შპს „ითეტვისთვის” თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 18, 2012
მიღების თარიღი სექტემბერი 07, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/02-12, 03/01/2012) მიმართა შპს „ითეტვიმ“ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე. კერძოდ, შპს „ითეტვი“ ითხოვდა საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო ტელემაუწყებლობის ლიცენზიას, რომლის სახეობა იქნებოდა საერთო მაუწყებლობა, გეოგრაფიული ზონა – საქართველო, ხოლო მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 24 საათი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ითეტვის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, კერძოდ, არ იყო მითითებული პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა, შესაბამისად კომისიამ შპს „ითეტვის“ განცხადებაზე 2012 წლის 29 თებერვალს დაადგინა ხარვეზი, რომელიც შპს „ითეტვის“ მიერ აღმოფხვრილ იქნა 2012 წლის 15 მარტს (კომისიაში რეგისტრაციის №6/1335-12).
ზემოაღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების თაობაზე შპს „ითეტვის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია შესაბამისობაში იყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან; კერძოდ, შპს „ითეტვის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია:
1. ლიცენზიის მაძიებლის განცხადება, რომელიც აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლის მე–2 პუნქტის მოთხოვნებს;
2. სალიცენზიო მოსაკრებლის (2000.00 ლარი) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
3. სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
4. შესაბამისობის დეკლარაცია.
შპს „ითეტვის“ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადად მითითებულია – ლიცენზიის გაცემიდან 1 თვე.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის N1/1/468 გადაწყვეტილების შესაბამისად, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის სიტყვების “ლიცენზიის მფლობელი”, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადგენს საკაბელო ქსელის საშუალებით მაუწყებლის ლიცენზირების ვალდებულებას და ასევე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვები „საკაბელო ქსელის“. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო მაუწყებლობის განხორციელება აღარ ექვემდებარება ლიცენზირებას.
კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 23 აპრილს კომისიას დაზუსტებული განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/273-12) მიმართა შპს „ითეტვიმ“ და მოითხოვა 2012 წლის 3 იანვარს წარმოდგენილ პირველად განაცხადში (კომისიაში რეგისტრაციის №7/02-12) მითითებული საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მაგივრად, თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემა, რომლის სახე იქნება კერძო მაუწყებლობა, სახეობა - საერთო ტელემაუწყებლობა, გეოგრაფიული ზონა – საქართველო, ხოლო მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 24 საათი.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38–ე მუხლის შესაბამისად, კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს. კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის, ხოლო საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობა ხორციელდება ტელე ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების ან სამაუწყებლო გადამცემების მეშვეობით, სიხშირული სპექტრის გამოყენებით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38–ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისია მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიებს გასცემს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2012 წლის 22 ივნისის N423/23 გადაწყვეტილების შესაბამისად დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, შპს „ითეტვისთვის” თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით. საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2012 წლის 20 ივლისს 16:00 საათზე.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. გამომდინარე იქიდან, რომ კომისია შედგება 5 მოქმედი წევრისგან, ხოლო კომისიის 2012 წლის 20 ივლისის ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა კომისიის მხოლოდ ორი წევრი, ზეპირი მოსმენის სხდომა ვერ ჩატარდა კვორუმის არ არსებობის გამო; შესაბამისად, კომისიის 2012 წლის 27 ივლისის № 485/22 გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა კომისიის 2012 წლის 22 ივნისის N432/23 გადაწყვეტილებაში და ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2012 წლის 10 აგვისტოს 16:00 საათი. კომისიამ 2012 წლის 10 აგვისტოს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე შპს ”ითეტვის” დაუდგინა ხარვეზი, კერძოდ: შპს ”ითეტვის” მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაზე თანდართული იყო კომისიის 2011 წლის 31 მაისის №259/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული შესაბამისობის დეკლარაციის ფორმა. გამომდინარე იქიდან, რომ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში კომისიის 2012 წლის 15 ივნისის №423/19 გადაწყვეტილებით შევიდა ცვლილება და დამტკიცდა შესაბამისობის დეკლარაციის ახალი ფორმა, კომისიამ მიიჩნია, რომ შპს ”ითეტვს” უნდა წარმოედგინა შესაბამისობის დეკლარაციის შევსებული ახალი ფორმა. კომისიამ შპს ”ითეტვს” განუსაზღვრა ვადა 2012 წლის 17 აგვისტომდე, რათა წარმოედგინა შესაბამისობის დეკლარაციის შევსებული ფორმა კომისიის 2012 წლის 15 ივნისის №423/19 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ცვლილებების გათვალისწინებით. ამავე დროს, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით განმეორებითი ზეპირი მოსმენის ჩატარება 2012 წლის 17 აგვისტოს 16:00 საათზე.
2012 წლის 17 აგვისტოს ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიამ შეისწავლა შპს ”ითეტვის” მიერ წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაცია და გამოარკვია, რომ დეკლარაციაში მითითებული ინფორმაცია შესაბამისობაშია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. კერძოდ, შპს „ითეტვის” დირექტორი და 100% წილის მფლობელი არის მოქალაქე გიორგი ჟორჟოლიანი (პირადი ნომერი: 60001003392). კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით გიორგი ჟორჟოლიანი ადასტურებს, რომ ლიცენზიის მაძიებელი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენს: ადმინისტრაციულ ორგანოს; ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს; ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს; პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიული პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს „ითეტვის” მიერ თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ამავე დროს, ზეპირი მოსმენის სხდომაზე არ გამოვლენილა ლიცენზიის გაცემის დამაბრკოლებელი გარემოებები, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს „ითეტვისთვის” თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371-ე, 38-ე 41–ე მუხლების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს „ითეტვის” კერძო მაუწყებლობის №B128 ლიცენზია შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2022 წლის 07 სექტემბრამდე;
დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით - საქართველოს ტერიტორიაზე;
2. დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის ხანგრძლივობად განისაზღვროს 24 საათი;
3. შპს „ითეტვი“ ვალდებულია:
ა) ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობა დაიწყოს ლიცენზიის გაცემიდან 1 თვის ვადაში;
ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
გ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;
ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ზ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
თ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;
ი) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;
კ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას” მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.
ლ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:
მ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;
ნ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.
ო) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
პ) უზრუნველყოს სატელევიზიო დროის ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისთვის გამოყოფა;
ჟ) უზრუნველყოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას;
რ) უზრუნველყოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511–ე მუხლის გათვალისწინებული მხატვრული ფილმის ეთერში განთავსების წესების დაცვა;
ს) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ითეტვისთვის” გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);
ე) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე).
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „ითეტვისთვის” აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–2 და მე–3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2 და მე–3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა)
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
