წვდომის მენიუ

შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”მეგა ტვ”-ის კერძო მაუწყებლობის №B74 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №828/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 558 / 23

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 04, 2012

მიღების თარიღი აგვისტო 24, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს დამოუკიდებელმა ტელეკომპანია ”მეგა ტვ”-იმ (№7/426-12, 30.07.2012), კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B74 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”მეგა ტვ” ითხოვს კერძო მაუწყებლობის №B74 ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების იმგვარ ცვლილებას, რომ კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა ზემოაღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე, ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით გაავრცელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც. როგორც განცხადებაშია აღნიშნული მოდიფიცირება ხელს შეუწყობს კომპანიის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას, კომპანია მოიზიდავს ახალ რეკლამებს, განავითარებს მედია ბიზნესს და შეუფერხებლად გადავა ციფრული მაუწყებლობის ფორმატზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”მეგა ტვ” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B74 ლიცენზიას კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №822/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა:   საერთო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 31 დეკემბრამდე;

მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი და ტექნიკური პარამეტრები: 

ა) ტელემაუწყებლობა მე-2 სატელევიზიო არხზე 500 ვტ სიმძლავრის     გადამცემის გამოყენებით ქ.ხონში და მიმდებარე რაიონებში;

ბ)  გამოსახულების სიგნალის  შესაძლო  მაქსიმალური დონეები მეტრული  დიაპაზონის მე-2 სატელევიზიო არხზე საკონტროლო გაზომვის წერტილებში შემდეგი ჩამონათვალის მიხედვით:

ბ.ა)  ქ.წყალტუბო (სავაჭრო ცენტრის ტერიტორია) – 42 დბ (მკვ/მტ);

ბ.ბ)  ს.ქვიტირი – 39 დბ (მკვ/მტ);

ბ.გ)  ქ.სამტრედია (ცენტრი) – 32დბ (მკვ/მტ);

ბ.დ)  ქ.ქუთაისი (რკინიგზის ძველი სადგური) – 35 დბ (მკვ/მტ);

ბ.ე)  ქ.ჩოხატაური (გამგეობის შენობა) – 17 დბ (მკვ/მტ);

ბ.ვ)  ქ.ოზურგეთი (სატელევიზიო ანძა) – 35 დბ (მკვ/მტ);

კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს  ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის  ცვლილებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს, შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”მეგა ტვ”-ის კერძო მაუწყებლობის №B74 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა, ვინაიდან, შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”მეგა ტვ”-ის მოთხოვნის საფუძველზე, ლიცენზიების მოდიფიცირების შემდეგ, ლიცენზიის მფლობელი უზრუნველყოფს უკვე არსებული ლიცენზიების ფარგლებში გაწეული სამაუწყებლო საქმიანობის მომხმარებლისათვის მიწოდებას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც, სიხშირული სპექტრით მაუწყებლობის ზონის გაზრდის გარეშე.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება, ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”მეგა ტვ”-ის კერძო მაუწყებლობის №B74 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №822/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2012 წლის 24 სექტემბერს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”მეგა ტვ”-ისთვის გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                               ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                                ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                ა. სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები