შპს ,,კავკასუს ონლაინისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 23, 2012
მიღების თარიღი ოქტომბერი 12, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 10 სექტემბერს კომისიას განცხადებით (N6/5052-12) მიმართა შპს „სუპერ ტვ“-მ, საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: „СТС“–ის და „Перец“–ის არამართლზომიერად რეტრანსლირების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სუპერ ტვ“-ს განცხადების საფუძველზე კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების შემოწმება და 2012 წლის 17 სექტემბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 14 სექტემბრის N10/959-12 სამსახურებრივი ბარათი და შპს ,,კავკასუს ონლაინის“ 2012 წლის 13 სექტემბრის შემოწმების აქტი N64. აღნიშნული სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ ხდება სამაუწყებლო არხების: „СТС“–ის და „Перец“–ის ტრანზიტი, ამ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის გარეშე.
ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს დამატებით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 8 ოქტომბრის N10/1021-12 სამსახურებრივი ბარათი, სადაც აღნიშნულია, რომ მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2012 წლის 13 სექტემბრის N64 შემოწმების აქტის საფუძველზე, განხორციელდა შპს „კავკასუს ონლაინის“ საკაბელო ქსელში განთავსებული სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულებების კომისიაში წარმოდგენის ფაქტის დოკუმენტური შესწავლა/ანალიზი და დადგინდა, რომ შპს „კავკასუს ონლაინი“ კომისიაში შესაბამისი ხელშეკრულებების წარმოდგენის გარეშე გარდა სამაუწყებლო არხების: „СТС“–ის და „Перец“–ისა, ახორციელებს შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას – “Viasat Sport”, “Propoker”, “BBC Entertainment”, “TV 1000”, “TV 1000 Action”, “TV 1000 Русское Кино”, “Еврокино”, “BBC News”, “RAI News”, “Lider TV”, “Zooпарк”, “Viasat Nature”, “Viasat Explorer”, “Viasat History”, “HD LIFE”, “Comedy TV”, “Детский”, “MTV”, “MTV HD”, “Иллюзион +”, “Style TV HD”, “Play TV”, “iconcerts HD”, “Trace Sports HD”, “Motors TV”, “Fashion TV HD”, “RU TV”, “EUArmenia”, “Baby TV”, “Nat Geo”, “Nat Geo Wild”.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათისა და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 9 ოქტომბერს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „კავკასუს ონლაინის“ სანქცირების თაობაზე; საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 12 ოქტომბერს 16:00 საათზე; აღნიშნულის თაობაზე შპს ,,კავკასუს ონლაინს“ ეცნობა შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად; მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად შეტყობინება გაეგზავნა შპს „სუპერ ტვ“-ს და, როგორც დაინტერესებული მხარე, მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.
საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2012 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელი სალომე ბერიშვილი, რომელმაც საკუთარი პოზიცია წარმოადგინა წერილობით (განცხადება N6/5884-12) და განაცხადა, რომ ,,CTC”-ის და „Перец“–ის რეტრანსლირების უფლებამოსილების მოპოვებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკება უფლებამოსილ კომპანიასთან, რაც შეეხებას 2012 წლის 13 სექტემბრის N64 შემოწმების აქტში აღნიშნულ დანარჩენ სამაუწყებლო არხებს, რიგი მათგანი ჩართულია სატესტო რეჟიმში, რადგან შპს ,,კავკასუს ონლაინი“ ახორციელებს მოლაპარაკებებს უფლებამფლობელ კომპანიებთან და უახლოეს მომავალში კომისიაში წარმოდგენილი იქნება შესაბამისი ხელშეკრულებები.
შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი იქნა შემდეგი დოკუმენტაცია:
1. შპს ,,ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედთან“ 2012 წლის პირველ სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებასთან დაკავშირებით: ,,Viasat Sport”, “TV 1000”, “TV 1000 Action”, “TV 1000 Русское Кино”, “Еврокино”, “Zooпарк”, “Viasat Nature”, “Viasat Explorer”, “Viasat History” ,“Comedy TV”, “Детский”,“Иллюзион+”;
2. ,,Motors TV“-თან 2012 წლის პირველ მაისს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხის ,,Motors TV“-ის რეტრანსლირების თაობაზე;
3. ,,RAI RADIOTELEVISIONE ITALIANA”-სთან 2012 წლის პირველ ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხის ,,RAI NEWS”-ის რეტრანსლირების თაობაზე;
4. ,,BABY NETWORK LIMITED”-თან 2012 წლის პირველ ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება ,,Baby TV“-ის რეტრანსლირების თაობაზე;
5. ,,NGC-EUROPE LIMITED“-თან 2012 წლის პირველ ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების ,,NATGEO WILD”-ის და ,,NATGEO WILD HD“-ის რეტრანსლირების თაობაზე;
6. ,,ICONCERTS TV CHANNEL”-თან, ,,TRACE TV”-თან და ,,F.TV ltd. BVI“-თან გასაფორმებელი ხელშეკრულებების ფორმები, რომლებიც მხარეთა მიერ არ არის ხელმოწერილი.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინის” მიერ ასევე წარმოდგენილია ,,FOX INTERNATIONAL CHANNELS”-თან 2012 წლის პირველ ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების ,,FOX LIFE”, ,,FOX LIFE HD” და ,,FOX CRIME”-ის რეტრანსლირებასთან დაკავშირებით; აღნიშნული სამაუწყებლო არხების რეტრანსლირება შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ 2012 წლის 13 სექტემბრის N64 შემოწმების აქტში დაფიქსირებული არ არის.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. შპს „სუპერ ტვ“-ს 2012 წლის 10 სექტემბრის N6/5052-12 წერილი კომისიის სახელზე;
2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 14 სექტემბრის N10/959-12 და 2012 წლის 08 ოქტომბრის N10/1021-12 სამსახურებრივი ბარათები;
3. 2012 წლის 13 სექტემბრის N64 შემოწმების აქტი;
4. ინტერნეტითა და IPTV მომსახურების ხელშეკრულება შპს ,,კავკასუს ონლაინსა“ და აბონენტ მამუკა მუჩიაშვილს შორის გაფორმებული 2011 წლის 14 ივლისს;
5. აბონენტების, მამუკა მუჩიაშვილისა და ლია მუჩიაშვილის (N64 შემოწმების აქტზე ხელმომწერი პირები) პირადობის მოწმობების ასლები;
6. შემოწმების ჩატარების დამადასტურებელი აუდიო-ვიზუალური ჩანაწერი (CD);
7. შპს ,,კავკასუს ონლაინისათვის“ გაგზავნილი შეტყობინება N03/2376-12;
8. კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის N04/462-12 წერილი და აღნიშნული წერილის შპს ,,კავკასუს ონლაინისათვის“ ჩაბარების დამადასტურებელი საფოსტო ქვითარი N764;
9. კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემები;
10. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2012 წლის 10 ოქტომბრის N10/1029-12 სამსახურებრივი ბარათი;
11. შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი განცხადება (12.10.12 N6/5884-12) თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, კერძოდ:
ა) შპს ,,ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედთან“ 2012 წლის პირველ სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებასთან დაკავშირებით: ,,Viasat Sport”, “TV 1000”, “TV 1000 Action”, “TV 1000 Русское Кино”, “Еврокино”, “Zooпарк”, “Viasat Nature”, “Viasat Explorer”, “Viasat History” ,“Comedy TV”, “Детский”,“Иллюзион+”;
ბ) ,,Motors TV“-თან 2012 წლის პირველ მაისს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხის ,,Motors TV“-ის რეტრანსლირების თაობაზე;
გ) ,,RAI RADIOTELEVISIONE ITALIANA”-სთან 2012 წლის პირველ ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხის ,,RAI NEWS”-ის რეტრანსლირების თაობაზე;
დ) ,,BABY NETWORK LIMITED”-თან 2012 წლის პირველ ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება ,,Baby TV“-ის რეტრანსლირების თაობაზე;
ე) ,,NGC-EUROPE LIMITED“-თან 2012 წლის პირველ ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების ,,NATGEO WILD”-ის და ,,NATGEO WILD HD“-ის რეტრანსლირების თაობაზე;
ვ) ,,FOX INTERNATIONAL CHANNELS”-თან 2012 წლის პირველ ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების ,,FOX LIFE”, ,,FOX LIFE HD” და ,,FOX CRIME”-ის რეტრანსლირებასთან დაკავშირებით;
ზ) ,,ICONCERTS TV CHANNEL”-თან, ,,TRACE TV”-თან და ,,F.TV ltd. BVI“-თან გასაფორმებელი ხელშეკრულებების ფორმები, რომლებიც მხარეთა მიერ არ არის ხელმოწერილი;
12. შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლის მიერ 2012 წლის 12 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებები.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,კავკასუს ონალაინი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც 2011 წლის 7 აპრილს გავლილი აქვს კომისიაში ავტორიზაცია მაუწყებლობის ტრანზიტზე და რომელიც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, უნდა ახორციელებდეს მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემას და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას, საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით;
2. კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის N04/462-12 წერილით, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს და მათ შორის შპს ,,კავკასუს ონლაინს“ განემარტა, რომ იმ შემთხვევაში თუ, ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე არ რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ - ყოველთვიურად, სამაუწყებლო ბადის დართვით, მომდევნო 30 დღეზე.
3. შპს ,,სუპერ ტვ-ს“ 2012 წლის 10 სექტემბრის N6/5052-12 წერილის საფუძველზე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2012 წლის 13 სექტემბერს, 18:02 საათზე, განხორციელდა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ შემოწმება, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ აბონენტთან მამუკა მუჩიაშვილთან, მისამართზე: ქ. თბილისი, დიღმის მასივი, მე-5 კვარტალი, კორპ. 13, ბინა 74, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის (შემოწმების დღისათვის) გ. რატიშვილის მიერ, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №64. შემოწმების აქტს ხელს აწერენ: კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი გ. რატიშვილი, ამავე დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი ი. მახარაძე შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე პირები მამუკა მუჩიაშვილი (პ/ნ 01006002949) და ლია მუჩიაშვილი (პ/ნ01006016391); როგორც კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 14 სექტემბრის N10/959-12 და 08 ოქტომბრის N10/1021-12 სამსახურებრივი ბარათებიდან ირკვევა, ,,კავკასუს ონლაინი“ თავისი საკაბელო ქსელით, რეტრანსლირების თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულებების კომისიაში წარმოდგენის გარეშე, ახორციელებს შემდეგი სამაუწყებლო არხების გადაცემასა და ბოლო მომხმარებილისათვის მიწოდებას: „СТС“, „Перец“, ,,Propoker”, ,,BBC Entertainment”, ,,BBC News”, ,,HD Life”, ,,Lider TV”,,,MTV”, ,,MTV HD”, ,,Style TV HD”, ,,Play TV”, ,,iconcerts HD”, ,,EU Armenia”, ,,Trace Sports HD”, ,,Fashion TV HD”, ,,Viasat Sport”, ,,TV 1000”, ,,TV 1000 Action”, ,,TV 1000 Русское Кино”, ,,Еврокино”, ,,Rai News”, ,,Zooпарк”, ,,Viasat Nature”, ,,Viasat Explorer”, ,,Viasat History”, ,,RU TV”, ,,Comedy TV”, ,,Детский”, ,,Иллюзион +”, ,,Motors TV”, ,,Baby TV”, ,,Nat Geo”, ,,Nat Geo Wild”;
4. შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება 2012 წლის 13 ოქტომბრის №64 შემოწმების აქტით, აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით (CD);
5. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 13 ოქტომბრის №64 შემოწმების აქტი შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
6. შპს ,,კავკასუს ონლაინს“ კომისიის 2012 წლის 10 აპრილის N284/18 გადაწყვეტილების საფუძველზე, მიეცა გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის დარღვევის გამო.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
2. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
3. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
4. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამავე კანონის 58-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისათვის;
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;
8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე გამოკვლეულ იქნა შპს ,,კავკასუს ონლაინის” მიერ საკუთარი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის მეშვეობით გადაცემული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულებების არსებობისა და კომისიაში წარმოდგენის ფაქტი. კომისიას არ უმსჯელია შპს ,,კავკასუს ონლაინის” მიერ კომისიაში წარმოდგენილ სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებების ნამდვილობასა და კანონიერებაზე, კერძოდ, არ გამოუკვლევია, სამაუწყებლო არხების დისტრიბუტორი/დილერი კომპანიის მიერ, სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების გადაცემა შპს ,,კავკასუს ონლაინისათვის“ მართლზომიერად განხორციელდა თუ არა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სამაუწყებლო არხების: „СТС“, „Перец“, ,,Propoker”, ,,BBC Entertainment”, ,,BBC News”, ,,HD Life”, ,,Lider TV”,,,MTV”, ,,MTV HD”, ,,Style TV HD”, ,,Play TV”, ,,iconcerts HD”, ,,EU Armenia”, ,,Trace Sports HD”, ,,Fashion TV HD” შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე უცველელი სახით გადაცემით, შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ, დაირღვა ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი. ამასთანავე, სამაუწყებლო არხების: ,,Viasat Sport”, ,,TV 1000”, ,,TV 1000 Action”, ,,TV 1000 Русское Кино”, ,,Еврокино”, ,,Rai News”, ,,Zooпарк”, ,,Viasat Nature”, ,,Viasat Explorer”, ,,Viasat History”, ,,RU TV”, ,,Comedy TV”, ,,Детский”, ,,Иллюзион +”, ,,Motors TV”, ,,Baby TV”, ,,Nat Geo”, ,,Nat Geo Wild” რეტრანსლირების თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულებების კომისიაში წარმოუდგენლობით შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ დაირღვა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი.
კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2012 წლის 10 ოქტომბრის N10/1029-12 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5 პროცენტი აღემატება 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარს; შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ვინაიდან, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიმართ, კომისიის 2012 წლის 10 აპრილის N284/18 გადაწყვეტილებით, სანქციის სახით უკვე გამოყენებული იქნა გაფრთხილება ანალოგიური დარღვევისათვის და კომისიის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან არ გასულა ერთი წელი, შპს ,,კავკასუს ონლაინს“, ჯარიმის სახით, უნდა დაეკისროს 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი.
კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „კავკასუს ონლაინს” ამავდროულად უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: „СТС“, „Перец“, ,,Propoker”, ,,BBC Entertainment”, ,,BBC News”, ,,HD Life”, ,,Lider TV”,,,MTV”, ,,MTV HD”, ,,Style TV HD”, ,,Play TV”, ,,iconcerts HD”, ,,EU Armenia”, ,,Trace Sports HD”, ,,Fashion TV HD” არამართლზომიერი გადაცემა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 98-ე, 99-ე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-5, მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და “ბ” ქვეპუნქტის, 43-ე, 44-ე მუხლების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,კავკასუს ონლაინს“ დაეკისროს ჯარიმა 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და „ბ” ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს ,,კავკასუს ონლაინმა” წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900;
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;
- სახაზინო კოდი - 300773251
3. უზრუნველყოს შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში;
4. უზრუნველყოს შპს „კავკასუს ონლაინმა“ საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: „СТС“, „Перец“, ,,Propoker”, ,,BBC Entertainment”, ,,BBC News”, ,,HD Life”, ,,Lider TV”,,,MTV”, ,,MTV HD”, ,,Style TV HD”, ,,Play TV”, ,,iconcerts HD”, ,,EU Armenia”, ,,Trace Sports HD”, ,,Fashion TV HD” არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ჩაბარების დღიდან;
8. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);
9. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
10. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
