შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”მეგა ტვ”-ის კერძო მაუწყებლობის №B74 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №822/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 12, 2012
მიღების თარიღი ოქტომბერი 05, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს დამოუკიდებელმა ტელეკომპანია ”მეგა ტვ”-იმ (№7/426-12, 30.07.2012), კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B74 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”მეგა ტვ” ითხოვს კერძო მაუწყებლობის №B74 ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების იმგვარ ცვლილებას, რომ კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა ზემოაღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე, ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით გაავრცელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც. როგორც განცხადებაშია აღნიშნული მოდიფიცირება ხელს შეუწყობს კომპანიის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას, კომპანია მოიზიდავს ახალ რეკლამებს, განავითარებს მედია ბიზნესს და შეუფერხებლად გადავა ციფრული მაუწყებლობის ფორმატზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”მეგა ტვ” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B74 ლიცენზიას კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №822/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 31 დეკემბრამდე;
მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი და ტექნიკური პარამეტრები:
ა) ტელემაუწყებლობა მე-2 სატელევიზიო არხზე 500 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ.ხონში და მიმდებარე რაიონებში;
ბ) გამოსახულების სიგნალის შესაძლო მაქსიმალური დონეები მეტრული დიაპაზონის მე-2 სატელევიზიო არხზე საკონტროლო გაზომვის წერტილებში შემდეგი ჩამონათვალის მიხედვით:
ბ.ა) ქ.წყალტუბო (სავაჭრო ცენტრის ტერიტორია) – 42 დბ (მკვ/მტ);
ბ.ბ) ს.ქვიტირი – 39 დბ (მკვ/მტ);
ბ.გ) ქ.სამტრედია (ცენტრი) – 32დბ (მკვ/მტ);
ბ.დ) ქ.ქუთაისი (რკინიგზის ძველი სადგური) – 35 დბ (მკვ/მტ);
ბ.ე) ქ.ჩოხატაური (გამგეობის შენობა) – 17 დბ (მკვ/მტ);
ბ.ვ) ქ.ოზურგეთი (სატელევიზიო ანძა) – 35 დბ (მკვ/მტ);
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 24 აგვისტოს №558/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”მეგა ტვ”-ის კერძო მაუწყებლობის №B74 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №822/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.
ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2012 წლის 24 სექტემბრის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს, შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”მეგა ტვ”-ის კერძო მაუწყებლობის №B74 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა, ვინაიდან, შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”მეგა ტვ”-ის მოთხოვნის საფუძველზე, ლიცენზიების მოდიფიცირების შემდეგ, ლიცენზიის მფლობელი უზრუნველყოფს უკვე არსებული ლიცენზიების ფარგლებში გაწეული სამაუწყებლო საქმიანობის მომხმარებლისათვის მიწოდებას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც, სიხშირული სპექტრით მაუწყებლობის ზონის გაზრდის გარეშე.
საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2012 წლის 24 სექტემბრის 16:00 საათზე. ზეპირი მოსმენისას არ გამოვლენილა შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”მეგა ტვ”-ის კერძო მაუწყებლობის №B74 ლიცენზიის მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები;
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”მეგა ტვ”-ის კერძო მაუწყებლობის №B74 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №822/6 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ”გ” ქვეპუნქტი:
”გ) ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.“
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”მეგა ტვ”-ისთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
3.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”მეგა ტვ”-ისთვის აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
