წვდომის მენიუ

შპს „სატელიტსერვისისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 559 / 18

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 06, 2012

მიღების თარიღი აგვისტო 24, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 08 აგვისტოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის ელისო ასანიძის 2012 წლის 07 აგვისტოს N10/834-12 სამსახურებრივი ბარათი, რომელიც ეხება შპს „სატელიტსერვისის“ (ს/კ 212847614) ერთ-ერთი პარტნიორის მიერ 2012 წლის 01 აგვისტოს საწესდებო კაპიტალის 33%-იანი წილის გასხვისების საკითხს, რის შესახებაც კომისიისათვის ცნობილი გახდა შპს „სატელიტსერვისის“ მიერ კომისიაში  2012 წლის 03 აგვისტოს წარმოდგენილი N53  წერილის საფუძველზე. აღნიშნულ წერილზე დართული, შპს „სატელიტსერვისის“ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და წილის 33%-ის მფლობელმა, ფიზიკურმა პირმა რამაზ სალდაძემ თავისი წილი გაასხვისა ფიზიკურ პირ ნუგზარ ძოწენიძეზე.

 „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივების შეძენაც ხდება.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს „სატელიტსერვისის“  წილის შეძენა განხორციელდა კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე, კომისიაში „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის  20  აგვისტოს - შპს „სატელიტსერვისისათვის“ შეტყობინების გაგზავნის მომენტიდან,  დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სატელიტსერვისის“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის შეუსრულებლობასთან დაკავშრებით სანქცირების თაობაზე. საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 24 აგვისტოს 16:00 საათზე, რის თაობაზეც შპს „სატელიტსერვისს“ ეცნობა შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობისა და გამოთხოვის უფლების შესახებ; შეტყობინება  შპს ,,სატელიტსერვისს“  გაეგზავნა ელექტრონული ფოსტით და დაზღვეული საფოსტო გზავნილით  2012 წლის 20 აგვისტოს  და ჩაბარების დასტური წარმოდგენილია კომისიაში.

საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2012 წლის 24 აგვისტოს სხდომაზე, რომელსაც  ესწრებოდა შპს  „სატელიტსერვისის“ დირქტორი გელა მეფარიშვილი. მან აღიარა დარღვევა და აღნიშნა, რომ  პირველად გაიგო წილის გასხვისებამდე  კომისიის თანხმობის მიღებისა  და წინასწარი შეტყობინების  ვალდებულების შესახებ.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.     კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 2012 წლის 07 აგვისტოს N 10/834-12 სამსახურებრივი ბარათი;

2.     შპს „სატელიტსერვისის“ 2012 წლის 03 აგვისტოს N 53 წერილი;

3.     შპს „სატელიტსერვისის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (განაცხადის ნომერი 517473, ამონაწერის მომზადების თარიღი: 01/08/2012);

4.     შპს „სატელიტსერვისის“ დირექტორის ახსნა-განმარტება მიცემული 2012 წლის 24 აგვისტოს კომისიის სხდომაზე;

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

შპს „სატელიტსერვისი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს 2010 წლის 15 თებერვლიდან;

შპა „სატელიტსერვისი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

შპს „სატელიტსერვისს“ არ მიუმართავს კომისიისათვის თავისი წილის გასხვისების განზრახვის შესახებ, შესაბამისად არ მიუღია კომისიისაგან თანხმობა ამ აქტივობის განხორციელებასთან დაკავშირებით;                                                                                     

შპს „სატელიტსერვისს“ უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე;

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „სატელიტსერვისის“ მიერ, კომისიის წინსაწარი თანხმობის გარეშე, წილის გასხვისებით დარღვეული იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ)  ქვეპუნქტი და 26-ე მუხლი.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს „სატელიტსერვისის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქცია, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ შპს „სატელიტსერვის“ მიეცეს გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციეის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის დარღვევის გამო და ამავე დროს, დაევალოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა;

ამასთან, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს შპს „სატელიტსერვისის“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ, მისი შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა;

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 98-ე,  99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის და მე-3 პუნქტის,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის, 26-ე მხულის  და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.         მიეცეს გაფთხილება შპს „სატელიტსერვის“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის დარღვევის გამო;

2.         შპს „სატელიტსერვის“ დაევალოს წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, შეტყობინების წარმოდგენა კომისიაში, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად; კერძოდ შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს: წილის შეძენის ფორმა; შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას წილის შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ:

ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;

ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისათვის გაწეული მომსახურებიდან;

გ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე დაკავებული ფარდობითი წილები, მათი გაანგარიშების ან შეფასების საფუძვლები, თუ შეძენაში მონაწილე ყველა ავტორიზებული პირის ჯამური წილი კომისიის მიერ განსაზღვრულ ბაზრის რომელიმე შესაბამის სეგმენტზე 25% ან მეტია;

დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში - მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა;

ე) ინფორმაცია წილების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე.

3.         დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ.ნინუა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „სატელიტსერვისისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4.         გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სატელიტსერვისისათვის“ ჩაბარების დღიდან;

5.         დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს „სატელიტსერვისის“ სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

6.         გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „სატელიტსერვისისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.         კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე, ასევე შპს „სატელიტსერვისის“ მიერ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის საფუძველზე წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლა და დასკვნის წარმოდგენა დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს;

8.         კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 და მე-7 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                  ი. ჩიქოვანი                                                                                                                           

კომისიის წევრი                                                   ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                   ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                   კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები