კუთვნილი მაუწყებლობის №B23 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, შპს ტელეკომპანია „კავკასია“ ითხოვს მაუწყებლობის №B23 ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების იმგვარ ცვლილებას, რომ კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა ზემოაღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე, ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით გაავრცელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც. როგორც განცხადებაშია აღნიშნული მოდიფიცირების შემდგომ გაუმჯობესდება მაუწყებლობის ხარისხი და გაიზრდება ტელეკომპანიის აუდიტორია, რაც ხელს შეუწყობს სარეკლამო შემოსავლების გაზრდას და ტელეკომპანიის შემდგომ განვითარებას.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელეკომპანია „კავკასია“ ფლობს მაუწყებლობის №B23 ლიცენზიას კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ლიცენზიის სახე: საეთერო ტელემაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
ტელემაუწყებლობა 28-ე დეციმეტრულ არხზე 5 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.თბილისი;
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს, შპს ტელეკომპანია „კავკასიის“ მაუწყებლობის №B23 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა, ვინაიდან, შპს ტელეკომპანია „კავკასიის“ მოთხოვნის საფუძველზე, ლიცენზიების მოდიფიცირების შემდეგ, ლიცენზიის მფლობელი უზრუნველყოფს უკვე არსებული ლიცენზიების ფარგლებში გაწეული სამაუწყებლო საქმიანობის მომხმარებლისათვის მიწოდებას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც, სიხშირული სპექტრით მაუწყებლობის ზონის გაზრდის გარეშე.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა შპს ტელეკომპანია ”კავკასიის” №B23 ლიცენზიის მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა, კერძოდ, ლიცენზიის სახე - საეთერო ტელემაუწყებლობა აღარ შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის შესაბამისად, კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს. ასევე აღსანიშნავია, რომ შპს ტელეკომპანია ”კავკასიის” მაუწყებლობის №B23 ლიცენზიის სალიცენზიო ვალდებულებები, გათვალისწილებულია კომისიის 2003 წლის 13 აგვისტოს №412/6 გადაწყვეტილებით, ”კავშირგაბმულობისა და ფოსტის” შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, რაც წინააღმდეგობაში მოდის ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ ასევე მიზანშეწონილია ცვლილებების განხორციელება შპს ტელეკომპანია ”კავკასიის” მაუწყებლობის №B23 ლიცენზიით განსაზღვრულ სალიცენზიო ვალდებულებებში და აღნიშნული სალიცენზიო ვალდებულებების შესაბამისობაში მოყვანა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება, ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ტელეკომპანია ”კავკასიის” მაუწყებლობის №B23 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 და 2003 წლის 13 აგვისტოს №412/6 გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2012 წლის 13 სექტემბრის 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ტელეკომპანია ”კავკასიისთვის” გაგზავნა (თ. დანელია);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
