წვდომის მენიუ

შპს ,,ეკომის“ სანქცირების თაობაზე

ნომერი: 638 / 18

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 23, 2012

მიღების თარიღი სექტემბერი 28, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები და საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებული არიან, დაიცვან შემდეგი პირობები:

ა) მაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადონ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყოველკვირეულად გადასცენ ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობითაა გამოყოფილი საეთერო დრო, 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი, გაწეული მომსახურება;

ბ) ტელე- ან რადიოკომპანიის მიერ 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს და არც ერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი. ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის (როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური სუბიექტებისათვის) ერთნაირი უნდა იყოს;

გ) პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“;

დ) ამ პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში არ დაუშვან პოლიტიკური რეკლამის განთავსება სხვა დროს, გარდა ამ მიზნით გამოყოფილი დროის შუალედისა.

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განსაზღვრავს საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესს, უზრუნველყოფს მაუწყებლის მიერ ამ კანონით დადგენილ ნორმათა დაცვის მონიტორინგს და ახდენს შესაბამის რეაგირებას ამ ნორმების დარღვევაზე.  

,,საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს  N9 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე მაუწყებლები ვალდებულნი არიან დაიცვან შემდეგი პირობები:

ა) წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადონ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყოველი კვირის პარასკევ დღეს, კომისიის მიერ დადგენილი ფორმით მიაწოდონ შემდეგი ინფორმაცია:

ა.ა) მომდევნო კვირის ორშაბათიდან (თარიღი) ორშაბათამდე (თარიღი) ერთი კვირის პერიოდისთვის წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამისთვის გამოყოფილი საეთერო დრო;

ა.ბ) 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი საეთერო დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი;

ა.გ) საეთერო დროის ტარიფი;

ა.დ) წინა კვირის პარასკევიდან (თარიღი) პარასკევამდე (თარიღი) განმავლობაში გაწეული მომსახურების შესახებ ინფორმაცია;

ა.ე) წინა კვირის პარასკევიდან (თარიღი) პარასკევამდე (თარიღი) სამაუწყებლო ბადის ჩანაწერი უწყვეტი ქრონომეტრაჟით;

,,საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ “ კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს  N9 დადგენილების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების ამ წესის შესაბამისად დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე მონიტორინგს ახორციელებს კომისია.

კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2012 წლის 19 სექტემბერს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2012 წლის 17 სექტემბრის N10/964-12 სამსახურებრივი ბარათი, რომლის  საფუძველზე ირკვევა, რომ შპს ,,ეკომის“ მიერ მაუწყებლის ყოველკვირეული ინფორმაცია წარმოდგენილია მხოლოდ ორჯერ: 2012 წლის  10 აგვისტოს - 13 აგვისტოდან 20 აგვისტომდე პერიოდი და 20 აგვისტოს - 20 აგვისტოდან 27 აგვისტომდე პერიოდი; ამასთანავე, სამაუწყებლო ბადის ჩანაწერი შპს ,,ეკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია მხოლოდ 2012 წლის 13 აგვისტოდან 19 აგვისტოს ჩათვლით, შემდგომი ოთხი კვირის ჩანაწერი წარმოდგენილი არ არის და შესაბამისად ვერ ხერხდება ამ კომპანიის მონიტორინგი.

2012 წლის 24 სექტემბერს დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ეკომის“ სანქცირების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა  დაინიშნა 2012 წლის 28 სექტემბერს. აღნიშნულის თაობაზე შპს ,,ეკომს”  ეცნობა შეტყობინებით, რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

2012 წლის 28 სექტემბრის კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს ,,ეკომის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი. გამომდინარე იქედან, რომ ,,ეკომისათვის“ ცნობილი იყო საკითხის განხილვის თარიღისა და სხდომის გამართვის დროის შესახებ, ხოლო შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე კომისიაში არ შემოსულა, კომისიამ გადაწყვიტა შპს ,,ეკომის“ წარმომადგენლის დაუსწრებლად განეხილა საკითხი.

კომისიის მიერ გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და შეფასებული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.       კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2012 წლის 17 სექტემბრის N10/964-12 სამსახურებრივი ბარათი;

2.       კომისიის 2012 წლის 02 აგვისტოს N04/1808-12 წერილი, ყველა საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელისათვის;

3.       შპს ,,ეკომისათვის“ კომისიის 2012 წლის 02 აგვისტოს N04/1808-12 წერილის ჩაბარების დამადასტურებელი საფოსტო ქვითარი N2714;

4.       კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის    18 სექტემბრის 10/971-12 სამსახურებრივი ბარათი, რომლის საფუძველზე ირკვევა, რომ შპს ,,ეკომს“ მაუწყებლის ყოველკვირეული ინფორმაცია წარმოდგენილი აქვს მხოლოდ ორჯერ: 2012 წლის  10 აგვისტოს - 13 აგვისტოდან 20 აგვისტომდე პერიოდი და 20 აგვისტოს - 20 აგვისტოდან 27 აგვისტომდე პერიოდი; ამასთანავე, სამაუწყებლო ბადის ჩანაწერი შპს ,,ეკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია მხოლოდ 2012 წლის 13 აგვისტოდან 19 აგვისტოს ჩათვლით;

5.       საფოსტო კომპანია შპს ,,სმარტექსის“ საფოსტო ქვითარი N3304, რომლის საფუძველზე დასტურდება, რომ შპს ,,ეკომს“ კომისიის შეტყობინება სხდომის დღესთან დაკავშირებით ჩაბარდა 2012 წლის 26 სექტემბერს.

კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.       შპს „ეკომი“ წარმოადგენს კერძო მაუწყებლობის №B40 ლიცენზიის მფლობელს 2006 წლის 3 თებერვლიდან;

2.       2012 წლის 02 აგვისტოს ყველა საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ პირს გაეგზავნა N04/1808-12 წერილი, რომლის თანახმად მაუწყებლებს ეცნობათ, რომ  საქართველოს საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს  N9 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად,   საზოგადოებრივი მაუწყებელი, ასევე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე, წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის დროს ვალდებულნი არიან საჯაროდ გამოაცხადონ და კომისიას ყოველკვირეულად გადასცენ შემდეგი სახის მაუწყებლის ყოველკვირეული ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან, რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობითაა გამოყოფილი საეთერო დრო; ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი; საეთერო დროის ტარიფი;  გაწეული მომსახურება და ა.შ.  აღნიშნული ინფორმაციისა და კვირის სამაუწყებლო ბადის ჩანაწერის კომისიისათვის წარდგენის ვალდებულება მაუწყებლებს დაევალათ ყოველკვირეულად.

3.       კომისიის 2012 წლის 02 აგვისტოს N04/1808-12 წერილი, შპს ,,ეკომს“ ჩაბარდა 2012 წლის 27 აგვისტოს;

4.       შპს ,,ეკომს“ კომისიაში, გარდა 2012 წლის 13 აგვისტოდან 19 აგვისტოს პერიოდისა არ წარმოუდგენია ყოველკვირეული სამაუწყებლო ბადის ჩანაწერი და გარდა 2012 წლის 13 აგვისტოდან 27 აგვისტომდე პერიოდისა არ წარმოუდგენია მაუწყებლის ყოველკვირეული ინფორმაცია; შპს ,,ეკომს“ ასევე არ გამოუცხადებია აღნიშნული ინფორმაცია საჯაროდ, შესაბამისად, კომისია მოკლებულია შესაძლებლობას შეამოწმოს შპს ,,ეკომის“ მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის კანონიერება;

5.       შპს ,,ეკომს“ უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1.       საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები და საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებული არიან, დაიცვან შემდეგი პირობები: მაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადონ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყოველკვირეულად გადასცენ ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობითაა გამოყოფილი საეთერო დრო, 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი, გაწეული მომსახურება;

2.       ,,საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს  N9 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, ა) ქვეპუნქტის თანახმად  კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე მაუწყებლები ვალდებულნი არიან დაიცვან შემდეგი პირობები:

ა) წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადონ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყოველი კვირის პარასკევ დღეს, კომისიის მიერ დადგენილი ფორმით მიაწოდონ შემდეგი ინფორმაცია:

ა.ა) მომდევნო კვირის ორშაბათიდან (თარიღი) ორშაბათამდე (თარიღი) ერთი კვირის პერიოდისთვის წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამისთვის გამოყოფილი საეთერო დრო;

ა.ბ) 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი საეთერო დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი;

ა.გ) საეთერო დროის ტარიფი;

ა.დ) წინა კვირის პარასკევიდან (თარიღი) პარასკევამდე (თარიღი) განმავლობაში გაწეული მომსახურების შესახებ ინფორმაცია;

ა.ე) წინა კვირის პარასკევიდან (თარიღი) პარასკევამდე (თარიღი) სამაუწყებლო ბადის ჩანაწერი უწყვეტი ქრონომეტრაჟით;

3.       ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე მაუწყებლის მიერ ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა მის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობისათვის, ან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის გაფრთხილების გამოყენებიდან 1 წლის განმავლობაში მის მიერ ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში;

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ეკომის“ მიერ დარღვეული იქნა საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და ,,საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ “ კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს  N9 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები;

ვინაიდან, შპს ,,ეკომის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის ზემოაღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.

კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს ,,ეკომს“ ამავდროულად უნდა დაევალოს, 2012 წლის 19 აგვისტოს შემდეგ, ყოველი კვირის სამაუწყებლო ბადის ჩანაწერისა და 2012 წლის 27 აგვისტოდან მაუწყებლის ყოველკვირეული ინფორმაციის  კომისიაში წარმოდგენა, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) პუნქტის შესაბამისად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 51-ე მუხლის მე-15 პუნქტის, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს  N9 დადგენილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გადაწყვიტა:

1.         შპს ,,ეკომს“ მიეცეს გაფრთხილება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და ,,საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ “ კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს  N9 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;

2.         შპს ,,ეკომს“ დაევალოს, წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან, 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, წარმოადგინოს კომისიაში, 2012 წლის 19 აგვისტოდან 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე, მის ეთერში გასული სამაუწყებლო ბადის ჩანაწერი უწყვეტი ქრონომეტრაჟით და 2012 წლის 27 აგვისტოდან 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე მაუწყებლის ყოველკვირეული ინფორმაცია, ,,საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ “ კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს  N9 დადგენილების დანართი N1-ის შესაბამისად;

3.         დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძეს) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს  ,,ეკომისათვის”  დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4.         გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

5.         გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ეკომისათვის”  ჩაბარების დღიდან;

6.         კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს        (ი. მახარაძე);

7.         კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

   კომისიის თავმჯდომარე                                                                                      ი. ჩიქოვანი

   კომისიის წევრი                                                                                                     ს. ბრიტანჩუკი

    კომისიის წევრი                                                                                                    კ. კვიტაიშვილი

    კომისიის წევრი                                                                                                    ა. სიხარულიძე

    კომისიის წევრი                                                                                                    ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები