წვდომის მენიუ

შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის კერძო მაუწყებლობის №B103 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2001 წლის 30 მარტის №193/2 და 2005 წლის 21 იანვრის №41/6 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნომერი: 636 / 2

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 16, 2012

მიღების თარიღი სექტემბერი 28, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას განცხადებით მიმართა შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა (№7/348-12, 07.06.2012) კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B103 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ითხოვს კერძო მაუწყებლობის №B103 ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების იმგვარ ცვლილებას, რომ კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა ზემოაღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე, ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით გაავრცელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც.

კომისია აღნიშნავს, შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B103 ლიცენზიას 2014 წლის 19 მარტამდე, კომისიის 2001 წლის 30 მარტის №193/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე - კერძო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა - სპეციალიზებული (შემეცნებით-მუსიკალურ-გასართობი) ტელემაუწყებლობა;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

ა) ტელემაუწყებლობა მე-12 სატელევიზიო არხზე 1 კვტ-მდე სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (მეორადი გამოყენების უფლებით) ქ. თბილისში;

ბ) მაუწყებლობა საკაბელო ქსელის გამოყენებით;

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს  ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის  ცვლილებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს,                      შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კერძო მაუწყებლობის №B103 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა, ვინაიდან, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მოთხოვნის საფუძველზე, ლიცენზიების მოდიფიცირების შემდეგ, ლიცენზიის მფლობელი უზრუნველყოფს უკვე არსებული ლიცენზიის ფარგლებში გაწეული სამაუწყებლო საქმიანობის მომხმარებლისათვის მიწოდებას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც, სიხშირული სპექტრით მაუწყებლობის ზონის გაზრდის გარეშე.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 2008 წლის 19 სექტემბერის №741/2 გადაწყვეტილებით მოდიფიცირდა                 შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ს სარგებლობაში არსებული №908 ლიცენზია კერძო სპეციალიზებული (შემეცნებით-მუსიკალურ-გასართობი) მაუწყებლობის ლიცენზიად და მიენიჭა №B103, ხოლო სალიცენზიო ვალდებულებები, რომლებიც გაწერილი იყო კომისიის 2005 წლის 21 იანვრის №41/6 გადაწყვეტილებით №908 ლიცენზიისთვის არ შეცვლილა. შესაბამისად კომისიას მიაჩნია, რომ მიზანშეწონილია ცვლილებების განხორციელება შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ს  კერძო მაუწყებლობის №B103 ლიცენზიით განსაზღვრულ სალიცენზიო ვალდებულებებში და აღნიშნული სალიცენზიო ვალდებულებების შესაბამისობაში მოყვანა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის №B103 ლიცენზიის მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა; კერძოდ, ლიცენზიის სახეობა - სპეციალიზებული (შემეცნებით-მუსიკალურ-გასართობი) ტელემაუწყებლობა  არ შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჰ8) პუნქტს  და 38-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომელთა შესაბამისად, კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის, ხოლო სპეციალიზებული მაუწყებლობა არის 1 თემატიკის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა, პროგრამებით მაუწყებლობა.

კომისიამ წერილობით (№01/1476-12б 18.06.2012წ.) მიმართა შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ს და მოსთხოვა სპეციალიზებული მაუწყებლობის ფარგლებში ერთი თემატიკის დაზუსტება. შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-მა კერძო მაუწყებლობის №B103 სპეციალიზებული ლიცენზიის თემატიკად განსაზღვრა შემეცნებითი ტელემაუწყებლობა (შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ს წერილის კომისიაში რეგისტრაციის №6/3433-12, 29.06.2012).

საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2012 წლის 3 სექტემბრის 16:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი ირაკლი ხახმელიძე, რომელმაც სხდომაზე  დააზუსტა, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში იქნება 18 საათი. ზეპირი მოსმენისას არ გამოვლენილა შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის მაუწყებლობის №B103 ლიცენზიის  მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები.               2012 წლის 3 სექტემბერს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების თარიღად დასახელდა  ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე - 2012 წლის 17 სექტემბერი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. გამომდინარე იქიდან, რომ კომისია შედგება 5 მოქმედი წევრისგან, ხოლო კომისიის 2012 წლის 17 სექტემბრის კომისიის სხდომას ესწრებოდა კომისიის მხოლოდ ორი წევრი, სხდომა ვერ ჩატარდა კვორუმის არ არსებობის გამო.

2012 წლის 21 სექტემბერს გამართულ სხდომაზე კომისიამ იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და დაინტერესებული პირის (შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”) კომისიის სხდომაზე მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით მიზანშეწონილად მიიჩნია განცხადების დაკმაყოფილებისა და ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ საკითხის განხილვის დანიშვნა 2012 წლის 28 სექტემბერს. 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის მაუწყებლობის №B103 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2001 წლის 30 მარტის №193/2 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”ა) ლიცენზიის სახე - კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა - სპეციალიზებული (შემეცნებითი) ტელემაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

გ.ა) ტელემაუწყებლობა მე-12 სატელევიზიო არხზე 1 კვტ-მდე სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (მეორადი გამოყენების უფლებით) ქ. თბილისში;

გ.ბ) მაუწყებლობა საკაბელო ქსელის გამოყენებით;

გ.გ) ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.”

2. შევიდეს ცვლილება კომისიის 2001 წლის 30 მარტის №193/2 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი რედაქციის 11 პუნქტი:

”11. დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად განისაზღვროს 18 საათი;”

3. შევიდეს ცვლილება კომისიის 2005 წლის 21 იანვრის №41/6 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

”2. შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”  ვალდებულია:

ა) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

ბ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

გ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

დ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

ე) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

ზ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში,  მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

თ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

ი) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას” მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.

კ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:

ლ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;

მ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის  საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

ნ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ო) უზრუნველყოს სატელევიზიო დროის ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისთვის გამოყოფა;

პ) უზრუნველყოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511–ე მუხლის გათვალისწინებული მხატვრული ფილმის ეთერში განთავსების წესების დაცვა;

ჟ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას;

რ) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;”

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა  (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-თვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

5.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-თვის აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) ერთი  თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                              ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                                                ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                                კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                                ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები