ინდ.მეწარმე „დარეჯან როკეტიშვილის“ მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით შპს „სტუდია მაესტროს“ განცხადების განხილვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 23, 2012
მიღების თარიღი აგვისტო 23, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2012 წლის 21 აგვისტოს კომისიას განცხადებით მომართა შპს „სტუდია მაესტრომ“ (21.08.2012 - N6/4645-12) ინდ.მეწარმე „დარეჯან როკეტიშვილის“ მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე. კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის ინდ.მეწარმე „დარეჯან როკეტიშვილის“ მიერ, რომელიც მაუწყებლობის ტრანზიტს ახორციელებს ქ.ბორჯომში, არ ხდება ტელეკომპანია „მაესტროს“ სიგნალის აბონენტებისთვის მიწოდების კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულება.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია რომ 2012 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ გათვალისწინებული წესი, რომლის მიხედვითაც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს წინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებლობის საერთო ლიცენზიის მფლობელი პირების მაუწყებლობის ტრანზიტი. კერძოდ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან არჩევნების დღემდე პერიოდში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული საერთო მაუწყებელი, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში (თანამგზავრული მაუწყებლობისათვის მაუწყებლობის ზონა ამ მუხლის მიზნებისათვის არის საქართველოს მთელი ტერიტორია), აგრეთვე საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისათვის; ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშვება მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისგან მაუწყებლის არხის ტრანზიტული გავრცელებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ხოლო მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია მომხმარებლისათვის უზრუნველყოს ამ პუნქტით განსაზღვრული მაუწყებლების არხების თანაბარი და არადისკრიმინაციული ფინანსური პირობებით მიწოდება; ამავე მუხლის მე-19 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ამ მუხლის მე-17 პუნქტით დადგენილი ვალდებულება არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან 3 დღის ვადაში. მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მის გაფრთხილებას, ხოლო გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის ვადაში დარღვევის აღმოუფხვრელობა ან განმეორებით ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისათვის ავტორიზაციის 1 წლის ვადით შეჩერებას.
როგორც შპს „სტუდია მაესტროს“ განცხადებაშია აღნიშნული, ინდ.მეწარმე „დარეჯან როკეტიშვილის“ მიერ, რომელიც წარმოადგენს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს და რომელსაც კანონის შესაბამისად დაკისრებული ჰქონდა ვალდებულება 2012 წლის 1 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში, კერძოდ, არაუგვიანეს 4 აგვისტოსი დაეწყო ტელეკომპანია „მაესტროს“ სამაუწყებლო სიგნალის მიწოდება თავისი აბონენტებისთვის, დღემდე არ არის შესრულებული საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ, კომპანია არ უზრუნველყოფს კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელის შპს „სტუდია მაესტროს“ ტრანზიტს.
შპს „სტუდია მაესტროს“ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ არც საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და არც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს მაუწყებლის მხრიდან რაიმე ქმედების განხორციელებას და მაუწყებლის გადაცემების რეტრანსლირება მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, მით უფრო, რომ ტრანსლირებისათვის აუცილებელი ტექნიკური ინფორმაცია მოცემულია ტელეკომპანია „მაესტროს“ ვებ გვერდზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის.
გამომდინარე იქიდან, რომ როგორც განმცხადებელი აღნიშნავს, ინდ.მეწარმე „დარეჯან როკეტიშვილი“ არ უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას, შპს „სტუდია მაესტრო“ ითხოვს ინდ.მეწარმე „დარეჯან როკეტიშვილის“ მიმართ ამავე მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის - გაფრთხილების გამოყენებას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინდ.მეწარმე „დარეჯან როკეტიშვილი“ არ აღმოფხვრის დარღვევას 3 დღის ვადაში, მისთვის ავტორიზაციის შეჩერებას 1 წლის ვადით.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-20 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების საკითხს წყვეტს კომისია შესაბამისი მაუწყებლის მომართვიდან 48 საათში.
შპს „სტუდია მაესტრომ“ კომისიაში განცხადება, ინდ.მეწარმე „დარეჯან როკეტიშვილის“ მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებით კომისიაში წარმოადგინა 2012 წლის 21 აგვისტოს (N6/4645-12), შესაბამისად, კომისიაში საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 23 აგვისტოს 13:00 საათზე. საკითხის განხილვის თაობაზე წერილობითი შეტყობინებებით ეცნობათ შპს „სტუდია მაესტროს“ (22.08.2012 - N03/2064-12) და ინდ.მეწარმე „დარეჯან როკეტიშვილს“ (22.08.2012 - N03/2065-12) და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. ინდ.მეწარმე „დარეჯან როკეტიშვილი“ დამატებით ტელეფონოგრამის მეშვეობითაც იქნა მოწვეული კომისიის სხდომაზე, მას ასევე გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები და ეთხოვა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეპასუხების წარმოდგენა 2012 წლის 23 აგვისტომდე.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2012 წლის 23 აგვისტოს სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ინდ.მეწარმე „დარეჯან როკეტიშვილი“ და შპს „სტუდია მაესტროს“ უფლებამოსილი წარმომადგენლები.
შპს „სტუდია მაესტროს“ დირექტორმა ი.კიკაბიძემ კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტი ცალსახად განმარტავს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების ვალდებულებას, არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან არჩევნების დღემდე პერიოდში, მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსონ საზოგადოებრივი მაუწყებელი და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული საერთო მაუწყებელი; შესაბამისად, ინდ.მეწარმე „დარეჯან როკეტიშვილი“, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია უპირობოდ შეასრულოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აღნიშნული მოთხოვნა და კომპანიას არ აქვს უფლება მაუწყებლისგან, ამ შემთხვევაში შპს „სტუდია მაესტროსგან“ მოითხოვოს დამატებით რაიმე ქმედების განხორციელება, რაც არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნიდან.
კომისიის სხდომაზე დარეჯან როკეტიშვილმა აღნიშნა, რომ შპს „სტუდია მაესტროს“ არ მიუმართავს ინდ.მეწარმე „დარეჯან როკეტიშვილისთვის“ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირების მოთხოვნით და რომ მიემართა, იგი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფდა არხის ჩასმას საკუთარ სამომხმარებლო პაკეტში, ისევე როგორც ეს გააკეთა შპს „მეცხრე არხის“ შემთხვევაში, როცა ამ უკანასკნელმა მიმართა წერილობით, აცნობა ტექნიკური პარამეტრები და შესაბამისად უზრუნველყოფილ იქნა აღნიშნული არხის ინდ.მეწარმე „დარეჯან როკეტიშვილის“ სამომხმარებლო პაკეტში განთავსება. დარეჯან როკეტიშვილმა აღნიშნა, რომ მას არ უთქვამს უარი შპს „სტუდია მაესტროს“ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირებაზე, იგი დღესაც მზადაა განათავსოს არხი საკუთარ სამომხმარებლო პაკეტში, სამომხმარებლო პაკეტიდან არაქართულენოვანი არხის ამოღების გზით, შპს „სტუდია მაესტროს“ მოთხოვნისა და ტექნიკური პარამეტრების თაობაზე ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში. დარეჯან როკეტიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ეს გაუგებრობა საერთოდ არ მოხდებოდა შპს „სტუდია მაესტროს“ რომ მიემართა მისთვის სამაუწყებლო არხის სამომხმარებლო პაკეტში განთავსების მოთხოვნით და მიეწოდებინა ტექნიკური პარამეტრები, როგორც ეს გააკეთა შპს „მეცხრე არხმა“. დარეჯან როკეტიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ იგი არ ითხოვს შპს „სტუდია მაესტროსგან“ დამატებით ტექნიკურ აპარატურას, იგი მზადაა კანონისმიერი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად მისი სამომხმარებლო პაკეტიდან ამოიღოს ერთ-ერთი არხი და მის მაგივრად უზრუნველყოს შპს „სტუდია მაესტროს“ სამაუწყებლო სიგნალის რეტრანსლირება.
ადმინისტრაციული წარმოების მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის, ასევე მხარეთა მიერ კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:
1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან არჩევნების დღემდე პერიოდში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული საერთო მაუწყებელი, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში (თანამგზავრული მაუწყებლობისათვის მაუწყებლობის ზონა ამ მუხლის მიზნებისათვის არის საქართველოს მთელი ტერიტორია), აგრეთვე საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისათვის; ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშობა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისგან მაუწყებლის არხის ტრანზიტული გავრცელებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ხოლო მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია მომხმარებლისათვის უზრუნველყოს ამ პუნქტით განსაზღვრული მაუწყებლების არხების თანაბარი და არადისკრიმინაციული ფინანსური პირობებით მიწოდება; ამავე მუხლის მე-18 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს ამ მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან არჩევნების დღემდე პერიოდში შეუძლია უფასოდ, შესაბამისი მაუწყებლის ნებართვის გარეშე განახორციელოს ამ მუხლის მე-17 პუნქტში მითითებული მაუწყებლობის ტრანზიტი, ხოლო მე-19 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ამ მუხლის მე-17 პუნქტით დადგენილი ვალდებულება არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან 3 დღის ვადაში; მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მის გაფრთხილებას, ხოლო გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის ვადაში დარღვევის აღმოუფხვრელობა ან განმეორებით ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისათვის ავტორიზაციის 1 წლის ვადით შეჩერებას.
2. შპს „სტუდია მაესტრო“ ფლობს კერძო საერთო მაუწყებლობის NB107 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს ტელემაუწყებლობის განხორციელებას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით; შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებლებისათვის (აბონენტებისათვის) შეთავაზებულ სამომხმარებლო პაკეტში ტელეკომპანია „მაესტროს“ განთავსების ვალდებულება აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ ყველა პირს.
3. ინდ.მეწარმე „დარეჯან როკეტიშვილი“ წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ავტორიზებულ პირს, რომელიც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქცელითა და/ან ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:
ა) კოაქციალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
ბ) კოაქციალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი
ინდ.მეწარმე „დარეჯან როკეტიშვილი“ ავტორიზაციით გათვალისწინებულ საქმიანობას (მაუწყებლობის ტრანზიტს) ახორციელებს ქ.ბორჯომში. შესაბამისად, მის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს განათავსოს შპს „სტუდია მაესტროს“ სამაუწყებლო სიგნალი მომხმარებლებისათვის შეთავაზებულ სამომხმარებლო პაკეტებში.
კომისია აღნიშნავს, რომ იმისათვის, რომ ტრანზიტულმა მაუწყებელმა უზრუნველყოს თანამგზავრული მაუწყებლის სიგნალის განთავსება სამომხმარებლო პაკეტში საჭიროა თანამგზავრულმა მაუწყებელმა მას მიაწოდოს შემდეგი ტექნიკური ინფორმაცია: თანამგზავრის სახელწოდება და მდებარეობა (კოორდინატი) გეოსტაციონალურ ორბიტაზე, სამუშაო სიხშირის (მიღების სიხშირის) მნიშვნელობა, პოლარიზაციის სიბრტყის პარამეტრი (ვერტიკალური ან ჰორიზონტალური), სატელიტის მიმღების კოდი, კოდირების ტიპი და სიჩქარე.
კომისიას მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტი პირდაპირ არ განსაზღვრავს საერთო მაუწყებლის სიგნალის მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის ტექნიკური ჩართვის წერტილამდე მიტანის ტექნიკური უზრუნველყოფის განმახორციელებელ სუბიექტს, იგი მკაფიოდ მიუთითებს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირზე დაკისრებული ვალდებულების შინაარსს და ფარგლებს: მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია საკუთარი მომხმარებლისათვის (აბონენტისათვის) შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საერთო მაუწყებელი, ანუ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის ვალდებულება იწყება საკუთარი კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელიდან და გულისხმობს საერთო მაუწყებლის სიგნალის საკუთარ კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელში გატარებასა და ბოლო მომხმარებლებისათვის (აბონენტებისათვის) შეთავაზებულ სამომხმარებლო პაკეტში მის განთავსებას. აღნიშნული ვალდებულებითი ნორმა არ ითვალისწინებს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის ვალდებულებას, ზემოაღნიშნულთან ერთად უზრუნველყოს ყველა იმ მაუწყებლის სიგნალის საკუთარი ტექნიკური ჩართვის წერტილში მიტანა, რომელზეც ვრცელდება „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტი.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალებიდან და მხარეთა მიერ კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებებიდან ირკვევა, რომ შპს „სტუდია მაესტროს“ არ მიუმართავს ინდ.მეწარმე „დარეჯან როკეტიშვილისთვის“ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტის საფუძველზე, შპს „სტუდია მაესტროს“ სამაუწყებლო სიგნალის საკაბელო ქსელში განთავსებასთან დაკავშირებით და შესაბამისად, არც ის ტექნიკური პარამეტრები მიუწოდებია, რაც აუცილებელია სამაუწყებლო არხის რეტრანსლირების უზრუნველსაყოფად. ინდ.მეწარმე „დარეჯან როკეტიშვილი“ არ ითხოვს შპს „სტუდია მაესტროს“ სამაუწყებლო სიგნალის რეტრანსლირებისთვის დამატებით ტექნიკურ აღჭურვილობას და მზადაა, მიმართვის შემთხვევაში, სხვა არაქართულენოვანი სამაუწყებლო არხის ამოღების გზით, უზრუნველყოს შპს „სტუდია მაესტროს“ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება მის საკაბელო ქსელში.
კომისიას მიაჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლევის, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის საფუძველზე არ დასტურდება ინდ.მეწარმე „დარეჯან როკეტიშვილის“ მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტით მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებისგან თავის არიდებისა და კანონსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტი, რაც შეიძლება გახდეს ინდ.მეწარმე „დარეჯან როკეტიშვილის“ მიმართ ამავე მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის, კერძოდ, გაფრთხილების გამოყენების საფუძველი.
შესაბამისად, კომისიას კენჭისყრის შედეგად (კომისიის წევრმა კ.კვიტაიშვილმა და კომისიის თავმჯდომარემ - ი.ჩიქოვანმა მხარი დაუჭირეს გადაწყვეტილებას, ხოლო კომისიის წევრებმა ა.სიხარულიძემ და ი.მოსეშვილმა მხარი არ დაუჭირეს გადაწყვეტილებას) მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს შპს „სტუდია მაესტროს“ განცხადება ინდ.მეწარმე „დარეჯან როკეტიშვილის“ გაფრთხილების თაობაზე, მოთხოვნის უსაფუძვლობის გამო.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას თითოეულ კომისიის წევრს აქვს 1 ხმა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17, მე-19 და მე-20 პუნქტების, 77-ე მუხლის მე-51 პუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ორი ხმა, ორის წინააღმდეგ (2 -მომხრე, 2 -წინააღმდეგი)
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს შპს „სტუდია მაესტროს“ განცხადება (21.08.2012 - N6/4645-12) ინდ.მეწარმე „დარეჯან როკეტიშვილის“ მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ინდ.მეწარმე „დარეჯან როკეტიშვილის“ გაფრთხილების თაობაზე, ინდ.მეწარმე „დარეჯან როკეტიშვილის“ მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტის დარღვევის ფაქტის დაუდასტურებლობის გამო;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით გამოცხადებიდან 48 საათში;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
