წვდომის მენიუ

შპს ტელეკომპანია ”კავკასიის” მაუწყებლობის №B23 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 და 2003 წლის 13 აგვისტოს №412/6 გადაწყვეტილებებში ცვლილების და დამატებების შეტანის შესახებ

ნომერი: 587 / 2

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 28, 2012

მიღების თარიღი სექტემბერი 13, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას განცხადებით მიმართა შპს ტელეკომპანია „კავკასიამ“ (№7/420-12, 25.07.2012), კომპანიის კუთვნილი მაუწყებლობის №B23 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, შპს ტელეკომპანია „კავკასია“ ითხოვს მაუწყებლობის №B23 ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების იმგვარ ცვლილებას, რომ კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა ზემოაღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე, ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით გაავრცელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც; როგორც განცხადებაშია აღნიშნული მოდიფიცირების შემდგომ გაუმჯობესდება მაუწყებლობის ხარისხი და გაიზრდება ტელეკომპანიის აუდიტორია, რაც ხელს შეუწყობს სარეკლამო შემოსავლების გაზრდას და ტელეკომპანიის შემდგომ განვითარებას.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელეკომპანია „კავკასია“ ფლობს მაუწყებლობის №B23 ლიცენზიას კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: საეთერო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

ტელემაუწყებლობა 28-ე დეციმეტრულ არხზე 5 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.თბილისი;

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს № 537/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ტელეკომპანია ”კავკასიის” მაუწყებლობის  №B23 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 და 2003 წლის 13 აგვისტოს №412/6 გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის  მიზნით.

ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2012 წლის 13 სექტემბრის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

                კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირებისას, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს  ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის  ცვლილებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს, შპს ტელეკომპანია „კავკასიის“ მაუწყებლობის №B23 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა, ვინაიდან,            შპს ტელეკომპანია „კავკასიის“ მოთხოვნის საფუძველზე, ლიცენზიების მოდიფიცირების შემდეგ, ლიცენზიის მფლობელი უზრუნველყოფს უკვე არსებული ლიცენზიების ფარგლებში გაწეული სამაუწყებლო საქმიანობის მომხმარებლისათვის მიწოდებას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც, სიხშირული სპექტრით მაუწყებლობის ზონის გაზრდის გარეშე.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა შპს ტელეკომპანია ”კავკასიის” №B23 ლიცენზიის მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა, კერძოდ, ლიცენზიის სახე - საეთერო ტელემაუწყებლობა  აღარ შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის შესაბამისად, კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს. ასევე აღსანიშნავია, რომ შპს ტელეკომპანია ”კავკასიის” მაუწყებლობის №B23 ლიცენზიის სალიცენზიო ვალდებულებები განსაზღვრულია კომისიის 2003 წლის 13 აგვისტოს №412/6 გადაწყვეტილებით, ”კავშირგაბმულობისა და ფოსტის” შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, რაც წინააღმდეგობაში მოდის ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან.  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა და შესაბამისად  მიზანშეწონილია ცვლილებების განხორციელება შპს ტელეკომპანია ”კავკასიის” მაუწყებლობის №B23 ლიცენზიით განსაზღვრულ სალიცენზიო ვალდებულებებში და აღნიშნული სალიცენზიო ვალდებულებების შესაბამისობაში მოყვანა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან.

                საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2012 წლის 13 სექტემბრის 16:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა შპს ტელეკომპანია ”კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, რომელმაც სხდომაზე   დააზუსტა, რომ შპს ტელეკომპანია ”კავკასიის” მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში იქნება 8 საათი. გამომდინარე იქიდან, რომ ზეპირი მოსმენისას არ გამოვლენილა შპს ტელეკომპანია ”კავკასიის” მაუწყებლობის №B23 ლიცენზიის  მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები; შესაბამისად კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ზეპირი მოსმენის სხდომაზევე მიიღოს გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 და 2003 წლის 13 აგვისტოს №412/6 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს ტელეკომპანია ”კავკასიის” მაუწყებლობის №B23 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”7. შპს “კავკასიას” №980 ლიცენზია (მოქმედების ვადა 17.06.2013 წ.) კერძო მაუწყებლობის ლიცენზიად, მიენიჭოს  № B23 და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

გ.ა)ტელემაუწყებლობა 28-ე დეციმეტრულ არხზე 5 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.თბილისი;

გ.ბ) ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.“

2. შევიდეს ცვლილება კომისიის 2003 წლის 13 აგვისტოს №412/6 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”2. შპს ”კავკასია”’ ვალდებულია:

ა) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

ბ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

გ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

დ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

ე) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

ზ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში,  მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

თ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

ი) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას” მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.

კ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:

ლ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;

მ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის  საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

ნ) გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ო) უზრუნველყოს სატელევიზიო დროის ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისთვის გამოყოფა;

პ) უზრუნველყოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511–ე მუხლის გათვალისწინებული მხატვრული ფილმის ეთერში განთავსების წესების დაცვა;

ჟ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას;

რ) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;”

3. შევიდეს ცვლილება კომისიის 2003 წლის 13 აგვისტოს №412/6 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-21 პუნქტი:

”21. დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად განისაზღვროს 8 საათი”;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა  (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  შპს ტელეკომპანია ”კავკასიისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

5.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს ტელეკომპანია ”კავკასიისთვის” აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) ერთი  თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                              ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                                ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                                ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                                კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები