წვდომის მენიუ

შპს ”სისტემა გამას” კერძო მაუწყებლობის №B81 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 28 ივლისის №340/2 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნომერი: 635 / 2

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 07, 2012

მიღების თარიღი სექტემბერი 28, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას განცხადებით მიმართა შპს „სისტემა გამამ“ (№7/281-12, 25.04.2012) კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B81 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ შპს „სისტემა გამა“ რადიოსადგურის ხმის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ითხოვს მაუწყებლობის №B81 ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრებში ცვლილებას და სიმძლავრის 500 ვტ-მდე გაზრდას.

შპს ”სისტემა გამა” ფლობს მაუწყებლობის №B81 ლიცენზიას 2013 წლის 1 მაისამდე, კომისიის 2006 წლის 28 ივლისის №340/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: საეთერო რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო  რადიომაუწყებლობა;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

რადიო მაუწყებლობა 104,3 მჰც სიხშირეზე 0.25 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი;

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს  ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის  ცვლილებას.

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნიდან ირკვევა, რომ  შპს ”სისტემა გამას” მაუწყებლობის №B81 ლიცენზიის ტექნიკურ პარამეტრებში სიმძლავრის 250 ვტ-დან 500 ვტ-მდე მომატება არ გამოიწვევს სამაუწყებლო ზონის მოხაზულობის (კონტური) ცვლილებას. შეიცვლება მხოლოდ ელექტრომაგნიტური ველის დაძაბულობის მაჩვენებელი. ამავე დეპარტამენტის მიერ ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება, რომელმაც შპს ”სისტემა გამას” მაუწყებლობის №B81 ლიცენზიის ტექნიკურ პარამეტრებში სიმძლავრის 250 ვტ-დან 500 ვტ-მდე მომატებისთვის შეადგინა – 1458.00 (ათას ოთხას ორმოცდათვრამეტი) ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს                      შპს ”სისტემა გამას” მაუწყებლობის №B81 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა, ვინაიდან, შპს ”სისტემა გამას” მაუწყებლობის №B81 ლიცენზიის ტექნიკურ პარამეტრებში სიმძლავრის ცვლილება არ გამოიწვევს სიხშირული სპექტრით მაუწყებლობის ზონის გაზრდას.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა შპს ”სისტემა გამას” №B81 ლიცენზიის მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა, კერძოდ, ლიცენზიის სახე - საეთერო რადიომაუწყებლობა არ შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის შესაბამისად, კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ”სისტემა გამა” ფლობდა ყოფილი კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ გაცემულ №538 ლიცენზიას, ამავე ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობებით. კომისიის 2006 წლის 28 ივლისის №340/2 გადაწყვეტილებით შპს ”სისტემა გამას” №538 ლიცენზია მოდიფიცირდა მაუწყებლობის ორ №B81 და №B82 ლიცენზიად. კომისიის 2006 წლის 28 ივლისის №340/2 გადაწყვეტილებაში არ არის განსაზღვრული მაუწყებლობის №B81 და №B82 ლიცენზიებისთვის სალიცენზიო ვალდებულებები. შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს ”სისტემა გამას” მაუწყებლობის №B81 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების განსაზღვრა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

                საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2012 წლის 3 სექტემბრის 16:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა შპს ”სისტემა გამას” უფლებამოსილი წარმომადგენელი დავით წივწივაძე, რომელმაც სხდომაზე  დააზუსტა, რომ შპს ”სისტემა გამას” მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში იქნება 24 საათი. ზეპირი მოსმენისას არ გამოვლენილა შპს ”სისტემა გამას” მაუწყებლობის №B81 ლიცენზიის  მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები. 2012 წლის 3 სექტემბერს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების თარიღად დასახელდა  ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე - 2012 წლის 17 სექტემბერი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. გამომდინარე იქიდან, რომ კომისია შედგება 5 მოქმედი წევრისგან, ხოლო კომისიის 2012 წლის 17 სექტემბრის კომისიის სხდომას ესწრებოდა კომისიის მხოლოდ ორი წევრი, სხდომა ვერ ჩატარდა კვორუმის არ არსებობის გამო.

2012 წლის 21 სექტემბერს გამართულ სხდომაზე კომისიამ იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და დაინტერესებული პირის (შპს ”სისტემა გამა”) კომისიის სხდომაზე მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით მიზანშეწონილად მიიჩნია განცხადების დაკმაყოფილებისა და ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ საკითხის განხილვის დანიშვნა 2012 წლის 28 სექტემბერს. 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს ”სისტემა გამას” მაუწყებლობის №B81 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2006 წლის 28 ივლისის №340/2 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) № B81

ა.ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ა.ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო  რადიომაუწყებლობა;

ა.გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

რადიო მაუწყებლობა 104,3 მჰც სიხშირეზე 0.5 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი;

ა.დ)  დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად განისაზღვროს 24 საათი;

ა.ე) შპს ”სისტემა გამა”  ვალდებულია:

ა.ე.ა) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

ა.ე.ბ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ა.ე.გ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

ა.ე.დ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

ა.ე.ე) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ა.ე.ვ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

ა.ე.ზ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში,  მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

ა.ე.თ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

ა.ე.ი) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას” მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.

ა.ე.კ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:

ა.ე.ლ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;

ა.ე.მ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის  საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

ა.ე.ნ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ა.ე.ო) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას;

ა.ე.პ) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;

ა.ვ) უზრუნველყოს შპს ”სისტემა გამამ” აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში 1458.00 (ათას ოთხას ორმოცდათვრამეტი) ლარის გადახდა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი -TRESGE22;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი -300773062;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა  (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  შპს ”სისტემა გამასთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს ”სისტემა გამასთვის” აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                              ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                                                ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                                კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                                ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები