სს „სილქნეტის“ მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით შპს „მედია-სახლი ობიექტივის“ განცხადების განხილვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 24, 2012
მიღების თარიღი სექტემბერი 21, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2012 წლის 19 აგვისტოს კომისიას განცხადებით მომართა შპს „მედია-სახლმა ობიექტივმა“ (19.09.2012 N6/5375-12) სს „სილქნეტის“ მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე. კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „მედია სახლმა ობიექტივმა“ განცხადებით მიმართა სს „სილქნეტს“ სამაუწყებლო არხის სამომხმარებლო პაკეტში განთავსების მიზნით, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო სს „სილქნეტის“ აბონენტებისთვის კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელის - შპს „მედია-სახლი ობიექტივის“ სიგნალის მიწოდება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სს „სილქნეტისთვის“ მიწერილ წერილში მითითებული იყო მაუწყებლობის ტექნიკური ინფორმაცია და თან ერთვოდა მაუწყებლობის ლიცენზიის ასლი. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „მედია-სახლი ობიექტივი“ მაუწყებლობს „ეუტელის“ თანამგზავრის მეშვეობით, საიდანაც ტექნიკურად სავსებით შესაძლებელია საკაბელო ოპერატორის მიერ სიგნალის მიღება და გატარება.
კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში შპს „მედია-სახლი ობიექტივი“ ითხოვს კომისიის მიერ საკითხის განხილვას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.
შპს „მედია-სახლი ობიექტივის“ განცხადებას თანდართული აქვს სს „სილქნეტის“ წერილი (06.09.2012 N2936/05-8) სადაც აღნიშნულია, რომ სს „სილქნეტი“ მზადაა შეასრულოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულება და განათავსოს შპს „მედია-სახლი ობიექტივის“ სამაუწყებლო სიგნალი საკუთარ სამომხმარებლო პაკეტში თანაბარი და არადისკრიმინაციული პირობებით. წერილში ასევე მითითებულია ჩართვისთვის აუცილებელი სიგნალის მახასიათებლები:
ვიდეო კოდირება: MPEG4 AVC H.264;
აუდიო კოდირება: AAC;
ნაკადის ფორმატი: Ethernet IP MULTICAST MPEG2 TS – 1.8. მგბტ/წმ.
წერილში აღნიშნულია, რომ არხის სამაუწყებლო პაკეტში განთავსებისთვის სიგნალი მიწოდებულ უნდა იყოს შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, გობრონიძის ქუჩა N12 საფოსტო ინდექსი 0172. წარმოდგენილი ტექნიკური მოწყობილობები 1 საათის განმავლობაში შემოწმდება სს „სილქნეტის“ შესაბამის აპარატურასთან თავსებადობის დადასტურების მიზნით, რის შემდეგაც უმოკლეს ვადებში განხორციელდება არხის სამომხმარებლო პაკეტში განთავსება. წერილში ასევე მითითებულია საკონტაქტო პირის თამარ ლალიზაშვილის საკონტაქტო ინფორმაცია და აღნიშნულია, რომ სს „სილქნეტის“ მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებულ პაკეტში შპს „მედია-სახლი ობიექტივის“ სამაუწყებლო არხის განთავსების ვალდებულება შესრულდება კანონით დადგენილი პირობებისა და ვადების დაცვით.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-20 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების საკითხს წყვეტს კომისია შესაბამისი მაუწყებლის მომართვიდან 48 საათში.
შპს „მედია-სახლი ობიექტივმა“ კომისიაში განცხადება, სს „სილქნეტის“ მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებით, კომისიაში წარმოადგინა 2012 წლის 19 სექტემბერს (N6/5375), შესაბამისად, კომისიაში საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 21 სექტემბერს 12:00 საათზე. საკითხის განხილვის თაობაზე წერილობითი შეტყობინებებით ეცნობათ შპს „მედია სახლ ობიექტივს“ (20.09.2012 – N03/2287-12) და სს „სილქნეტს“ (20.09.2012 – N03/2289-12) და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. სს „სილქნეტს“ ასევე გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები და ეთხოვა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეპასუხების წარმოდგენა 2012 წლის 21 სექტემბრის 12 საათამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2012 წლის 21 სექტემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ სს“ სილქნეტის“ და შპს „მედია-სახლი ობიექტივის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები.
შპს „მედია-სახლი ობიქტივის“ დირექტორმა ქალბატონმა თეა ნადირაძემ კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტი ცალსახად განმარტავს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების ვალდებულებას, არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან არჩევნების დღემდე პერიოდში, მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსონ საზოგადოებრივი მაუწყებელი და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული საერთო მაუწყებელი; შესაბამისად, სს „სილქნეტი“, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აღნიშნული მოთხოვნა და უზრუნველყოს კერძო მაუწყებლობის ლიცეზნიის მფლობელის შპს „მედია-სახლი ობიექტივის“ სამაუწყებლო სიგნალის მიწოდება საკუთარი აბონენტებისთვის, როგორც ეს კომპანიამ განახორციელა შპს „მეცხრე არხის“, შპს „სტუდია მაესტროს“ და შპს „ტელეარხი 25“-ის შემთხვევაში. თეა ნადირაძემ ასევე განაცხადა, რომ ვინაიდან კომპანია მაუწყებლობს თანამგზავრის მეშვეობით, სრულიად შესაძლებელია შპს „მედია-სახლი ობიექტივის“ სამაუწყებლო სიგნალის განთავსება სს „სილქნეტის“ სამომხმარებლო პაკეტში ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გარეშე იმ აბონენტებისთვის, რომელიც მომსახურებას იღებენ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მეშვეობით, რაც შეეხება სიგნალის მიწოდებას სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის აბონენტებისთვის, აღნიშნულის ტექნიკური უზრუნველყოფა მისი ინფორმაციით დაკავშირებულია საკმაოდ დიდ ხარჯებთან.
სს „სილქნეტის“ გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ლევან ბუჩუკურმა განაცხადა, რომ კომპანია მზადაა დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შპს „მედია-სახლი ობიექტივის“ სამაუწყებლო სიგნალის განთავსება საკუთარ სამომხმარებლო პაკეტში მას შემდეგ, რაც შპს „მედია-სახლი ობიექტივი“ უზრუნველყოფს სს „სილქნეტისთვის“ სამაუწყებლო სიგნალის მიწოდებას და შესაბამის ტექნიკურ უზრუნველყოფას, როგორც სპილენძის წყვილების, ასევე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის აბონენტებისთვის.
ადმინისტრაციული წარმოების მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის, ასევე მხარეთა მიერ კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:
1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან არჩევნების დღემდე პერიოდში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული საერთო მაუწყებელი, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში (თანამგზავრული მაუწყებლობისათვის მაუწყებლობის ზონა ამ მუხლის მიზნებისათვის არის საქართველოს მთელი ტერიტორია), აგრეთვე საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისათვის; ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშობა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისგან მაუწყებლის არხის ტრანზიტული გავრცელებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ხოლო მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია მომხმარებლისათვის უზრუნველყოს ამ პუნქტით განსაზღვრული მაუწყებლების არხების თანაბარი და არადისკრიმინაციული ფინანსური პირობებით მიწოდება; ამავე მუხლის მე-18 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს ამ მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან არჩევნების დღემდე პერიოდში შეუძლია უფასოდ, შესაბამისი მაუწყებლის ნებართვის გარეშე განახორციელოს ამ მუხლის მე-17 პუნქტში მითითებული მაუწყებლობის ტრანზიტი, ხოლო მე-19 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ამ მუხლის მე-17 პუნქტით დადგენილი ვალდებულება არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან 3 დღის ვადაში; მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მის გაფრთხილებას, ხოლო გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის ვადაში დარღვევის აღმოუფხვრელობა ან განმეორებით ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისათვის ავტორიზაციის 1 წლის ვადით შეჩერებას.
2. შპს „მედია სახლი ობიექტივი“ ფლობს კერძო საერთო მაუწყებლობის NB114 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს ტელემაუწყებლობის განხორციელებას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით; შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებლებისათვის (აბონენტებისათვის) შეთავაზებულ სამომხმარებლო პაკეტში შპს „მედია სახლი ობიექტივის“ განთავსების ვალდებულება აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ ყველა პირს.
3. სს „სილქნეტი“ წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, რომელიც ავტორიზაციით გათვალისწინებულ საქმიანობას (მაუწყებლობის ტრანზიტს) ახორციელებს შემდეგ გეოგრაფიულ არეალში შემდეგი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელების გამოყენებით:
ა) ახალციხე - სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი;
ბ) ბათუმი - სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი; ოპტიკურ ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი;
გ) ბორჯომი - სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი; ოპტიკურ ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი;
დ) გარდაბანი - სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი;
ე) გორი - სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი; ოპტიკურ ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი;
ვ) ზესტაფონი - სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი;
ზ) ზუგდიდი - სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი; ოპტიკურ ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი;
თ) თბილისი - სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი; ოპტიკურ ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი;
ი) თელავი - ოპტიკურ ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი;
კ) კასპი - სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი;
ლ) ლანჩხუთი - სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი;
მ) მარნეული - სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი;
ნ) მცხეთა - სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი; ოპტიკურ ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი;
ო) რუსთავი - სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი; ოპტიკურ ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი;
პ) სამტრედია - სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი;
ჟ) სენაკი - სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი;
რ) ფოთი - სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი; ოპტიკურ ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი;
ს) ქარელი - სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი;
ტ) ქობულეთი - სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი;
უ) ქუთაისი - სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი; ოპტიკურ ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი;
ფ) წყალტუბო - სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი;
ქ) ხარაგაული - სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი;
ღ) ხაშური - სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელი;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სს „სილქნეტის“ კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს განათავსოს, შპს „მედია სახლი ობიექტივი“, როგორც სპილენძის წყვილების, ისე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის მომხმარებლებისათვის შეთავაზებულ სამომხმარებლო პაკეტებში.
კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 8 აგვისტოს კომისიამ განიხილა შპს „სტუდია მაესტროს“ საჩივარი სს „სილქნეტის“ მიმართ, ამ უკანასკნელის მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით და მიიღო გადაწყვეტილება N521/22. აღნიშნული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტების 2012 წლის 8 აგვისტოს ერთობლივი დასკვნა (სამსახურებრივი ბარათი) სს „სილქნეტის“ მიერ შპს „სტუდია მაესტროს“ სამაუწყებლო სიგნალის ტრანზიტულ ქსელში განთავსებასთან დაკავშირებით. დასკვნაში აღნიშნული იყო შემდეგი:
„1. იმისათვის, რომ ტრანზიტულმა მაუწყებელმა უზრუნველყოს თანამგზავრული მაუწყებლის სიგნალის განთავსება სამომხმარებლო პაკეტში საჭიროა თანამგზავრულმა მაუწყებელმა მას მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია: თანამგზავრის სახელწოდება და მდებარეობა (კოორდინატი) გეოსტაციონალურ ორბიტაზე, სამუშაო სიხშირის (მიღების სიხშირის) მნიშვნელობა, პოლარიზაციის სიბრტყის პარამეტრი (ვერტიკალური ან ჰორიზონტალური), სატელიტის მიმღების კოდი, კოდირების ტიპი და სიჩქარე.
2. იმისათვის, რომ ტრანზიტულმა მაუწყებელმა უზრუნველყოს თანამგზავრული მაუწყებლის სიგნალის განთავსება სამომხმარებლო პაკეტში საჭიროა განხორციელდეს სიგნალის მიტანის ტექნიკური უზრუნველყოფა, რისთვისაც საჭიროა შემდეგი ტექნიკური საშუალებები:
ა) მიმღები ანტენა, რომელიც შედგება ”თეფშისა” (პარაბოლური რეფლექტორი), და მიმღები თაურასაგან ანუ კონვერტორისაგან (ამ რეფლექტორის ფოკუსში), რომელიც პირველადი გარდამქმნელია, ანუ გარდაქმნის სიგნალს 12 გჰც დიაპაზონიდან პირველ საშუალედო (1 გჰც) სიხშირულ დიაპაზონში;
ბ) მიმღები (რესივერი), რომელიც თაურადან მიღებულ სიგნალს გარდაქმნის სატელევიზიო სიგნალად (მეორე საშუალედო სიხშირე 70 მჰც დიაპაზონში) სატელევიზიო მიმღებზე მიღებისათვის. ერთი თანამგზავრული მიმღები (რესივერი) ღებულობს (გამოყოფს სატელევიზიო მიმღებით მიღებისათვის) ერთ არხს და იგი გადაწყობადია;
გ) ტრასნკოდერი - იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებული სამაუწყებლო სიგნალის ფორმატი არ შეესაბამება ტრანზიტული მაუწყებლობის მიმწოდებლის მიერ გამოყენებულ ტექნოლოგიას.
3. სს ”სილქნეტი” მომხმარებლისათვის სატელევიზიო სიგნალის მიწოდებას ახორციელებს, როგორც სპილენძის წყვილების, ასევე ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელის გამოყენებით. ორივე შემთხვევაში სს ”სილქნეტს” ესაჭიროება, როგორც მიმღები ანტენა (”თეფში” და მიმღები თაურა) ასევე, მიმღები (რესივერი), ხოლო სპილენძის წყვილებით ტრანზიტული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია საჭირო გახდეს ტრასნკოდერიც. კერძოდ, სპილენძის წყვილებით ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურების მიწოდება ხორციელდება DSL ტექნოლოგიით, სადაც ინტერნეტის მომსახურებასთან ერთად აბონენტს შეუძლია მიიღოს ინტერაქტიული ტელევიზია. იმის გამო, რომ აღნიშნული ტექნოლოგია ვერ უზრუნველყოფს გადაცემის მაღალ სიჩქარეს (განსხვავებით ოპტიკურ ბოჭკოვანი ტექნოლოგისაგან) სატელევიზიო სიგნალი უნდა გადაიცეს ისეთი კოდირებით (MPEG4), რომელიც არ მოითხოვს გადაცემის მაღალ სიჩქარეს. შესაბამისად, იმისათვის, რომ DSL ტექნოლოგიით ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურების მიმწოდებელმა უზრუნველსაყოს სატელევიზიო არხის თავის სამომხმარებლო პაკეტში განთავსება, სატელევიზიო სიგნალის მიწოდება (ტექნიკურად მიტანა) უნდა მოახდეს MPEG4 ფორმატში. თუ თანამგზავრიდან მიღებული სატელევიზიო სიგნალი MPEG2 ფორმატშია, საჭიროა სატელევიზიო სიგნალის გარდაქმნა (კონვერტაცია), რაც შესაბამის ტექნიკურ უზრუნველყოფას (ტრანსკოდერს) მოითხოვს.“
ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ მხარეთა მიერ სადაო არ გამხდარა ის ფაქტი, რომ სს „სილქნეტის“ მიერ შპს „მედია სახლი ობიექტივის“ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ სამომხმარებლო პაკეტში განთავსების კანონისმიერი ვალდებულების შესრულებისათვის, შპს „მედია სახლი ობიექტივის“ სიგნალი მიტანილ უნდა იქნას სს „სილქნეტის“ მიერ განსაზღვრულ ტექნიკური ჩართვის წერტილამდე, რასაც ტექნიკური უზრუნველყოფა სჭირდება, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტების 2012 წლის 8 აგვისტოს ერთობლივი დასკვნაში (სამსახურებრივი ბარათში) მოცემული აღწერით. სადაო დარჩა შპს „მედია სახლი ობიექტივის“ სიგნალის სს „სილქნეტის“ მიერ განსაზღვრულ ამ უკანასკნელის ტექნიკური ჩართვის წერტილამდე მიტანის უზრუნველყოფის საკითხი, კერძოდ, ის თუ ვის ვალდებულებას წარმოადგენს შპს „მედია სახლი ობიექტივის“ სიგნალის სს „სილქნეტის“ მიერ განსაზღვრულ ამ უკანასკნელის ტექნიკური ჩართვის წერტილამდე მიტანა.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტის“ გენერალური დირექტორის ახსნა-განმარტებების, ასევე კომისიის მხრიდან გაკეთებული ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ, შპს „მედია-სახლი ობიექტივის“ დირექტორმა ქალბატონმა თეა ნადირაძემ განაცხადა, რომ კომპანია დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს საკუთარი სამაუწყებლო სიგნალის მიწოდებას სს „სილქნეტისთვის“; ამავე დროს, თეა ნადირაძემ აღნიშნა, რომ კანონი უნდა ითვალისწინებდეს თითოეული მხარის ვალდებულებას, ტექნიკური უზრუნველყოფის თაობაზე რათა სადაო არ გახდეს საქართველოს ორაგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტი.
კომისიას მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტი პირდაპირ არ განსაზღვრავს საერთო მაუწყებლის სიგნალის მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის ტექნიკური ჩართვის წერტილამდე მიტანის ტექნიკური უზრუნველყოფის განმახორციელებელ სუბიექტს, იგი მკაფიოდ მიუთითებს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტრიზებულ პირზე დაკისრებული ვალდებულების შინაარსს და ფარგლებს: მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია საკუთარი მომხმარებლისათვის (აბონენტისათვის) შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საერთო მაუწყებელი, ანუ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის ვალდებულება იწყება საკუთარი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელიდან და გულისხმობს საერთო მაუწყებლის სიგნალის საკუთარ ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელში გატარებასა და ბოლო მომხმარებლებისათვის (აბონენტებისათვის) შეთავაზებულ სამომხმარებლო პაკეტში მის განთავსებას. აღნიშნული ვალდებულებითი ნორმა არ ითვალისწინებს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის ვალდებულებას, ზემოაღნიშნულთან ერთად უზრუნველყოს ყველა იმ მაუწყებლის სიგნალის საკუთარი ტექნიკური ჩართვის წერტილში მიტანას, რომელზეც ვრცელდება „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტი.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალებიდან და მხარეთა მიერ კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებებიდან ირკვევა, რომ:
- შპს „მედია-სახლი ობიექტივმა“ სს „სილქნეტს“ წერილობით მიმართა 2012 წლის 4 სექტემბერს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტის რეალიზაციის მიზნით;
- სს „სილქნეტი“, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი, მზად იყო და არის შეასრულოს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტით მასზე, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირზე დაკისრებული კანონისმიერი ვალდებულება, კერძოდ, უზრუნველყოს შპს “მედია-სახლი ობიექტივის“ სამაუწყებლო არხის გატარება სს „სილქნეტის“ ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელში, მისი ბოლო მომხმარებლებისათვის (აბონენტებისათვის) შეთავაზებულ სამომხმარებლო პაკეტში განთავსება და აბონენტებისათვის მიწოდება;
- შპს „მედია-სახლი ობიექტივის“ დირექტორმა ქალბატონმა თეა ნადირაძემ კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ კომპანია დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს საკუთარი სამაუწყებლო სიგნალის მიწოდებას სს „სილქნეტისთვის“, თუ საუბარია მხოლოდ თანამგზავრული თეფშითა და რესივერით უზრუნველყოფაზე;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლევის, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის საფუძველზე, არ დასტურდება სს „სილქნეტის“ მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტით მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებისგან თავის არიდებისა და კანონსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტი, რაც შეიძლება გახდეს სს „სილქნეტის“ მიმართ ამავე მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის, კერძოდ, გაფრთხილების გამოყენების საფუძველი. შესაბამისად, კომისიის წევრთა უმრავლესობას (ი. ჩიქოვანი, ს. ბრიტანჩუკი, კ. კვიტაიშვილი) მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს შპს „მედია-სახლი ობიექტივის“ განცხადება სს „სილქნეტის“ გაფრთხილების თაობაზე, მოთხოვნის უსაფუძვლობის გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17, მე-19 და მე-20 პუნქტების, 77-ე მუხლის მე-51 პუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით (3 - მომხრე, 2 - წინააღმდეგი (ი. მოსეშვილი, ა. სიხარულიძე)
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს შპს „მედია-სახლი ობიექტივის“ განცხადება (19.09.2012 N6/5375-12) სს „სილქნეტის“ მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო სს „სილქნეტის“ გაფრთხილების თაობაზე, სს „სილქნეტის“ მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტის დარღვევის ფაქტის დაუდასტურებლობის გამო;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით გამოცხადებიდან 48 საათში;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
