შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 04, 2012
მიღების თარიღი აგვისტო 24, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება; ამავე კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2012 წლის 16 აგვისტოს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N10/863-12), სადაც აღნიშნულია, რომ 2012 წლის 7 აგვისტოს კომისიაში შემოვიდა შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ წერილი N6/4135-12, რომლის შესაბამისად, კომპანია ითხოვს შპს „ტელეკომპანია დიას“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული მხატვრული ფილმების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმებას. შპს „ტელე–რადიო კომპანია თრიალეთი“ თავის წერილში აღნიშნავს, რომ შპს „ტელეკომპანია დია“ საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განათავსებს რუსულ ენაზე დუბლირებულ მხატვრულ ფილმებს; წერილს თან ერთვის 1 DVD.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა შეისწავლა ზემოაღნიშნულ DVD-ზე ჩაწერილი ვიდეო მასალა და შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ DVD დისკზე ჩაწერილია შპს „ტელეკომპანია დიას“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული რამოდენიმე მხატვრული ფილმის ნაწყვეტი, რომელიც დუბლირებულია რუსულ ენაზე. ჩანაწერი განხორციელებულია ვიდეოკამერის მეშვეობით, სადაც ნათლად ჩანს შპს „ტელეკომპანია დიას“ ლოგო.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ 511 მუხლის შესაბამისად:
„1. არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი მაუწყებლის ეთერში უნდა განთავსდეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირებული, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
2. კომისია უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს საერთო და სპეციალიზებულ მაუწყებელთა ვალდებულება, ყოველკვირეულ სამაუწყებლო ბადეში განათავსონ არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი (გარდა სერიალისა) პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით. კომისიის დადგენილებით აგრეთვე განისაზღვრება საერთო და სპეციალიზებულ მაუწყებელთა ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების წესი.“
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 17 აგვისტოს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია დიას“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511 მუხლისა და
„კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წამოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე“ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, სანქცირების თაობაზე. საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 24 აგვისტოს 16:00 საათზე, რის თაობაზეც შპს ,,ტელეკომპანია დიას” ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი შეტყობინებით (17.08.2012 N03/1938-12) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები და ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად; დაზღვეული საფოსტო გზავნილით (17.08.2012 N03/1939-12) ასევე მოწვეულ იქნა შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2012 წლის 24 აგვისტოს სხდომაზე; კომისიის სხდომაზე არ გამოცხადებულა შპს „ტელეკომანია დიას“ წარმომადგენელი, კომისიის სხდომაზე ასევე არ გამოცხადდა შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ წარმომადგენელიც.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომაზე გადამოწმდა შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ კომისიის მიერ გაგზავნილი შეტყობინების ჩაბარების ფაქტი და დადასტურდა, რომ კომპანიას, კომისიის მიერ 2012 წლის 17 აგვისტოს გაგზავნილი შეტყობინება N03/1938-12 ჩაბარდა 2012 წლის 20 აგვისტოს, რაც დასტურდება შპს „სმარტექსიდან“ მიღებული შეტყობინების ბარათით N2819.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. კომისიის მიერ 2012 წლის 17 აგვისტოს შპს „ტელეკომპანია დიას“ გაეგზავნა შეტყობინება N03/1938-12 და იგი მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად; შპს „ტელეკომპანია დიას“ ჩაბარდა აღნიშნული შეტყობინება 2012 წლის 20 აგვისტოს; გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნები დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „ტელეკომპანია დიას“ დაუსწრებლად.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი 16.08.2012 - N10/863-12;
2. შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ წერილი 07.08.2012 - N6/4135-12, თანდართული DVD დისკით;
3. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
4. შპს „ტელეკომპანია დიას“ მაუწყებლობის NB31 ლიცენზიის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირებისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის N832/4 გადაწყვეტილება;
5. შპს „ტელეკომპანია დიას“ კერძო მაუწყებლობის NB31 ლიცენზია;
6. კომისიის მიერ შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ გაგზავნილი შეტყობინება 17.08.2012 -N03/1938-12;
7. კომისიის მიერ შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის“ გაგზავნილი წერილი 17.08.2012 N03/1919-12;
8. შპს „სმარტექსის“ შეტყობინების ბარათი N2819, შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ;
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „ტელეკომპანია დია“ წარმოადგენს მაუწყებელს, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და კომისიის 2011 წლის 31 დეკემბრის N832/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სალიცენზიო პირობებით ფლობს კერძო მაუწყებლობის NB31 ლიცენზიას;
2. კომისიის 2011 წლის 31 დეკემბრის N832/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის კ) ქვეპუნქტისა და კერძო მაუწყებლობის NB31 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების შესაბამისად, შპს „ტელეკომპანია დია“ ვალდებულია უზრუნველყოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511 მუხლით გათვალისწინებული მხატვრული ფილმის ეთერში განთავსების წესის დაცვა;
3. შპს „ტელეკომპანია დია“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები;
4. შპს „ტელეკომპანია დიას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული არც ერთი სანქცია;
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511 მუხლის შესაბამისად:
„1. არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი მაუწყებლის ეთერში უნდა განთავსდეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირებული, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
2. კომისია უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს საერთო და სპეციალიზებულ მაუწყებელთა ვალდებულება, ყოველკვირეულ სამაუწყებლო ბადეში განათავსონ არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი (გარდა სერიალისა) პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით. კომისიის დადგენილებით აგრეთვე განისაზღვრება საერთო და სპეციალიზებულ მაუწყებელთა ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების წესი.“
2. „კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წამოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე“ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილების პირველი მუხლის ა) პუნქტის შესაბამისად, კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო ბადეში განათავსებს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებულ მხატვრულ ფილმს, დოკუმენტურ ფილმს, ტელეფილმს, ფილმის სერიას ან სერიალს, ვალდებულია არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებული მხატვრული ფილმი, დოკუმენტური ფილმი, ტელეფილმი, ფილმის სერია ან სერიალი განათავსოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე - ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - ქართულ ან აფხაზურ ენაზე დუბლირებული სახით, გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრულ გამონაკლისი შემთხვევისა; ამავე მუხლის ბ) პუნქტის შესაბამისად, კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო ბადეში განათავსებს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებულ მხატვრულ ფილმებს, ვალდებულია სამაუწყებლო ბადეში დასავლური წარმოების მხატვრული ფილმები განათავსონ მწარმოებლის ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესითა და სიხშირით;
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მიერ წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შპს „ტელეკომპანია დია“ საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განათავსებს რუსულ ენაზე დუბლირებულ მხატვრულ ფილმებს, რაც წარმოადგენს როგორც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511 მუხლის პირველი პუნტის, ასევე „კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წამოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე“ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილების პირველი მუხლის ა) პუნქტის დარღვევას.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა. ამავე კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე მაუწყებლის მიერ ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტელეკომპანია დიას“ უნდა მიეცეს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511 მუხლის პირველი პუნტის, ასევე „კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წამოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე“ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილების პირველი მუხლის ა) პუნქტისა და კერძო მაუწყებლობის NB31 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო; ამავე დროს, შპს „ტელეკომპანია დიას“ უნდა აეკრძალოს სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე დუბლირებული მხატვრული ფილმების განთავსება, „კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წამოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე“ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილების პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511 მუხლის პირველი პუნტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, „კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წამოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე“ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილების პირველი მუხლის ა) პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კერჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს გაფრთხილება შპს „ტელეკომპანია დიას“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511 მუხლის პირველი პუნტის, ასევე „კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წამოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე“ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილების პირველი მუხლის ა) პუნქტისა და კერძო მაუწყებლობის NB31 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო;
2. აეკრძალოს შპს „ტელეკომპანია დიას“ სამაუწყებლო ბადეში რუსულ ენაზე დუბლირებული მხატვრული ფილმების განთავსება „კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წამოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე“ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა.
3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული სანქციის თაობაზე უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,ტელეკომპანია დიასთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ტელეკომპანია დიასთვის“ ჩაბარების დღიდან;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტას (გ.რატიშვილი);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები: კ. კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
