შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით შპს „მედია-სახლი ობიექტივის“ განცხადების განხილვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 24, 2012
მიღების თარიღი სექტემბერი 21, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2012 წლის 19 აგვისტოს კომისიას განცხადებით მომართა შპს „მედია-სახლმა ობიექტივმა“ (19.09.2012 N6/5376-12) შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე. კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „მედია სახლმა ობიექტივმა“ განცხადებით მიმართა შპს „კავკასუს ონლაინს“ სამაუწყებლო არხის სამომხმარებლო პაკეტში განთავსების მიზნით, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო შპს „კავკასუს ონლაინის“ აბონენტებისთვის კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელის - შპს „მედია-სახლი ობიექტივის“ სიგნალის მიწოდება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ მიწერილ წერილში მითითებული იყო მაუწყებლობის ტექნიკური ინფორმაცია და თან ერთვოდა მაუწყებლობის ლიცენზიის ასლი. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „მედია-სახლი ობიექტივი“ მაუწყებლობს „ეუტელის“ თანამგზავრის მეშვეობით, საიდანაც ტექნიკურად სავსებით შესაძლებელია საკაბელო ოპერატორის მიერ სიგნალის მიღება და გატარება.
კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში შპს „მედია-სახლი ობიექტივი“ ითხოვს კომისიის მიერ საკითხის განხილვას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.
შპს „მედია-სახლი ობიექტივის“ განცხადებას თანდართული აქვს შპს „კავკასუს ონლაინის“ წერილი (10.09.2012 N01.02/923) სადაც აღნიშნულია, რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ შპს „მედია სახლი ობიექტივის“ სამაუწყებლო არხის სამომხმარებლო პაკეტში განთავსებისა და ტრანსლირების უზრუნველსაყოფად არსებობს ორი საშუალება:
1. თანამგზავრიდან მიღების შემთხვევაში საჭირო იქნება რესივერი, რომელიც უზრუნველყოფს MPEG2 TS ნაკადის ტრანსლირებას UDP multicast პროტოკოლით Ethernet ქსელში (RJ45 ფიზიკური ინტერფეისით), მაგალითად NetUP IPTV Combine 4x (Http://www.alibaba.com/product-free/110227160/NetUP UPTV Combine 4x/showimage.html);
2. შპს „მედია სახლი ობიექტივის“ სერვერიდან სიგნალის მიღების შემთხვევაში საჭირო იქნება შპს „კავკასუს ონლაინის“ ტერიტორიაზე დაიდგას მოწყობილობს, რომელიც უზრუნველყოფს RTMP პროტოკოლით გადაცემული სიგნალის კონვერტაციას MPEG2 TS ნაკადში ტრანსლირებას UDP multicast პროტოკოლით Ethernet ქსელში (RJ45 ფიზიკური ინტერფეისით), მაგალითად არამეტ.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, თუ რომელ გზას აირჩევს შპს „მედია-სახლი ობიექტივი“, კომპანიის მიერ შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ მიწოდებული მოწყობილობა უნდა იყოს rack-mountable ფორმ-ფაქტორის და მისი ვერტიკალური ზომა არ უნდა აღემატებოდეს 1RU-ს.
წერილში ასევე მითითებულია MPEG2 TS ნაკადის ტექნიკური მახასიათებლები:
ვიდეო - CBR (მუდმივი სიჩქარის) MPEG2 ან H.264/AVC კოდირების არანაკლებ 1მგ/წმ და არამტეს 3მგ/წმ სიჩქარისა;
აუდიო - CBR (მუდმივი სიჩქარის) MPEG1 Audio არამეტ 192კბ/წმ სიჩქარის ანდ MP3 არამეტ 128ჯბ/წმ;
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-20 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების საკითხს წყვეტს კომისია შესაბამისი მაუწყებლის მომართვიდან 48 საათში.
შპს „მედია-სახლი ობიექტივმა“ კომისიაში განცხადება, შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებით, კომისიაში წარმოადგინა 2012 წლის 19 სექტემბერს (N6/5375), შესაბამისად, კომისიაში საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 21 სექტემბერს 12:00 საათზე. საკითხის განხილვის თაობაზე წერილობითი შეტყობინებებით ეცნობათ შპს „მედია სახლ ობიექტივს“ (20.09.2012 – N03/2287-12-) და შპს „კავკასუს ონლაინს“ (20.09.2012 – N03/2288-12) და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შპს „კავკასუს ონლაინს“ ასევე გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები და ეთხოვა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეპასუხების წარმოდგენა 2012 წლის 21 სექტემბრის 12 საათამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2012 წლის 21 სექტემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს “კავკასუს ონლაინის“ და შპს „მედია-სახლი ობიექტივის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები.
შპს „მედია-სახლი ობიქტივის“ დირექტორმა ქალბატონმა თეა ნადირაძემ კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ სატელეფონო კომუნიკაცია შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლებთან შედგა 2012 წლის 4 სექტემბრამდე, სანამ ოფიციალური წერილით მიმართავდნენ კომპანიას. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტი ცალსახად განმარტავს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების ვალდებულებას, არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან არჩევნების დღემდე პერიოდში, მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსონ საზოგადოებრივი მაუწყებელი და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული საერთო მაუწყებელი; შესაბამისად, შპს „კავკასუს ონლაინი“, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აღნიშნული მოთხოვნა და უზრუნველყოს კერძო მაუწყებლობის ლიცეზნიის მფლობელის შპს „მედია-სახლი ობიექტივის“ სამაუწყებლო სიგნალის მიწოდება საკუთარი აბონენტებისთვის, როგორც ეს კომპანიამ განახორციელა შპს „მეცხრე არხის“, შპს „სტუდია მაესტროს“ და შპს „ტელეარხი 25“-ის შემთხვევაში. თეა ნადირაძემ ასევე განაცხადა, რომ ვინაიდან კომპანია მაუწყებლობს თანამგზავრის მეშვეობით, სრულიად შესაძლებელია შპს „მედია-სახლი ობიექტივის“ სამაუწყებლო სიგნალის განთავსება შპს „კავკასუს ონლაინის“ სამომხმარებლო პაკეტში ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გარეშე.
შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელმა ბატონმა გიორგი ჭელიძემ განაცხადა, რომ კომპანიამ ოფიციალური წერილით აცნობა შპს „მედია სახლ ობიექტივს“ ის ტექნიკური პარამეტრები და მოწყობილობები, რაც აუცილებელია სამაუწყებლო არხის შპს „კავკასუს ონლაინის“ სამომხმარებლო პაკეტში განთავსებისთვის; შესაბამისად, კომპანია მზადაა დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შპს „მედია-სახლი ობიექტივის“ სამაუწყებლო სიგნალის განთავსება საკუთარ სამომხმარებლო პაკეტში მას შემდეგ რაც შპს „მედია სახლი ობიექტივი“ უზრუნველყოფს შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ სამაუწყებლო სიგნალის მიწოდებას და შესაბამის ტექნიკურ უზრუნველყოფას.
ადმინისტრაციული წარმოების მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის, ასევე მხარეთა მიერ კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:
1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან არჩევნების დღემდე პერიოდში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული საერთო მაუწყებელი, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში (თანამგზავრული მაუწყებლობისათვის მაუწყებლობის ზონა ამ მუხლის მიზნებისათვის არის საქართველოს მთელი ტერიტორია), აგრეთვე საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისათვის; ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშობა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისგან მაუწყებლის არხის ტრანზიტული გავრცელებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ხოლო მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია მომხმარებლისათვის უზრუნველყოს ამ პუნქტით განსაზღვრული მაუწყებლების არხების თანაბარი და არადისკრიმინაციული ფინანსური პირობებით მიწოდება; ამავე მუხლის მე-18 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს ამ მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან არჩევნების დღემდე პერიოდში შეუძლია უფასოდ, შესაბამისი მაუწყებლის ნებართვის გარეშე განახორციელოს ამ მუხლის მე-17 პუნქტში მითითებული მაუწყებლობის ტრანზიტი, ხოლო მე-19 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ამ მუხლის მე-17 პუნქტით დადგენილი ვალდებულება არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან 3 დღის ვადაში; მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მის გაფრთხილებას, ხოლო გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის ვადაში დარღვევის აღმოუფხვრელობა ან განმეორებით ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისათვის ავტორიზაციის 1 წლის ვადით შეჩერებას.
2. შპს „მედია სახლი ობიექტივი“ ფლობს კერძო საერთო მაუწყებლობის NB114 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს ტელემაუწყებლობის განხორციელებას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით; შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებლებისათვის (აბონენტებისათვის) შეთავაზებულ სამომხმარებლო პაკეტში შპს „მედია სახლი ობიექტივის“ განთავსების ვალდებულება აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ ყველა პირს.
3. შპს „კავკასუს ონლაინი“ წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, რომელიც ავტორიზაციით გათვალისწინებულ საქმიანობას (მაუწყებლობის ტრანზიტს) ახორციელებს ქ.თბილისში ოპტიკურ ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელით; შესაბამისად, შპს „კავკასუს ონლაინის“ კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს განათავსოს, შპს „მედია სახლი ობიექტივი“, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის მომხმარებლებისათვის შეთავაზებულ სამომხმარებლო პაკეტებში.
კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტების ერთობლივი დასკვნა (სამსახურებრივი ბარათი 21.09.2012 N10/979-12) შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ შპს „მედია-სახლი ობიექტივის“ სამაუწყებლო სიგნალის ტრანზიტულ ქსელში განთავსებასთან დაკავშირებით. დასკვნაში აღნიშნულია შემდეგი:
1. იმისათვის, რომ ტრანზიტულმა მაუწყებელმა უზრუნველყოს მაუწყებლის სიგნალის განთავსება სამომხმარებლო პაკეტში საჭიროა განხორციელდეს სიგნალის მიტანის ტექნიკური უზრუნველყოფა, რისთვისაც საჭიროა შემდეგი ტექნიკური საშუალებები:
ა) თანამგზავრული სისტემიდან მიღების შემთხვევაში: მიმღები ანტენა, რომელიც შედგება ”თეფშისა” (პარაბოლური რეფლექტორი) და მიმღები თაურასაგან ანუ კონვერტორისაგან (ამ რეფლექტორის ფოკუსში), მიმღები (რესივერი) და ტრასნკოდერი - იმ შემთხვევაში თუ მიწოდებული სამაუწყებლო სიგნალის ფორმატი არ შეესაბამება ტრანზიტული მაუწყებლობის მიმწოდებლის მიერ გამოყენებულ ტექნოლოგიას.
ბ) მაუწყებლის სერვერიდან ნაკადის მიღების შემთხვევაში თუ სიგანალის ტექნიკური პარამეტრები განსხვავებულია ტრანზიტული მაუწყებლის ტექნიკური პარამეტრებისგან კონვენტორი, რომელიც მოახდენს მაუწყებლის მიერ მიწოდებული სიგნალის კონვერტაციას.
2. შპს ”კავკასუს ონლაინი”-ს 2012 წლის 7 სექტემბრის წერილის მიხედვით, კომპანია მომხმარებლისათვის სატელევიზიო სიგნალის მიწოდებას ახორციელებს, ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელის გამოყენებით UDP multicast პროტოკოლით Ethernet ქსელში. თანამგზავრიდან სიგნალის მიღების შემთხვევაში შპს ”კავკასუს ონლაინს” ესაჭიროება, როგორც მიმღები ანტენა (”თეფში” და მიმღები თაურა) ასევე, მიმღები (რესივერი) და ტრანსკოდერი. ტრანსკოდერის დანიშნულებაა სატელევიზიო სიგნალის MPEG2 ფორმატის გარდაქმნა UDP multicast პროტოკოლად Ethernet ქსელში; მაუწყებლის სერვერიდან სიგნალის მიღების შემთხვევაში შპს ”კავკასუს ონლაინს სიგნალი უნდა მიეწოდოს MPEG2 TS ნაკადში UDP multicast პროტოკოლით Ethernet ქსელში.
ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ მხარეთა მიერ სადაო არ გამხდარა ის ფაქტი, რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ შპს „მედია სახლი ობიექტივის“ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ სამომხმარებლო პაკეტში განთავსების კანონისმიერი ვალდებულების შესრულებისათვის, შპს „მედია სახლი ობიექტივის“ სიგნალი მიტანილ უნდა იქნას შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ განსაზღვრულ ტექნიკური ჩართვის წერტილამდე, რასაც ტექნიკური უზრუნველყოფა სჭირდება, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტების 2012 წლის 21 სექტემბრის ერთობლივი დასკვნაში (სამსახურებრივი ბარათში N10/979-12) მოცემული აღწერით. სადაო დარჩა შპს „მედია სახლი ობიექტივის“ სიგნალის შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ განსაზღვრულ ამ უკანასკნელის ტექნიკური ჩართვის წერტილამდე მიტანის უზრუნველყოფის საკითხი, კერძოდ, ის თუ ვის ვალდებულებას წარმოადგენს შპს „მედია სახლი ობიექტივის“ სიგნალის შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ განსაზღვრულ ამ უკანასკნელის ტექნიკური ჩართვის წერტილამდე მიტანა.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტებების, ასევე კომისიის მხრიდან გაკეთებული ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ, შპს „მედია-სახლი ობიექტივის“ დირექტორმა ქალბატონმა თეა ნადირაძემ განაცხადა, რომ კომპანია დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს საკუთარი სამაუწყებლო სიგნალის მიწოდებას შპს „კავკასუს ონლაინისთვის“; ამავე დროს, თეა ნადირაძემ აღნიშნა, რომ კანონი უნდა ითვალისწინებდეს თითოეული მხარის ვალდებულებას ტექნიკურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, რათა სადაო არ გახდეს საქართველოს ორაგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტი.
კომისიას მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტი პირდაპირ არ განსაზღვრავს საერთო მაუწყებლის სიგნალის მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის ტექნიკური ჩართვის წერტილამდე მიტანის ტექნიკური უზრუნველყოფის განმახორციელებელ სუბიექტს, იგი მკაფიოდ მიუთითებს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტრიზებულ პირზე დაკისრებული ვალდებულების შინაარსს და ფარგლებს: მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია საკუთარი მომხმარებლისათვის (აბონენტისათვის) შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საერთო მაუწყებელი, ანუ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის ვალდებულება იწყება საკუთარი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელიდან და გულისხმობს საერთო მაუწყებლის სიგნალის საკუთარ ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელში გატარებასა და ბოლო მომხმარებლებისათვის (აბონენტებისათვის) შეთავაზებულ სამომხმარებლო პაკეტში მის განთავსებას. აღნიშნული ვალდებულებითი ნორმა არ ითვალისწინებს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის ვალდებულებას, ზემოაღნიშნულთან ერთად უზრუნველყოს ყველა იმ მაუწყებლის სიგნალის საკუთარი ტექნიკური ჩართვის წერტილში მიტანას, რომელზეც ვრცელდება „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტი.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალებიდან და მხარეთა მიერ კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებებიდან ირკვევა, რომ:
- შპს „მედია-სახლი ობიექტივმა“ შპს „კავკასუს ონლაინს“ წერილობით მიმართა 2012 წლის 4 სექტემბერს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტის რეალიზაციის მიზნით;
- შპს „კავკასუს ონლაინმა“, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირმა, გამოთქვა მხადყოფნა შეასრულოს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტით მასზე, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირზე დაკისრებული კანონისმიერი ვალდებულება, კერძოდ, უზრუნველყოს შპს “მედია-სახლი ობიექტივის“ სამაუწყებლო არხის გატარება შპს „კავკასუს ონლაინის“ ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელში, მისი ბოლო მომხმარებლებისათვის (აბონენტებისათვის) შეთავაზებულ სამომხმარებლო პაკეტში განთავსება და აბონენტებისათვის მიწოდება და აღნიშნულის რეალიზაციის მიზნით მიაწოდა შპს „მედია სახლ ობიექტივს“ ის ტექნიკური მახასიათებლები, რაც აუცილებელი იყოს არხის შპს „კავკასუს ონლაინის“ სამომხმარებლო პაკეტში განსათავსებლად;
- შპს „მედია-სახლი ობიექტივის“ დირექტორმა ქალბატონმა თეა ნადირაძემ კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ კომპანია დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს საკუთარი სამაუწყებლო სიგნალის მიწოდებას შპს „კავკასუს ონლაინისთვის“, თუ საუბარია მხოლოდ თანამგზავრული თეფშითა და რესივერით უზრუნველყოფაზე;
კომისიას მიაჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლევის, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის საფუძველზე, არ დასტურდება შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტით მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებისგან თავის არიდებისა და კანონსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტი, რაც შეიძლება გახდეს შპს „კავკასუს ონლაინის“ მიმართ ამავე მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის, კერძოდ, გაფრთხილების გამოყენების საფუძველი. შესაბამისად, კომისიის წევრთა უმრავლესობას (ი. ჩიქოვანი, ს. ბრიტანჩუკი, კ. კვიტაიშვილი, ა.სიხარულიძე; კომისიის წევრმა ა.სიხარულიძემ განმარტა, რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ ქსელის სპეციფიკიდან გამომდინარე, მაუწყებლისთვის, საკუთარი სიგნალის ოპერატორის ჩართვის წერტილამდე მიტანა არ უნდა იყოს დიდ ხარჯთან დაკავშირებული, რათა შესრულდეს კანონის მოთხოვნა მაუწყებლის სიგნალის ტრანზიტული გატარების თაობაზე, რის გამოც მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს სხვა ვითარებასთან ვიდრე ეს იყო სს „სილქნეტთან“ წარმოებული დავების შემთხვევაში) მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს შპს „მედია-სახლი ობიექტივის“ განცხადება შპს „კავკასუს ონლაინის“ გაფრთხილების თაობაზე, მოთხოვნის უსაფუძვლობის გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17, მე-19 და მე-20 პუნქტების, 77-ე მუხლის მე-51 პუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით (4 - მომხრე, 1 - წინააღმდეგი (ი. მოსეშვილი)
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს შპს „მედია-სახლი ობიექტივის“ განცხადება (19.09.2012 N6/5376-12) შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შპს „კავკასუს ონლაინის“ გაფრთხილების თაობაზე, შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტის დარღვევის ფაქტის დაუდასტურებლობის გამო;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით გამოცხადებიდან 48 საათში;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
